12:28:23     10-03-2012
ანა კალანდაძის გარდაცვალების დღისადმი
2008 წლის 11 მარტს გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი ანა კალანდაძე. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და პუბლიცისტიკის დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, “საპატიო ნიშნის” ორი და ღირსების ორდენის კავალერი, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია "საბას" მფლობელი... ეს ჩამონათვალი ცოტაა და ვერ გადმოსცემს მისი ტალანტის ძალას...
დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს გურიაში, სოფელ ხიდისთავში. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. 1946 წელს დაასრულა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური ენების სპეციალობით.
ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1946 წელს გაზეთ “ლიტერატურასა და ხელოვნებაში” და ჟურნალ „მნათობში”.
ანა კალანდაძის ლექსების პირველი კრებული გამოვიდა 1953 წელს. კრებულმა პოპულარობა მოუტანა. შემდგომ წლებშიც ნაყოფიერად მუშაობდა და გამოსცემდა ლექსების კრებულებს, სხვადასხვა გამოცემებში ბეჭდავდა თავის ნაწარმოებებს. მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.
თვითონ ანა კალანაძე თარგმნიდა უცხოელი პოეტების, ალექსანდრე პუშკინის, სტეფან მალარმესა და სხვათა ნაწარმოებებს. აქვეყნებდა ესეებს, წერილებს. წერდა მოგონებებს.
მის ნაწარმოებებზე არა ერთმა კომპოზიტორმა დაწერა სიმღერა. კომპოზიტორმა ნოდარ მამისაშვილმა ანა კალანდაძის ლექსის ტექსტზე შექმნა თავისი მეოთხე სიმფონია, განკუთვნილი სოპრანოს, ტენორისა და ფორტეპიანოსათვის.
ანა კალანდაძის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი.
საქართველოო ლამაზო
„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?”
ღრუბლები
მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…
შემოდიოდა ჩვენში კალანდა
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...