12:03:39     13-03-2012
თამარ რუხაძემ „მაესტრო“ დატოვა და „მეცხრე არხთან“ სათანამშრომლოდ, GNS–ში გადადის

ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე თანამდებობიდან გადადგა. რუხაძე თავის ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ სტუდია GNS–ში გადასვლით ხსნის, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელიც თვითონ არის.
როგორც რუხაძემ მედიასთნ კომენტარისას განაცხადა, ის ტელეკომპანია „მაესტროში“ თავის მოვალეობას კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შეასრულებს. რუხაძე ამბობს, რომ მან ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო.
ჟურნალისტის თქმით, სტუდიას ახლა „დახმარება“ სჭირდება და ის თავის პროფესიულ გამოცდილებას სწორედ GNS-ს მოახმარს. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, სტუდია რამდენიმე წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა და ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურში გადაინაცვლა. GNS–ს დახმარება მაშინაც სჭირდებოდა, თუმცა რუხაძეს თავისი საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილება სტუდიაში არ მიუღია.
„პრესა.ჯი“ რამდენიმე კვირის წინ წერდა ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნანა ლეჟავას სტუდია GNS ეკატერინე ხვედელიძის ტელევიზია „მეცხრე არხთან“ ითანამშრომლებს.
ნანა ლეჟავამ, ცოტა ხნის წინ, ჯვარი დაიწერა ვოვა (ვლადიმერ) არობელიძეზე, რომელიც „ქართუ ჯგუფში“ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნეს.
სწორედ „ქართუში“ საუბრობდნენ იმაზეც, რომ ნანა ლეჟავასთანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები „მეცხრე არხთან“ თანამშრომლობის თაობაზე. მოგვიანებით ეს ინფორმაცია დადასტურდა და ლაშა შონიამ, რომელიც „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კახა ბექაურის დანიშვნამდე იმყოფებოდა, დაადასტურა.
ივანიშვილის მიერ, დამოუკიდებელი სტუდიის დაფინანსება ერთი მოტივით განხორციელდება. ნანა ლეჟავა სპეციალურად ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მოამზადებს რეპორტაჟებს. როგორც ჩანს, ამ საქმისთვის ლეჟავას გამოცდილი ჟურნალისტების დახმარება სჭირდება და რუხაძე ამისთვის კარგი კანდიდატურაა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრესა.ჯი“ „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, თამარ რუხაძეს დაუკავშირდა.
„უკაცრავად, თათბირზე ვარ და ახლა ვერცერთ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ“.
„პრესა.ჯი“: რა გახდა თქვენი „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების რეალური მიზეზი?
– მე ამ საკითხზე კომენტარი უკვე გავაკეთე. მეტი სალაპარაკო და სათქმელი არაფერი არ არის.
რუხაძის დაკავებულობის გამო, მასთან საუბრის გაგრძლებეა ვეღარ მოვახერხეთ.
მიუხედავად იმისა, რომ თამარ რუხაძემ მისი თანამდებობიდან წასვლა დამოუკიდებელი სტუდიის დახმარებით ახსნა, ჟურნალისტურ წრეებში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ლეჟავა–რუხაძის დუეტი „მეცხრე არხისთვის“ სპეციალური რეპორტაჟების მომზადებით იქნება დაკავებული. ამისთვის კი, ოლიგარქი ფულს არ დაიშურებს.
რუხაძის შემცვლელის ვინაობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
0