12:01:31     12-03-2012
უსუფაშვილმა და ხიდაშელმა, ივანიშვილი და ხვედელიძე დატუქსეს (ფაქტები)

მისი უჭორვილესობის კარზე ვითარება სულ უფრო იძაბება. გავლენები, ფული და ძალაუფლება - ამ სამი სიკეთისთვის, ოლიგარქის ირგვლივ შემოკრებილი პოლიტ-სუბიექტები „წელს ქვევით“ დარტყმებსაც არ ერიდებიან.
ბიძინა ივანიშვილის მართვა-მოსაწველად, სოლოლაკის სასახლეში რამდენიმე დაჯგუფება იბრძვის.
1. „რესპები“, ცოლ-ქმარ უსუფაშვილ-ხიდაშელის მეთეურობით.
2. ექსპერტი ოლიგარქების მოწველის საკითხებში, გია ხუხაშვილი, ვოლსკ-ხადურ-ოლიგარქის ნათესავების მხარდაჭერით.
3. ირაკლი ალასანია, ცოლის ნათესავებისა და ლუბა ელიაშვილის იმედით.
ხუხაშვილი ძირითადად ივანიშვილის ახლო გარემოცვას აკონტროლებს, ალასანია ტელევიზიას და ივანიშვილის საგარეო გატაცებებს კურირებს, ხიდაშელი ოლიგარქის ცოლის მეთვალყურეა, ხოლო ელიაშვილი - ახალგაზრდა „მეოცნებეებს“ „ატრენინგებს“.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქზე, დღეს, ყველაზე დიდი გავლენა გია ხუხაშვილს აქვს, „რესპი“ ცოლ-ქმარი ფარ-ხმალს არ ყრის და მზადაა არა მხოლოდ ოლიგარქის ცოლი, არამედ თვით ოლიგარქი და მისი ყველა ნაბიჯი გააკონტროლოს.
მართალია, ივანიშვილის „მეოცნებეები“ კულუარებში არც „რესპებისა“ და ქართული უშიშროების კავშირებს გამორიცხავენ, მაგრამ ფაქტი ნათელია - „ჩემი ეკა“ სამზარეულოდან ისე არ გამოვა, თუ ქალბატონ ხიდაშელს არ ჰკითხა ჭკუა.
ფაქტი პირველი: ბიძინა ვანიშვილს „ჩემი ეკას“ პოლიტიკაში ჩართვა თინა ხიდაშელმა გადააფიქრებინა - გამოუცდელია და დაიჩაგრებაო.
ფაქტი მეორე: ოლიგარქს მისი პირველი ადვოკატი, ეკა ბესელია დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა ჩამოაშორეს - ბესელიას ნუ ენდობი, საშიში და ინტრიგანი ქალიაო.
ფაქტი მესამე: მას შემდეგ, რაც „ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე ოლიგარქმა აფხაზეთს ლამის დამოუკიდებლობის სტატუსი მიანიჭა, უსუფაშვილ-ხიდაშელის დუეტმა ივანიშვილს ყური აუწია - ახლა ამის დრო არ არის, ვიდრე ასეთ სერიოზულ საკითხებს შეეხები, კონსულტაციები გამართეო.
ფაქტი მეოთხე: უსუფაშვილმა და ხიდაშელმა დატუქსა ოლიგარქის გარემოცვა, კერძოდ კი „სექსუალურად მოუმწიფებელი“ არჩილ კბილაშვილი სექსუალური საკითხების წინა პლანზე წამოწევის გამო.
ფაქტი მეხუთე: ცოლ-ქმარი ცდილობს ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხებში როგორმე „რესპი“ ლაშა ნაცვლიშვილი „შეტენოს“, რომელიც ერთ დროს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო. სავარაუდოდ, ასე უფრო დეტალურად გააკონტროლებენ ოლიგარქს.
ფაქტი მეექვსე: „დამოუკიდებელ“ ოლიგარქს „სახალხო კრებასთან“ და ნინო ბურჯანაძესთან ღია თანამშრომლობას უსუფაშვილ-ხიდაშელი უკრძალავს.
პ.ს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საჯაროდ არ ადასტურებენ იმას, რომ მათ ოლიგარქს ხუხაშვილის პარალელურად, ცოლ-ქმარი უსუფაშვილ-ხიდაშელი მართავს.
თუმცა, კულუარულ საუბრებში, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე წუხს: „თუ ასე გაგრძელდა, ბატონი ბიძინა „რესპუბლიკელების“ მიკროფონად გადაიქცევა“.
0