05:57:43     12-03-2012
„აგვისტოს რვა“, აზერბაიჯანისა და მოლდოვას შემდეგ, უკრაინაშიც აკრძალეს

კრემლის დაკვეთით გადაღებული ფილმი, „აგვისტოს რვა“, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოსკოვისეული ვერსიის მიხედვით, რეჟისორმა ჯანიკ ფაიზიევმა გადაიღო, უკრაინაშიც აიკრძალა.
უკრაინული მედიის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის კულტურის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც მას საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „სვობოდამ“ და ქართულმა დიასპორამ მიმართა.
„სვობოდას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფილმი „მოძმე ქარველი ხალხის მიმართ ნაციონალურ მტრობას და სიძულვილს აჩაღებს“, რის გამოც მისი საჯარო ჩვენება უკრაინის ტერიტორიაზე დაუშვებელია.
„ფილმში შეგნებულადაა დამახინჯებული ფაქტები და საქმე გვაქვს პოლიტიზირებულ სიუჟეტთან, რომელიც ცალმხრივად აშუქებს რუსეთ-საქართველოს ომს. ამის გამო ვითხოვთ, უკრაინაში აიკრძალოს საჯარო ჩვენება კრემლის „აგიტკისა“, - ნათქვამია მიმართვაში.
სკანდალი „აგვისტოს რვა“-სთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებზეც გაგრძელდა. ინტერნეტმომხმარებლებმა პროტესტის მხარდამჭერი ჯგუფიც კი შექმნეს სახელწოდებით, „არა რუსულ პროპაგანდას, არა რუსულ სიცრუეს!“
საბოლოო ჯამში, უკრაინის კულტურის სამინისტრომ გაიზიარა მოსაზრება, რომ, როგორც ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, „მიზანი ამ ფილმისა, არის მასობრივი ცნობიერებით მანიპულირება, რათა გაათეთრონ რუსული იმპერიალიზმი საერთოდ, კერძოდ კი საქართველოში შეჭრა და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია“. ასეთი კომენტარი ორგანიზაცია „სვობოდას“ აქტივისტმა ანდრეი მიხნიკმა გააკეთა.
შედეგად, „აგვისტოს რვას“ საჯარო ჩვენება უკრაინის კინოთეატრებში აღარ შედგება, უკრაინული მედიის ცნობით, კულტურის სამინისტრომ მისი ჩვენების ლიცენზია უკვე გაიწვია.
როგორც პრესა.ჯი წერდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქვეყანა უარს ამბობს კრემლის პროპაგანდისტული შემოქმედების ტირაჟირებაზე. ცოტა ხნის წინ, ფაიზიევის ფილმს წინააღმდეგობა შეხვდა აზერბაიჯანში, სადაც facebook-ის ადგილობრივმა მომხმარებლებმა „აგვისტოს რვას“ საპრემიერო ჩვენების წინ სერიოზული კამპანია ჩაატარეს. შედეგად, კინოთეატრები იძულებულები გახდნენ უარი ეთქვათ ფილმის ჩვენებაზე. იგივე მოხდა მოლდოვას შემთხვევაშიც.
გუშინ, ამ კამპანიას ფილმის შემქმნელები გამოეხმაურნენ. ისინი წუხილს გამოთქვამენ ისიმი გამო, რომ „აგვისტოს რვას“ ვერ ნახავს დსთ-ის მაყურებელი.
„ძალიან საწყენია, რომ აკრძალვის გამო, ბევრი რიგითი მაყურებელი დსთ-ის ქვეყნებში, ვერ შეძლებს ფილმის ნახვას, ჩემთვის მნიშვნელვანი იყო, მომესმინა მათი შეფასება“ - განაცხადა ფილმის რეჟისორმა ჯანიკ ფაიზიევმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ნამუშევრის უკრაინაში აკრძალვა „პოლიტიკური საკითხია“. ის ამტკიცებს, რომ „ყველაფერ ამას, რაც ხდება, არ აქვს კავშირი ფილმთან, ეს პოლიტიკური თამაშია. აგვისტოს რვა“, ჩვენ, ქართველი ხალხისადმი დიდი პატივისცემით გავაკეთეთ.“
ქართველი ხალხისადმი „დიდი პატივისცემით“ შექმნილი სურათით, თავის დროზე აღფრთოვანდა დიმიტრი მედვედევი, რომელმაც განაცხადა, რომ ფილმმა კარგად ასახა იმ დღეების მოვლენები: „ძალიან მნიშვნელოვანი მისია ამ ფილმისა არის ის, რომ ვუჩვენოთ სიმართლე კინემატოგრაფის ენით… ჩემი აზრით, ეს გამოვიდა“ - განაცხადა მედვედევმა.
მოსკოვს, პოლიტიკურ პროპაგანდასთან ერთად, ფილმის ჩვენებით დაგეგმილი შემოსავლებიც უვარდება. როგორც ოფიციალურადაა ცნობილი, კრემლმა „აგვისტოს რვა“-ზე კოლოსალური ბიუჯეტი - 16 მილიონი დოლარი დახარჯა და გარდა იმისა, რომ თავისი პოლიტიკის პროპაგანდისათვის მას ეს უღირდა, იმის იმედიც ჰქონდა, რომ დანახარჯს კინოგაქირავებიდან ამოიღებდა…
0