06:17:40     14-03-2012
ხერთვისი (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)
ხერთვისი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა ქართულ ხუროთმოძღვრებაში. მთელი ანსამბლი ისეა შერწყმული კლდესთან, რომ მას მნახველი აღტაცებაში მოჰყავს.
საუკუნეთა მანძილზე სამხრეთ საქართველოზე გამავალი მაგისტრალური გზა მტკვრის ხეობას მიჰყვებოდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ყველა ეპოქის მესვეურთ ეზრუნათ მის დაცვა-გამაგრებაზე; ამის შედეგია მრავალი ციხისა და ციხე-ქალაქის ნანგრევები, რომელნიც გაფანტულია მთელი ამ გზის გაყოლებაზე. ამ ნანგრევებში გამოირჩევა ხერთვისიც.
ხერთვისის ციხე ჯავახეთში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან მაღალ, კლდოვან მთაზეა აღმართულია. ციხის პატრონი არა მარტო ამ პუნქტის, მთელი ამ მხარის მფლობელიც იქნებოდა.
ხერთვისის ანსამბლი მრავალფეროვანია. ლეონტი მროველი მის წარმოშობას ანტიკურ ხანას მიაწერს და მას საქართველოს პირველ ქალაქთა შორის იხსენიებს, დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში. სამწუხაროდ, არაფერი ვიცით მის მომდევნო ხანაზე. ვიცით მხოლოდ, რომ შუა საუკუნეებში იქ ციხე მდგარა. დღესდღეობით შემორჩენილი ნაგებობები X-XIV საუკუნეებით თრიღდება. უფრო გვიან, XVIII აუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ხერთვისი ოსმალებს ეკავათ, იგი ისევ ქალაქად იხსენიება.
დღეისათვის მიწის ზემოთ ანტიკური ქალაქის ნანგრევები აღარ ჩანს, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნაშთები მიწის ქვეშ იმალებოდეს.
უკანასკნელ პერიოდში ციხე ორი მთავარი ნაწილისაგან შედგებოდა: ერთი იყო ციტადელი, მეორე - ციხის გალავანი. პირველი მათგანი მაღლაა, მეორე მას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს. მართალია, ციტადელი თავისთავად დიდია, მაგრამ გალავანს გაცილებით ვრცელი ფართობი უკავია. ძლიერი დაზიანების გამო არ ხერხდება გალავნის კედლების სიმაღლის დადგენა.
ციტადელს მთის ვიწრო კლდოვანი ქიმი უკავია და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. მას იცავს მაღალი, თითქმის შვეული კლდე, ხოლო იქ, სადაც ფეხის მოკიდება შეიძლება, კედელია აღმართული.
ციტადელი რამდენიმე მონაკვეთისაგან შედგება. მაღალი კედლები ქონგურებით მთავრდება. კედლებს მიჰყვება კოშკები და ბურჯები. კოშკებიდან გამოირჩევა გვიანი წარმოშობის პრიზმული კოშკი, რომელიც დასავლეთის მონაკვეთში დგას და უფრო ადრეული ხუთგვერდა კოშკი, რომელიც აღმოსავლეთის ბოლოს იცავს.
არა ჩანს, თუ როგორ იყო გადაჭრილი ციხის წყლით მომარაგების საკითხი ადრეულ საუკუნეებში. მოგვიანებით კი ციტადელის ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთზე მდინარეზე ჩასასვლელად გვირაბი მიუშენებიათ.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ხერთვისის ციხის ადრეული საუკუნეების ისტორიაზე ცოტა რამ ვიცით. შედარებით მეტი ცნობებია შემორჩენილი X-XI საუკუნეებიდან, მაგრამ ცხადია, რომ ამ სტრატეგიულად მეტად მარჯვე ადგილზე მდგარ ციხეს რთული და მშფოთვარე ცხოვრება ექნებოდა.
მოქმედი ციხე ხშირად საჭიროებს რესტავრაციას, ეპოქის შესაბამისი დამატებების მიშენებას და სხვა. კერძოდ, ხერთვისში ასეთი სამუშაო ჩაუტარებია მეფეთა-მეფის მოლარეთუხუცესს, ვინმე ზაქარიას XIV საუკუნის შუა წლებში. აწ დაკარგული ამ წარწერის მიხედვით, ზაქარიას აქ აუგია კოშკი და გალავანი.
მომდევნო საუკუნეებში ხერთვისის ციხის ისტორია უშუალოდ დაკავშირებულია სამცხე-საათაბაგოს ისტორიასთან; იგი ჯაყელი ათაბაგების საიმედო სიმაგრეს წარმოადგენდა. ცნობილია, რომ მანუჩარ II ათაბაგმა 1588 წელს ხერთვისის ციხე შაჰ-აბასს დაუთმო. უფრო გვიან, სამცხეს შეფარებულმა გიორგი სააკაძემ ჯერ ყორჩიბაშის მიერ გამოგზავნილი დიდი ჯარი სასტიკად დაამარცხა ასპინძასთან, შემდეგ კი ხერთვისი და სხვა ციხეებიც აიღო. სამწუხაროდ, ქართველთა ხმლით დაბრუნებული ეს ციხეები საქართველოს კი არ შემოუმტკიცდა, არამედ ხონთქარს გადაეცა. ამ დღიდან მოკიდებული ხერთვისში ფაშა იჯდა.
დიდი ხნის განმავლობაში ხერთვისისა და საერთოდ, თურქეთის მიერ მიტაცებული სამხრეთ საქართველოს დაბრუნების რეალური შესაძლებლობა არ დამდგარა. როგორ შეეძლო დაუძლურებულ საქართველოს ოსმალეთის იმპერიას გამკლავებოდა! იმედის ნაპერწკალმა ცოტათი გაიღვიძა XVIII საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ქართველებმა რუსეთის დახმარებით სცადეს დაკარგული მიწების დაბრუნება.
1771 წელს რუსეთით შეგულიანებულმა ერეკლე მეფემ ხონთქარს შეუტია, აიღო ხერთვისი და შიგ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა. მაგრამ ასე კარგად წამოწყებული საქმე ჩაიშალა მოკავშირეებმა თავი შეიკავეს ოპერაციის განგრძობაზე და ციხეში გარნიზონის დატოვებაზეც კი. მეფე იძულებული შეიქნა ციხე დაეტოვებინა. ერეკლემ დიდძალი ქონება წამოიდო ხერთვისიდან. მემატიანის ცნობით ,,არს იგი ხვრთვისი ქალაქი და ამის გამო აქვნდათ მრავალი სიმდიდრე".
ხერთვისის სხვა მიმდებარე მხარესთან ერთად დაბრუნება მოხდა მხოლოდ 1828 წელს. ამ დროისათვის საერთოდ ქართულმა ციხეებმა უკვე დაკარგეს თავისი ფუნქციები; ახალ ვითარებაში ძველ ციხეებს აღარ იყენებდნენ. ასეული წლების განმავლობაში მრავლის მოწმე ეს ციხე დღესაც ბევრ საიდუმლოს ინახავს თავის წიაღში.
0