რუსეთის პატრიარქ კირილს, შურისძიების აქტში ადანაშაულებენ რუსეთის პატრიარქ კირილს, შურისძიების აქტში ადანაშაულებენ />


  08:07:37     08-03-2012

რუსეთის პატრიარქ კირილს, შურისძიების აქტში ადანაშაულებენ

a15890.jpg

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადაში, კრემლს თავის სამსახურს სთავაზობს - წერს იტალიური გაზეთი „ლა სტამპა“. მას შემდეგ, რაც პატრიარქ კირილს წითელ მოედანზე, კრემლში საკუთარი სამუშაო კაბინეტი მოუწყვეს, რუსეთის სასულიერო და საერო ხელმძღვანელობის ისედაც ჰარმონიული ურთიერთობა, ალბათ, უფრო მეტად პროდუქტიული გახდება.

პატრიარქი, წინასაარჩევნოდაც და არჩევნების შემდეგაც, ვლადიმერ პუტინის უალტერნატივობაზე საუბრობს, მღვდლები ახალი პრეზიდენტის კეთილდღეობისთვის ლოცვებს აღავლენენ, მოსკოვის საპატრიარქო კი უკვე პოლიტიკაშიც იჭრება და ახალ ხელისუფლებას დაკვეთას აძლევს:

ეთიკური და სოციალური სფეროების ნაციონალიზაცია, წესები მიგრანტებისთვის… “უკანონო იმიგრაცია მკაცრი წესებით უნდა შეიზღუდოს. ეს სურს რუსების უმრავლესობას”, - აცხადებს მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობათა განყოფილება.

პუტინმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღო და მიგრანტებისთვის რუსულ ენაში, ისტორიასა და სამართალში გამოცდების ჩატარების შემოღებაზე გასცა ბრძანება. ეს ერთ-ერთი პირობა იქნება მოქალაქეობის მინიჭებისას.

ვლადიმერ პუტინი და პატრიარქი კირილი იზიარებენ მონოეთნიკური და მონორელიგიური რუსეთის გეგმასაც. ეკლესია პუტინს რუსეთში მართლმადიდებლობისა და რუსული ნაციის დაცვის აუცილებლობაში არწმუნებს. ბოლო დღეებში კი ეკლესიისა და კრემლის კიდევ ერთი საერთო შეხების წერტილი გამოვლინდა.

როგორც პრესა.ჯიც წერდა, 4 მარტის არჩევნებამდე მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში, პანკ-ჯგუფმა Russy Riot მკრეხელური აქცია მოაწყო. ფერად ტანსაცმელსა და ნიღბებში გამოწყობილმა გოგონებმა პირდაპირ საკურთხეველთან დაიწყეს ცეკვა და შეასრულეს სიმღერა, რომლის ტექსტიც ასეთი იყო: „ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი“.

რასაკვირველია, შესაბამისმა ორგანოებმა აქცია აღკვეთეს და ყველაფერი  ახალგაზრდების ტაძრიდან გაყრით დამთავრდა, თუმცა მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და როგორც რუსული მედია წერს, „დიდი და მკაცრი შურისძიებისთვის“ სწორედ პირადად პატრიარქმა იზრუნა. პანკ-ჯგუფის წევრები დააკავეს.

„ხელისუფლებამ ჯგუფის აქტივისტების მიმართ სცენარი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაამკაცრა, რაც ეს პატრიარქმა ითხოვა“ - უთხრა ტელეარხ „დოჟდს“ პოლიტტექნოლოგმა მარატ გელმანმა.

მისივე თქმით, „შურისძიება ხდება იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც, სხვათა შორის, არანაკლები ბრალი მიუძღვის ამ პერფომანსში, ვიდრე თავად გოგონებს. არსებობს ინფორმაცია, რომ პატრიარქმა ძალიან სთხოვა ხელისუფლებას, რათა მომხდარიყო ასეთი დიდი და მკაცრი შურისძიება“  - ამბობს გელმანი და დასძენს, რომ მღვდელმსახურმა „ამჯერად უკვე პირველ პირს მიმართა“.

შედეგად, გამოძიებაში ჩართულია გამომძიებელთა უპრეცედენტო რაოდენობა და საქმე კონტროლზე აყვანილი აქვს „უმაღლეს დონეს“.

ხმები იმის შესახებ, რომ პანკ-ჯგუფისადმი შურისძიებით უშუალოდ პატრიარქია დაკავებული, მას შემდეგ გამძაფრდა, რაც იგივე მართლმადიდებელმა მრევლმა კირილს გოგონების დაცვის თხოვნით მიმართა - თუმცაღა, თავიდან, მაცხოვრის ტაძარში ჩატარებულმა აქციამ მისი ორგანიზატორების მიმართ ძალიან ბევრი ადამიანი კრიტიკულად განაწყო.

საპატრიარქოდან შემწყნარებლური ნაბიჯი არ გადადგმულა. უკვე ასობით ხელმოწერაა შეგროვებული, რომ პატრიარქმა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე დაიწყოს ზრუნვა.

„ასეთი მოქცევა ტაძარში დაუშვებელია. მაგრამ კიდევ უფრო დაუშვებელია რეაქცია მომხდარზე - სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და უმკაცრესი გამოხმაურება მართლმადიდებელი ეკლესიისგან“ - ნათქვამია მართლმადიდებელთა ღია წერილში.

პატრიარქისა და პუტინის შეხმატკბილებამ,  ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შედეგი გამოიღო: პუტინის სულიერება არ ამაღლებულა, სამაგიეროდ, მიწიერი ვნებებით აღივსო პატრიარქი - წერენ ბლოგებში.
0

ავტორი: