თბილისს, 15 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრება თბილისს, 15 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრება />


  16:08:43     12-03-2012

თბილისს, 15 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრება

a16025.jpg

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, 15 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გიდო ვესტერველე ესტუმრება.

ქართული მხარის ინფორმაციით, ქვეყანას ევროპელი სტუმარი  რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. კერძოდ, ვესტერველე საქართველოში სტუმრობამდე აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა. გერმანული მხარის მოთხოვნით, იგი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.

როგორც პრესა.ჯის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ვიზიტი ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ემთხვევა.

მისი თქმით, გერმანია პირველი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და წლების მანძილზე, მასთან მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა.

„გერმანია, ტრადიციულად, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და ახლო პარტნიორია. ისტორიულად, გასათვალისწინებელია  1918-21 წლებიც“, – დასძინა დეპუტატმა.

მინაშვილის განცხადებით, გერმანელ დიპლომატთან, ქართული მხარე,   საქართველოს უსაფრთხოებასა და ნატოში ინტერგაციის საკითხს განიხილავს. ამას გარდა, შეხვედრებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

„ასევე, საუბარი იქნება ევროკავშირზეც, რადგან როგორც იცით, რამოდენიმე ძალიან ინტენსიური პროცესი მიმდინარეობს და გერმანია საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. ამას გარდა, საუბარი ვიზების გამარტივებაზეც იქნება, კერძოდ – ვიზების დიალოგზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საუბარი უვიზო მიმოსვლაზე იქნება.  ასევე,  მოლაპარაკება თავისუფალ ვაჭრობის საკითხებზეც დავიწყეთ და ვვარაუდობთ, რომ ეს მოლაპარაკება თვენახავერში დასრულდება, რაც ქართული ეკონომიკისთვის სერიოზული ბიძგი იქნება. ანუ, პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც ხაზს გაუსვამს, რომ საქართველო არის ევროპის პარტიორი და მხარდამჭერი“, – განაცხადა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება ფედერალური მინისტრის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ვესტერველე სიტყვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოვა.

0

ავტორი: