21:49:26     12-03-2012
„ასეთი დოზით, სხვაგან არსად ერწყმის ერთმანეთს კრიმინალი და ხელისუფლება, როგორც რუსეთში“...

ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი მეილიმ“ ნაწყვეტები გამოაქვეყნა მიმომხილველ ედვარდ ლუკასის ახალი წიგნიდან, რომელიც ძირითადად თანამედროვე რუსეთის ხელისუფლების მართვის სტილსა და დასავლეთში მის ჯაშუშურ საქმიანობას ეხება.
წიგნი გაყიდვაში 15 მარტს გამოვა.
რუსეთის სათავეში კვლავ ვლადიმერ პუტინის მოსვლის გამო, ავტორი აფრთხილებს დასავლეთის ხელისუფლებებს: ჩვენ საქმე გვაქვს ბოროტ და პარანოიალურად მოაზროვნე მტერთან…
ლუკასის აზრით, პუტინის რეჟიმი ტირანულია, დანაშაულებრივი, სისხლისმსმელი, არანაკლებად პარანოიული და მხეცური, როგორც სსრკ იყო. იმისათვის, რომ ამ რეჟიმმა ხელთ იგდოს დასავლეთის სამხედრო, საქმიანი და პოლიტიკური საიდუმლოებები, ის ჯაშუშთა არმიას იყენებს. ამ ჯაშუშებს, ლუკასის თქმით, დასავლეთში, შეიძლება ყველგან შეხვდეთ - სკოლის ჭიშკართან, ოფისში, მეზობლებში… მართალია, ხშირად სასურველ მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ შიზოიდი მმართველი, აგენტებს დასავლეთში მაინც აურაცხელი რაოდენობით გზავნის.
წიგნის ავტორი ამტკიცებს, რომ სიცრუე თანამედროვე რუსეთის ქვაკუთხედია, რადგან ქვეყანას მართავენ „საბჭოთა დროის ჯაშუშები“, იგივე „სილოვიკები“, „შეთქმულთა კრიმინალური შაიკა, რომელიც ცდილობს გამდიდრდეს“; ადგილი აქვს წარმატებული კომპანიების მიტაცებასა და ძარცვას; „ადამიანები, რომლებიც დილით მინისტრები არიან, სადილის შემდეგ კომერციული საწარმოების ხელმძღვანელებად გვევლინებიან“. ამ საწარმოების რეალური მიზანი კი ფულის გადმოქაჩვაა „ინსაიდერების კერძო მაქინაციებისათვის“.
ლუკასი ამბობს, რომ ასეთი დოზით, სხვაგან არსად ერწყმის ერთმანეთს კრიმინალი და ხელისუფლება. მისი აზრით, რუსეთის ახალ ელიტას ორი ძირითადი მახასიათებელი აქვს - სიხარბე და სურვილი, აღადგინოს რუსეთის სტატუსი მსოფლიოში. „ამ შეთქმულების ცენტრში კი „ფსბ“ დგას - სახელმწიფო სახელმწიფოში. მისი უარყოფითი გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთის საზღვრებით.“ ლუკასის აზრით, „ფსბ“-ს ხელთ არის უსაზღვრო სიმდიდრე და სახელმწიფო რესურსები.
ლუკასი „ცრუ“-ს ექს-დირექტორის ჯეიმს ვულსის სიტყვებსაც იხსენებს: თუ თქვენ ესაუბრებით რუს ტოპ-მენეჯერს, გამოწყობილს 3 ათას დოლარიან კოსტიუმში, რომელიც თავისუფლად მსჯელობს ინგლისურად, გაითვალისწინეთ: ის შეიძლება აღმოჩნდეს ტოპ-მენეჯერიც, ჯაშუშიც და ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრიც. მაგრამ ყველაზე საინტერესო ვარიანტია - როცა ის სამივე ჰიპოსტასს ითავსებს.ლუკასი ურჩევს დასავლურ სახელმწიფოებს გაამკაცრონ თავისი პოზიცია რუსეთის მიმართ, რადგან დასავლეთ საქმე აქვს „ბოროტ და პარანოიალურად მოაზროვნე მტერთან“. 0