07:02:59     14-03-2012
იოსებ დავითაშვილი „გლეხის პასუხი“
1887 წლის 13 მარტს თელავში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი იოსებ დავითაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ყმა გლეხის შვილი იყო, ობოლი და ღატაკი, თვითნასწავლმა გლეხმა შეძლო და ბევრს აჯობა, მდიდრებისა და წარჩინებულების შვილებს, განათლებითაც, ნიჭითაც და პატრიოტიზმითაც. თანაც, ეს ყველაფერი მოახერხა თავისი საკმაოდ მოკლე ცხოვრების მანძილზე - იოსებ დავითაშვილი გარდაიცვალა 37 წლის ასაკში.
1941 წელს პოეტის ნეშტი გადაასვენეს თელავის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.
პოეტი იოსებ სიმონის ძე დავითაშვილი დაიბადა 1850 წლის 1 ივლისს სოფელ გარდატენში, ატენის ხეობაში.
მშობლები ადრე გარდაეცვალა და ისედაც ღარიბი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა. სწავლას მოწყურებული თვითგანვითარებას მისდევდა. როცა მომავალი პოეტი წამოიზარდა, დურგლობა შეისწავლა და თბილისში დასახლდა. ჯერ რუბცოვის სადურგლო ქარხანაში მუშაობდა, მერე კერძო შეკვეთებს ასრულებდა. სამუშაოს მუდმივ ძიებაში შემოიარა მთელი საქართველო, თან ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აგროვებდა.
1876 წელს იოსებ დავითაშვილმა დაიწყო მუშაობა ზეიცერის სადურგლო ქარხანაში. თუმცა 1878 წელს ქარხნის მუშების გაფიცვაში მონაწილეობისათვის სამუშაო დაკარგა.
1886 წელს გადავიდა თელავში საცხოვრებლად. მისი პირველი ლექსების კრებული "სტვირი" დაიბეჭდა 1880 წელს.
მისი შემოქმედება გამსჭვალულია პატრიოტიზმით და უბრალო, ჩაგრული ადამიანების ბედისა და ინტერესების წარმოჩენით. პოეტის უშუალო და გულწრფელმა შემოქმედებამ მის სიცოცხლეშივე მიიპყრო განათლებული და შეგნებული საზოგადოების ყურადღება. ზოგიერთი მისი ლექსი სიმღერად იქცა ("სამშობლო"; "მუშის სიმღერა"; "ბედის წყარო" და სხვა). ძალიან საინტერესოა, რომ მისი პირველი ბიოგრაფი თვით დიდი ილია გახლდათ.
გავიხსენოთ იოსებ დავითაშვილის ლექსი „გლეხის პასუხი“, რომელიც ეძღვნება გ-დაშვილს. გ. და-შვილი შეიძლება იყოს იოსების უფროსი ძმა გიგო. ლექსში ნახსენები არსენა (ოძელაშვილი).
გლეხის პასუხი
(ვუძღვნი გ. და-შვილს)
სოფლელი გლეხის შვილი ვარ,
მჭადითა გამოზრდილია,
უქუდო, ჩოხის ამარა,
ქალამნებ გაცვეთილია.
ობოლი დავრჩი დედ-მამას,
დრო მადგას გასაჭირია:
სადაცა ვარდსა დავეძებ,
იქ მხვდება ეკლის ძირია.
მამაც ამ რიგად ტანჯულა,
ვით ვიტანჯები შვილია;
თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს,
ვერ გამიღია პირია.
მე ვინ მომაცლის იმდენსა,
გლეხმა ვისწავლო ანბანი,
დავჯდე და წიგნი ვიკითხო,
გავიგო ქვეყნის ამბავი!
მიწაა ჩემი ქაღალდი,
გუთანი - ბასრი კალამი,
და მელნად ჩემგან ნაწური
ოფლი, უზომოდ ნაღვარი.
ლომას და ჭონქას ჭირიმე,
დამითესავენ ყანასა...
ხოდაბუნს ძმაში არ გავსცვლი,
დავმღერი „ოროველასა“.
ან კი რად მინდა ანბანი,
რად მინდა თქვენი დავთარი:
უნებურ მუნჯი შევქნილვარ,
ვერ მითქვამს ერთი მართალი.
დრო მოვა, წავა, გაივლის
ეს დრო, ვით ცივი ზამთარი;
არსენავ, გლეხის მოყვარევ,
გავხდები შენი ამქარი.
მაშინ გაფუჭდეს გოგია,
თუ შემეშინდეს რისამე!
ქონება მქონდეს, არ გავსცე,
ოხრად დამირჩეს ქისა მე.
თავზედ დამეცეს ცა რისხვით,
სხივი ვერ ვნახო მზისა მე;
მაღალი ღმერთი გამიწყრეს,
თუ რამ ვინდომო სხვისა მე.
1883 წელი
0