06:57:12     09-03-2012
პუტინმა მოიტყუა, რომ სააკაშვილმა დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

იმ სახელმწიფოთა მეთაურების ჩამოთვლის დროს, რომლებმაც ვლადიმერ პუტინს 4 მარტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს, თავად პუტინმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაასახელა.
მაგრამ იქვე გაასწორა:
„არა. საქართველოდან ჯერ არ დაურეკავთ.“
როგორც ჩანს, ის მიხეილ სააკაშვილის ზარს ელოდება. ისევე როგორც, ობამას მილოცვას, რადგან თავად აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან არ უსაუბრია.
ამის გამო კი, როგორც ჩანს, გაღიზიანებულია, რადგან შურისძიება ობამაზე, იქვე სცადა, როცა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, აპირებს თუ არა მონაწილეობა მიიღოს ნატო-ს ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაში, რომელიც გაზაფხულზე ჩიკაგოში გაიმართება, პუტინმა ამაზე უპასუხა: „შევხედავთ, ჩიკაგომდე ჯერ კიდევ დიდი დროა“. ჟურნალისტის რეპლიკაზე კი, რომ „ქალაქი ცუდი არაა“, უპასუხა: „კი, ამბობენ რომ კარგია. იქ ალ კაპონე ცხოვრობდა“.
პუტინის ამ ფრაზამ ამერიკაში სკანდალი გამოწვია, რადგან მან ჩიკაგოს ცნობილი მაფიოზის ქალაქი უწოდა.
„ჩიკაგო ტრიბუნ“-ის კორესპონდენტმა, რობ მენკერმა დაწერა კიდეც სტატიაში, რომ ასეთი გამონათქვამები ამკვიდრებს წარმოდგენას ჩიკაგოზე, როგორც ქალაქზე, რომელსაც განგსტერები და ბანდიტები მართავენ. ჟურნალისტი თვლის, რომ პუტინის ასეთი უადგილო ხუმრობები გამოწვეულია იმ უამრავი ბრალდებებით, რომელიც არჩევნებში დარღვევებს უკავშირდება, და რაც მთავარია, იმასთან, რომ ჩიკაგოელმა ბარაკ ობამამ მას გაპრეზიდენტება არ მიულოცა. ამიტომ ერთი შედარება მენკერმაც მოიყვანა და განაცხადა, რომ „ეს იგივეა, რაც შეადარო პუტინი ბოქსიორ-კომუნისტს ივან დრაგოს ფილმ „როკი-4-დან“.
მილოცვებისა და მაფიოზების თემა კი სოჭშიც გაგრძელდა, სადაც ვლადიმერ პუტინს პირადად მიულოცა გაპრეზიდენტება იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ. პუტინმა, მედვედევმა და ბერლუსკონიმ სოჭის სამთო-სათხილამურო კურორტზეც გაისეირნეს და ერთ-ერთ კაფეში გამარჯვება აღნიშნეს.
0