06:29:05     14-03-2012
რუსეთში ნატო-ს ბაზა იხსნება
რუსული მედიისთვის თითქმის სენსაციად იქცა კრემლის გადაწყვეტილება, ულიანოვსკში ნატო-ს ბაზა განათავსოს.
უკვე ცნობილია თავდაცვის მინისტრის მიმართვა სახელმწიფო დუმისადმი, სადაც ანატოლი სერდიუკოვი „ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის“ მიზეზებს განმარტავს. ულიანოვსკის ადგილობრივი ხელისუფლება კი აღფრთოვანებულია: „ჩვენ დიდი ხანია ამ პროექტით ვართ დაკავებული“ - განაცხადა სერგეი მოროზოვმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ალიანსი ულიანოვსკის ტერიტორიის გამოყენების სანაცვლოდ, დიდ ფულს გადაიხდის.
მართალია, თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს არ იქნება ნატო-ს სამხედრო ბაზა, მაგრამ თავისთავად, რუსეთის ტერიტორიის დათმობა ალიანსისთვის, რომელიც მოსკოვს, ლამის მტრად ჰყავს გამოცხადებული, სკანდალის ტოლფასად იქცა, ისევე როგორც, თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიოკოვის მცდელობა, დაარწმუნოს სახელმწიფო დუმის დეპუტატები ამ პროექტის საჭიროებასა და უსაფრთხოებაში.
სერდიუკოვი დეპუტატებს ალიანსთან თანამშრომლობის არგუმენტაციით მიმართავს: ეს იქნება არა სამხედრო ბაზა, არამედ ნატო-ს სატრანზიტო პუნქტი, რომელიც ალიანსს ავღანეთიდან ევროპაში ტვირთების გადასატანად სჭირდება. როგორც წერილშია ნათქვამი, ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა გამოწვეულია ავღანეთში შექმნილი სიტუაციით და რომ ყველა ტვირთი, რომელიც ულიანოვსკის ბაზაზე გაივლის, საგულდაგულოდ შემოწმდება. და რაც მთავარია, „სატრანზიტო პუნქტის შექმნა ულიანოვსკში პასუხობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოების ინტერესებს“ - ნათქვამია წერილში.
სერდიუკოვი იმითაც „იმართლებს“ თავს, რომ ნატო-რუსეთის „ურთიერთქმედება არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ ტრანსპორტის სამინისტროს ხაზით მოხდება“, თუმცა ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ ტრანსპორტის სამინისტრომ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ამ პროექტის ლოგისტიკური უზრუნველყოფა მას მოუწევს.
ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ არანაირი ეჭვები არ აქვს და არც „მოსალოდნელი საფრთხეების“ პროგნოზირებას ცდილობს, რადგან ნატო-სთვის ულიანოვსკის ტერიტორიისა და აეროდრომის დათმობა მოსკოვისთვის მომგებიან პროექტად აღიქმება და მას აქტიურად ლობირებს თვით თავდაცვის მინისტრი. დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიქტორ ზავარზინიც აღიარებს, რომ თუ რუსეთისათვის იქნება ხელსაყრელი, „ამ სცენარზე უნდა წავიდეთ“.
აღსანიშნავია, რომ ულიანოვსკში ნატო-ს ბაზის განთავსების შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირები ბოლო მომენტამდე არ ახმაურებდნენ. გაზეთმა „კომერსანტმა“ ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გაავრცელა ულიანოვსკში ნატო-ს ბაზის შექმნის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მაშინ რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ამას კატეგორიულად უარყოფდა, თავად ულიანოვსკის მთავრობის პრესსამსახურში კი თქვეს, რომ „ინფორმაცია საიდუმლოა“.
0