11:02:47     12-03-2012
გალაკტიონის „ჰიმნი ქართულ ანბანს“
რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში წავაწყდი გვერდს მესროპ მაშტოცზე, სომეხ სწავლულზე, რომელსაც მიეწერება არმენული ანბანის შექმნა. რაოდენ სამწუხაროა, რომ მსოფლიო მასშტაბით, უამრავი გამოცემაში, ენციკლოპედიაში და ა. შ. სხვადასხვა ენაზე გავრცელებულია ყალბი ცნობა, თითქოს ქართული ანბანი შექმნა სომეხმა მესროპ მაშტოცმა.
სამწუხაროდ ჩვენი სამეცნიერო საზოგადოება ვერ ახერხებს ჯეროვანი პასუხი გასცეს ამ სიყალბეს. მესროპ-მაშტოცის ცხოვრებაში, რომლის ავტორადაც კორიუნი ითვლება, ეს ცნობა ჩამატებულია უფრო გვიან, მომდევნო საუკუნეებში.
საქართველოში მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ერთნი მიიჩნევენ, რომ ქართული ანბანი შეიქმნა ქრისტიანობის მიღებამდე გაცილებით ადრე, მეორე ნაწილი მეცნიერებისა თვლის, რომ ქართული ანბანი ნაყოფია ქრისტიანული კულტურისა... მაგრამ, თვით ის მეცნიერები, რომლებსაც ქართული ანბანი მიაჩნიათ ქრისტიანობის მიღების შემდეგ შექმნილად, არ იზიარებენ „სომეხთა ღვაწლს“ ქართული ანბანის შექმნის საქმეში. მაგალითად, თამაზ გამყრელიძე ერთ ევროპელ მეცნიერს სწერდა:
„რაც შეეხება ქართული და სომხური ანბანების ურთიერთკავშირს. ის ფაქტი, რომ სომხურ ანბანს ისევე, როგორც ქართულს, თითო-თითო სიმბოლო აქვთ აფრიკატებისათვის, რა თქმა უნდა, არაფერს არ გვეუბნება გავლენების შესახებ. სალაპარაკო არ არის, რომ ძველი ქართული ანბანი და მესროპული ანბანი, როგორც დაახლოებით ერთი და იმავე ეპოქის ქრისტიანული ანბანები, ალბათ გავლენას მოახდენდნენ ერთმანეთზე, მაგრამ გავლენის მიმართულება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გაირკვეს, როცა დადგინდება ქართული ანბანის შექმნის დრო. გვაქვს კი რაიმე აშკარა საბუთი იმ დასკვნისათვის, რომ მესროპული ანბანი წინ უსწრებს ქართულს, გარდა იმ პასაჟისა კორიუნის წიგნში „მაშტოცის ცხოვრება“, რომელსაც ზოგიერთი მეცნიერი გვიანდელ ინტერპოლაციად მიიჩნევს? (ხაზი ჩვენის - გ. მ.) სამაგიეროდ გვაქვს ზოგიერთი ამის საპირისპირო საბუთი: ზოგ ქართულ ასოთსახელს გავლენა უნდა მოეხდინა სომხური ასოების სახელებზე. მაგრამ უმთავრესი საბუთი ძველი ქართული ანბანის შექმნაში მესროპული მონაწილეობის წინააღმდეგ არის ის ფაქტი, რომ პრინციპი, რომლის მიხედვითაც ანბანურ რიგში მოწესრიგებულია ქართული ბგერა-სიმბოლოები, არსებითად განსხვავდება მესროპული ანბანის პრინციპისაგან. ქართული ანბანი მჭიდროდ მიჰყვება ბერძნულ პროტოტიპს, მაშინ, როცა მესროპული მისგან მთლიანად (ტოტალურად) განსხვავდება, რადგან სომხური ანბანის ბერძნულ რიგში ჩასმულია საკუთრივ სომხური ბგერა-სიმბოლოები, რაც ჰქმნის ისეთ რიცხვულ სისტემას, რომელსაც აღარაფერი აქვს საერთო ბერძნულ სისტემასთან, ხოლო ამ უკანასკნელს მჭიდროდ და ყველა დეტალში მიჰყვება ძველი ქართული ანბანი. ამ ფაქტს ვერ შეცვლის თქვენი მტკიცება, რომ „ქართული ანბანის რიგი ისევე ესადაგება ბერძნულს, როგორც სომხური ანბანისა“.
სომხური სისტემა, ჩანს, უფრო შორსაა წასული თავისი ანბანური წყაროს შენიღბვაში, რაც კიდევ ერთი მაჩვენებელია მისი გვიანდელი ხასიათისა ძველ ქართულ ანბანთან შედარებით (ხაზი ჩვენია - გ. მ.). დამწერლობის ანბანური სისტემის შექმნის ზოგად პრინციპებზე ყველა ამ მონაცემის მიხედვით ჩვენ დავასკვნით, რომ ძველი ქართული ანბანის წარმოშობის პრობლემა უნდა გადაწყდეს სხვაგვარად და არა ისე, როგორც ამას გვთავაზობს კორიუნის საეჭვო პასაჟი“.
ახლა რაც შეეხება იმ ცნობას, რომლის მიხედვითაც ქართული ანბანი შექმნა ფარნავაზმა. ფაქტია, რომ ყველა ცნობა ფარნავაზის შესახებ დასტურდება. ზოგიერთ მკვლევარს ეგონა, რომ ფარნავაზი ლეგენდარული, გამოგონილი პიროვნება იყო, არა მარტო ქართული, არამედ სომხური წყაროებიც ადასტურებენ რომ არსებობდა ფარნავაზიანთა დინასტია (სომხური წყაროები გაუკუღმარებულად, მაგრამ მაინც). საქართველო რომ ქრისტეანობის შემოღებამდე დაყოფილი იყო მხარეებად, საერისთაოებად, ესეც ფაქტია.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებაც ფაქტია ქრისტიანობის მიღებამდეც. ყველა სახელმწიფო რომ ზრუნავს თავისი ენა აქციოს ერთადერთ ენად, ესეც აუცილებელი პირობაა („არღარა იზრახებოდა სხვა ენა“). ალექსანდრე მაკედონელისა და მისი გარდაცვალების შემდეგდროინდელ დიდ პილიტიკურ გაერთიანებებს რომ ინტერესი ჰქონდათ ცენტრალურ კავკასიაში, ანუ ქართლში, ესეც საეჭვო არ არის. ქართლში რომ აზნაურთა, დაწინაურებულთა ფენა ჩამოყალიბებული იყო, ამასაც ამტკიცებს უცხოური წყაროები. აზო რომ არსებობდა, არა მარტო ქართლის ცხოვრება გვიამბობს ამის შესახებ. ფაქტია ისიც, რომ არმაზის კერპი არსებობდა ქართლში და სხვა.
და რაც მთავარია...
ქართველმა ხალხმა მოახერხა და შექმნა სამი ანბანი (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული). ქართველებს სხვადასხვა საჭიროებისათვის, თუ სამი ეპოქისათვის, სამი ანბანის შექმნა შესძლებიათ და რაში უნდა დასჭირვებოდათ ვინმეს დამხმარება, მით უმეტეს ისეთი კაცისა, რომელმაც ქართული არ იცოდა. სომხებს კი, სხვათა შორის, მხოლოდდამხოლოდ ერთი ანბანი გააჩნიათ.
ვფიქრობ, საქმე პირიქითაა, ალბათ, სომხებმა ისარგებლეს ქართული ანბანის მოხაზულობით და შექმნეს არმენული დამწერლობა.
ივანე ჯავახიშვილმა თავისი შესანიშნავი კვლევებით დაამტკიცა, რომ ქართული ასომთავრული დამწერლობა უნდა შექმნილიყო ჩვ. წ. აღ.-მდე VII-VI საუკუნეებში.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს გვინდა გავახსენოთ გალაკტიონის შესანიშნავი ლექსი „ჰიმნი ქართულ ანბანს“. მართალი რომ არ იყოს ცნობა ჩვენი ანბანის უძველესი წარმოშობის შესახებ, ასეთი გენიალური ლექსი არ შეიქმნებოდა.
ჰიმნი ქართულ ანბანს
შენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ,
არა გუშინ გაჩნდი თვალისჩინად,
არამედ მზის ამოენთე ბრწყინვად ...
ოცდაექვსი საუკუნის წინათ...
იმ დროიდან დაწყებული დღემდე -
როს გათენდა, მზით ანთებულ ზემდეგ
სერზე აველ, მთაწმინდაზე შევდექ,
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
შენ სიძველის გმოსავს ნელი ხავსი,
ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი -
დიდის გზნებით ასე იყავ სავსე
ოცდაექვსი საუკუნის წინათ...
ცხრაას ხუთი. ოქტომბერი. ომი.
ჩემს ახლოს დგას კაცთ ახალი ტომი,
ხელთ უპყრია ლექსთა ჩვენთა ტომი -
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
მარადისი სიახლე გაქვს ორბის,
ხვეულები გრეხილების ორფის
გამშვენებდა ახლის წინამორბედს
ოცდაექვსი საუკუნის წინათ...
სევდიანის და როდესმე ობლის
გულმხურვალე, როგორც ზრუნვა მშობლის,
ხარ აღმდგენი ქალაქის და სოფლის,
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
შენით მღერდა მომღერალი ვეფხვის,
უდარებლად მცოდნე ლექსის ხერხის,
ეს შრიალი იყო მრავალ ვერხვის,
ოცდაექვსი საუკუნის წინათ...
შენ სიმები მოგაქვს ჩემი ქნარის,
შენ შეჰხარი თავისუფალ მხარეს,
შრომას ერთგულს, თავდადებულს, ცხარეს,
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
ქალიშვილი შენით მღერდა ჩონგურს,
შენ ჯერუშლელს მაშინ ჰგავდი კოკორს.
აწ სულ სხვა ხარ, არ იმგვარი, როგორც
ოცდაექვსი საუკუნის წინათ...
კვლავ გვინათე, როგორც ახლა გვინათ;
რა იყო და რაა ახალ ბრწყინვად, -
ოცდაექვსი საუკუნის წინათ,
ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.