ყინწვისი - ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლი ყინწვისი - ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლი />


  07:09:19     08-03-2012

ყინწვისი - ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლი

a15882.jpg

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარი მდებარეობს ქარელის რაიონში, ქარელიდან 12 კილომეტრის დაშორებით. თვით სოფელი ყინწვისი კი ძამის მარჯვენა ნაპირასაა. აქედან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, „ნიკოლოზის წყლის“ აყოლებაზე, ხეობაში, დგას სამონასტრო ანსამბლი.

კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, ასევე გალავანი და კოშკი-სამრეკლო, რომლის დომინანტს წმ. ნიკოლოზის გუმბათოვანი დიდი ტაძარი წარმოადგენს.

ყინწვისი მონოგრაფიულად არავის გამოუცია და ისტორიული თუ სხვა ხასიათის ცნობებიც მეტად მცირეა. პირველი ისტორიკოსი, რომელიც იხსენებს ყინწვისს, ვახუშტია. იგი, მაშინდელი საციციანოს აღწერისას, მოგვითხრობს: „ხვედურეთის დასავლეთით არის მონასტერი ყინწვისს, წმინდა ნიკოლოზისა, გუმბათიანი, დიდშვენიერად ნაშენი, მაღალს ადგილს ზედა; ზის წინამძღვარი“. ამ ცნობით ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ მონასტერი მოქმედია და ნაგებობები წესრიგშია. არსებული მცირეოდენი ლიტერატურა, რომელიც ძირითადად ეხება ფრესკულ მხატვრობას, გამოდგება ძეგლის დათარიღებისათვისაც.

ყინწვისის ტაძრის კედლებზე შემონახულია შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც სტილისტურად უახლოვდება ბეთანიისა და ტიმოთესუბნის მხატვრობას. ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრზე გამოსახული: თამარ მეფე, მამამისი გიორგი III და შვილი ლაშა-გიორგი, გამოსახულია ბეთანიის ეკლესიაშიც. მათ, ჩვეულებრივ, XII-XIII საუკუნეების მიჯნით ათარიღებენ. გარკვევისათვის უნდა დავძინოთ, რომ აღნიშნული ქტიტორული ჯგუფის მიხედვით არ შეიძლება ყინწვისისა და ბეთანიის საყდრების კედლების მოხატვის დროდ მივიღოთ XII საუკუნის დასასრული. უფრო მართებული იქნება, თუ მათი შექმნის მომენტად ვაღიარებთ XIII საუკუნის პირველი ათეულის ბოლო წლებს. ეს მოსაზრება ნაკარნახევია იმ გარემოებით, რომ ლაშა-გიორგი ფრესკაზე წარმოდგენილია ჭაბუკად. როგორც ვიცით, იგი დაიბადა 1192 თუ 1193 წელს, თანაც, მის გამოსახულებას 7-8 წლის მოზარდად ვერ მივიღებთ, რომ ამით ფრესკა XII საუკუნეს მივაკუთვნოთ. იგივე ლაშა-გიორგი ბერთუბნის მონასტრის ფრესკაზე უკვე წვერ-ულვაშით დამშვენებული ვაჟკაცია გამოსახული. აკადემიკოსი გ.ჩუბინიშვილი ამ ფრესკას 1207-1213 წლებით ათარიღებს.

ყინწვისის ფრესკაც ამავე ხანებში უნდა იყოს შესრულებული, რადგან ლაშა-გიორგი, უკვე თამარის „თანამოსაყდრე“ უნდა იყოს. ეს კი, როგორც ვიცით, მოხდა 1207 წელს.

თუ მივიღებთ ფრესკის აქ აღნიშნულ თარიღს, ცხადი ხდება, რომ ყინწვისის ტაძარი აგებულია XIII საუკუნის პირველ წლებში ან XII საუკუნის მიწურულში. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ყინწვისის არქიტექტურული ძეგლის შექმნის დროდ მიჩნეულ უნდა იქნეს ასეთი სახის ნაგებობის იდეის ჩასახვისა და პროექტის შექმნის მომენტი, მაშინ ეს, მშენებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უთუოდ XII საუკუნის უკანასკნელ წლებზე მიგვითითებს.

ყინწვისის ტაძარი რთული ნაგებობაა, რადგან მას გვერდებზე საკმაო რაოდენობით დარჩენია მინაშენები და დასავლეთის სტოაც გადაკეთებულია. მიუხედავად ამისა, თავდაპირველი ფორმები კარგადაა მოღწეული.

ტაძრის გეგმა ჩაწერილია გარე სწორკუთხედში და მთლიანად წაგრძელებული ნაგებობაა. საკურთხეველი აქაც, ჩვეულებრივ, სამი ნაწილისაგან შედგება. ცენტრში მოქცეულია აფსიდის ღრმა ბემით, ხოლო გვერდებზე - სადიაკვნე და სამკვეთლო. ორივე სათავსი აფსიდებით მთავრდება და თითო სარკმლით ნათდება. სადიაკვნეში სამხრეთის კედელზე დიდი თაღია, პირდაპირ კი - ნიში. იქვე, ჩრდილო-დასავლეთით კამარა გაჭრილია და ასასვლელია მეორე სართულზე. აქედან კი ვიწრო კიბით შეიძლება ასვლა გუმბათქვეშა სივრცისა და ჩრდილოეთის სათავსში. ორივე საიდუმლო ოთახი ნათდება აღმოსავლეთის პატარა სარკმლებით. ქვედა სართულის სათავსებიდან მხოლოდ სამკვეთლო უერთდება საკურთხეველს. ცენტრალურ დარბაზს კი თითოეული მათგანი უკავშირდება კარით, რომელიც შიგნიდან თაღოვანია, გარედან - არქიტრაული.

ტაძრის შიდა ცენტრალური სივრცის შემქმნელი ჯვრის ოთხი მკლავი, აღმოსავლეთის გარდა, სწორკუთხაა. ამათგან გვერდები მოკლეა, დასავლეთისა კი - გრძელი. დასავლეთის მკლავი გვერდით ნავებს ნახევარწრიული თაღებით უერთდება. თვით ნავების კამარები ნახევარწრიული მოხაზულობისაა.

გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა, ჩვეულებრივ, აფრული წესით ხდება. შემდეგ იწყება გუმბათქვეშა შვერილი კარნიზი, რომელზეც აღმართული გუმბათის ყელი ოდნავ ზემოთკენ ვიწროვდება და ზედ თორმეტი სარკმელია განლაგებული. სარკმლები ჩვეულებრივზე დაბლა მდებარეობენ.

ტაძრის შიდა სივრცის განათებას, ზემოდასახელებული გუმბათის სარკმლების გარდა, ემსახურება ქვედა ტანის სარკმლებიც. გვერდით მკლავებში სამ-სამი სარკმელია განლაგებული, ხოლო დასავლეთით - ერთი. გვერდის სარკმლებიდან ორ-ორი ქვედა რეგისტრზეა, ხოლო ზემოთ თითოა. ამათ გარდა, კიდევ თითო სარკმელია გვერდითი ნავების ცენტრში, რომელთაგან ჩრდილოეთისა ადრევე ამოუქოლიათ.

ტაძარს სამი შესასვლელი აქვს. თითო მათგანი მოთავსებულია გვერდებზე და ერთიც - დასავლეთით. გადახურვა შიგნით ტიმპანითაა, გარედან კი - არქიტრაული. ტაძრის დასავლეთი კედელი სხვებზე რთულია. ეს, ნაწილობრივ, ნაკარნახევია ამ მხარეს პატრონიკეს არსებობით. ქვედა რიგი დამუშავებულია ნიშებით, რომელთა ზედა ნაწილი გადამრგვალებული ფორმით უერთდება კედლის ძირითად სიბრტყეს. ქვემოთ ერთი კარია, ზემოთ - სამი, თითო - ყოველ ნავში. შუა კარის წინ საკმაოდ განიერი ბილიკია, რომელიც მიღებულია კედლების განსხვავების შედეგად. პატრონიკეს ცენტრალურ სივრცესთან სხვა მაკავშირებელი არ გააჩნია.

ტაძრის დასავლეთით მდებარე სტოა და პატრონიკენი თანადროულია ძეგლისა. თუმცა სამხრეთის კედელი, ჩრდილოეთის კედლისაგან განსხვავებით, ძირითად კედელთან კონსტრუქციულად არ არის შეერთებული, მაგრამ ეს მათ თანადროულობაზე საუბარს ხელს არ უშლის.

სტოა და პატრონიკენი ორსართულიანია და ტაძრის დასავლეთის კედლის მთელი სიგრძე უჭირავს. თითოეული სართული ერთი მთლიანი, დაუნაწევრებელი სადგომი ყოფილა. პირველი სართულის გრძელ სწორკუთხედს დასავლეთით სამი ღიადი ჰქონია, სამხრეთის კედელში კი - ერთი. სათავსი, გადახურვის სისტემით, სამ თანაბარ მონაკვეთადაა დაყოფილი ორი წყვილი პილასტრითა და მათზე გადამავალი თაღების მეშვეობით. თითოეულ მონაკვეთში კვადრატი იქმნება და გადახურულია ჯვარული კამარით. კამარები ეყრდნობა კუთხეებსა და კედლის თაღებს.

ამჟამად ამ სტოას დაკარგული აქვს სახე, რადგან მომდევნო თაობების მსვეურებს კედლები დაუნაწევრებიათ და სამი სადგომი გამოსულა. ესენი ერთმანეთთან კარებითაა დაკავშირებული.

სტოას თავზე მდებარე პატრონიკენიც სამ ნაწილადაა დანაწევრებული წყვილი პილასტრებითა და კამარებით. სტოას მსგავსად აქ არ არის თანატოლი მონაკვეთები. მხოლოდ განაპირა მონაკვეთებია თანატოლი და პატარა, შუა კი თითქმის სამჯერ აღემატება თითოეულ მათგანს. გადახურვა ყველგან ცილინდრული კამარებითაა, მხოლოდ ისინი სხვადასხვა მიმართულებითაა განლაგებული, თანაც ცენტრალური მაღალია და ეკლესიის პერპენდიკულარულად მდებარეობს, ხოლო განაპირები - პირიქით. განათების წყაროა ხუთი სარკმელი, თითო - ყოველ არეში. მათგან ყველაზე მაღალი და განიერი დასავლეთის კედლის ცენტრალური ყოფილა, მაგრამ შემდგომში დაუვიწროვებიათ. იმავე კედლის ორი განაპირა სარკმელიც ნახევაწრიული თაღებითაა გადახურული და თავდაპირველი ფორმით მოღწეულია. მათგან განსხვავებით, გვერდითი სარკმლების ხვრელი ოთხკუთხაა, ხოლო თაღი ისრულია, ორიგინალური გადაწყვეტით.

ეს პატრონიკე ეკლესიას უერთდება სამი კარით. სამივე კარი თითოეული მონაკვეთის ცენტრშია განლაგებული, მათგან ცენტრალური დიდია, წინ ეკლესიის დასავლეთ მკლავის მთელ სიგრძეზე ღია აივნის მსგავს ნაწილზე გადის და ჩამოსადგომად მოხერხებულია, გვერდითები კი ნაკლებადაა გამოსადეგი ამ მიზნისათვის.

მეორე სართულის ჩრდილოეთ მონაკვეთში აგურის იატაკზე რაღაცაა დაშენებული. ახლა იგი სანახევროდ დაშლილია და დანამდვილებით არ შეიძლება თქმა, თუ რა უნდა ყოფილიყო. უნდა ვიფიქროთ, რომ იქ ორი სამარხი იყო მოთავსებული გვერდიგვერდ. ცხადია ეს აკლდამა გვიანდელია.

ტაძრის აგურით ნაგები ფასადები მარტივია. აღმოსავლეთის ბრტყელი ფასადი აღმართულია ქვის სწორკუთხა ორსაფეხურიან ცოკოლზე და მთავრდება ფრონტონური გადახურვის აწეული ჯვრის მკლავითა და გვერდითი თითო ქანობიანი ნაწილებით. ჯვრის მკლავის არეში ორი მაღალი და განიერი, გეგმაში სამკუთხა, ნიშია მოთავსებული, აგურის კედლის ფონზე. მათ გარდა, მხოლოდ მაღალი და ვიწრო სარკმლების ხვრელობები მოჩანს. მათგან ორი შუა ღერძზეა განლაგებული, ერთი პატარა - ფრონტონის კეხთან ახლოს და მეორე ცენტრში, ყველაზე დიდი, განიერი და მაღალი. თითქმის იმავე დონეზე, ნიშების სიღრმეში, ვიწრო სარკმელია მოთავსებული და ორ-ორი სარკმელი, ერთ ვერტიკალზეა ასხმული. სარკმლები თაღოვანი გადახურვითაა (გარდა მარჯვენა ზედასი, რომელიც შეკეთების შედეგად, სწორხაზოვანია) და არავითარი დეკორატიული ელემენტი არ გააჩნია. ფასადს ამთავრებს უჩუქურთმო, მარტივი პროფილის ქვის კარნიზი.

ტაძრის დასავლეთის ფასადის ზედა მხარე თითქმის არ ჩანს. იგი დაფარულია წინ წამოწეული ორსართულიანი ნაწილით. ამ დაფარულ ნაწილში მოქცეულია აღმოსავლეთის ფასადის მსგავსი ფრონტონი გვერდითი ქანობებით და კედლის ცენტრში ერთი მოურთავი სარკმელი. წინ გამოწეული ნაწილი კი უფრო რთულია. აქ ძირითადად ერთი სიბრტყეა, რომელსაც ამთავრებს ცენტრში ოდნავ აწეული ფრონტონი და გვერდითი ჰორიზონტები. ფასადის ზედაპირზე ელემენტები, სართულების მიხედვით, ორ ჰორიზონტზეა განლაგებული და შიდა სამნაწილიანობა აქაც კარგად ჩანს. სტოას კედელი სამი თაღითაა დამუშავებული. მათგან შუა, მაღალი და ვიწრო, ღიაა (ქვედა ნახევარი გვიან ამოუშენებიათ). გვერდითების დაბალი და განიერი თაღები ღრმა ნიშებს ქმნის (ტაძრის ამგებს ესენიც ღიად ჰქონია დაპროექტებული, მაგრამ უშუალოდ მომდევნო პერიოდში ამოუშენებია. ამ ამოშენებულის ზედა ნაწილებში პატარა სარკმლებია დატოვებული). თაღები ნახევარწრიულია (ოდნავ ჩაწეული რელიეფით). ზემოთ, პატრონიკეს დონეზე, სამი მოზრდილი სარკმელია, გვერდებზე თანატოლი, შუაში მაღალი და განიერი (ამჟამად ისიც ამოვსებულია და პატარა სარკმელია დატოვებული).

ყინწვისის ტაძრის გვერდითი ფასადების აბრისი და გადაწყვეტაც ერთმანეთის მსგავსია. სამხრეთის ფასადის სიბრტყეზე ოთხი სარკმელი და ერთი კარია მოთავსებული. კარი მარცხენა ჰორიზონტალური მონაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილშია, ხოლო სარკმლებიდან ერთი, ვიწრო და მაღალი, ჯვრის მკლავის არის ცენტრშია. დანარჩენი სამი - ქვემოთ (ერთ ჰორიზონტზე), ორი - ჯვრის მკლავის მონაკვეთში, ხოლო ერთი მარცხენა ნაწილში. ასეთივე განლაგება მეორდება ჩრდილოეთის ფასადზე, მარჯვენა მონაკვეთის სარკმლის გამოკლებით. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი, კერძოდ, ქვის გამოყენება კედლის წყობაში. მთლიანად შენობა აგურისაა, ქვა გამოყენებულია მხოლოდ კარნიზზედა ცოკოლზე და დამატებით, ერთი რიგი მოსდევს ცოკოლს აღმოსავლეთ ფასადზე. ჩრდილოეთის ფასადზე კი ქვა ნახმარია მარჯვენა მონაკვეთში გაფანტულად.

ტაძრის ქვედა კორპუსის დამაგვირგვინებელი გუმბათის ყელი თორმეტი დეკორატიული თაღითაა დამუშავებული. თაღები ყველგან სარკმლის არეს საზღვრავენ. თაღოვანი ნიში შორს უვლის სარკმლის ღრუს. მრუდთარგა აგურით ამოყვანილი ნახევარკოლონები რთული კაპიტელებით მთავრდება. თაღები ეყრდნობა ერთ მრუდთარგა სარტყელს.

ეკლესიის მოხატულობა, როგორც აღვნიშნეთ, შესრულებულია XIII საუკუნის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. კტიტორი მოხსენიებულია სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედლის ძლიერ დაზიანებულ წარწერაში. ყველა სცენის შინაარსს თუ წმინდანის ვინაობას განმარტავს ქართული ასომთავრული წარწერები. მხოლოდ ჯვარცმის კომპოზიციაში და ნართექსში, გასასვლელი კარის წირთხლებზე, ვხვდებით ბერძნულ წარწერებს. ტაძრის გუმბათი, ოთხივე მკლავი, მკლავებშორისი სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთ სივრცის კედლები მთლიანად იყო მოხატული. დასავლეთ მკლავისა და კამარების მოხატულობის დიდი ნაწილი არ შემორჩენილა.

გუმბათში გამოსახულია ძვირფასი ქვებით შემკული ჯვარი, ქვემოთ, სარკმლების თავზე ვედრების კომპოზიციაა განვითარებული იკონოგრაფიული რედაქციით (ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი და ცხრა მთავარანგელოზი); სარკმლებს შუა ფიგურები განლაგებულია ორ რიგად: პირველ რიგში აღმოსავლეთ სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახულია მამამთავარი აბრაამი, ამავე სარკმლის სამხრეთით - წინასწარმეტყველები ელია, ზაქარია, იერემია, მალაქია, ეზეკიელი, ესაია; მეორე რიგში - წმინდანები: სოზონ, მინა, აბიბოს, პლატონ, ფლოროს, ლავროს, მუკი, ანდრია სტრატილატი, გორია, სამონა, იაკობ დაჭრილი და ონისიფორე. გუმბათის აფრებში გამოსახული მახარებლები, რომლებსაც სახარება უჭირავთ ხელში, ჩასმულია მედალიონებში, ხოლო აქეთ-იქით კი აღმოსავლეთისკენ მიბრუნებული მფრინავ ანგელოზთა ორ-ორი ფიგურაა.

საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ღვთისმშობელი მჯდომარე ოდიგიტრიას სახით, მის გარშემო ანგელოზთა ფიგურებია (ორი კონქში, ოთხი ბემის კამარაში). ბემის თაღის ცენტრში წრეში ჩახაზული ჯვარია გამოსახული, მეორე რეგისტრში ბემის კედლებზე - მოციქულთა ზიარება. აბსიდის სარკმლებს შუა ორი წმინდანია: ჩრდილოეთით - წმ. ნიკოლოზი, სამხრეთით - წმ. სილიბისტრო. მესამე რეგისტრში გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი: ჩრდილოეთით - იოანე ოქროპირი, ხარლამპი, ნიკოლოზ, კვირილე ალექსანდრიელი, გრიგოლ საკვირველმოქმედი და პეტრე ალექსანდრიელი; სამხრეთით - გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბაგრატი, ბასილი, ათანასე, გრიგოლ ნოსელი და მიტროფანე. საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე დიაკვნების ტიმონის, ტიმოთეს, ტიტეს, სტეფანეს, პარმენისა და პროქორის გამოსახულებებია. შუა სარკმლის ქვემოთ, ნიშში, მაცხოვრის წელზედა ფიგურაა. ტაძრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების სცენებია; სამხრეთ მკლავის პირველ რეგისტრში, სამხრეთის კედელზე - ხარება, აღმოსავლეთით - ღვთისმშობლის შობა, დასავლეთით - ტაძრად მიყვანება; მეორე რეგისტრში, სამხრით - ქრისტეს შობა, აღმოსავლეთით - ამაღლება, დასავლეთით - სულიწმიდის მოფენა; მესამე რეგისტრში, სამხრეთით - მკერდისა განხილვა ქრისტესი თომასაგან; აღმოსავლეთით - ღვთისმშობლის მიძინება; დასავლეთით - საიდუმლო სერობა; ჩრდილოეთის მკლავის პირველ რეგისტრში, ჩრდილოეთის კედელზე - ლაზარეს აღდგინება; აღმოსავლეთით - ნათლისღება (დასავლეთით ნალესობა ჩამოცვენილია); მეორე რეგისტრში, ჩრდილოეთით - იერუსალიმს შესვლა, აღმოსავლეთით - ჯვარცმა, დასავლეთით - ფერისცვალება; მესამე რეგისტრში, ჩრდილოეთით - დედანი მაცხოვრის საფლავთან; აღმოსავლეთით - ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, დასავლეთით - ქრისტეს დატირება.

ჩრდილოეთ მკლავის ქვედა რეგისტრებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოდგენილნი არიან ისტორიული პირები: ჩრდილოეთით - გიორგი III, თამარი და მეფისწული გიორგი ლაშა;

სამხრეთით - მწიგნობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე ეკლესიის მოდელით ხელში. აქვეა შემორჩენილი ვრცელი ისტორიული წარწერის ნაშთები. კტიტორის გვერდით გამოსახულია სამი მეომარი (უშუალოდ მის გვერდით წმ.გიორგია). ისტორიულ პირთა გამოსახულებებს შუა საუკუნეების ქართული ტრადიციის მიხედვით ყველაზე თვალსაჩინო ადგილი აქვთ დათმობილი (შესასვლელის მოპირდაპირე მხარე, ქვედა რეგისტრი).

ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე მხატვრობის ექვსი რეგისტრია. ზემოთ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი წმ. ნიკოლოზის ცხოვრების სცენები, რომლებიც გრძელდება ამავე მკლავის სამხრეთის კედელზეც. აქ გაირჩევა წმ. ნიკოლოზის მღვდლად კურთხევა, მისი მღვდელმთავრად კურთხევა და კერპების დაქცევა. დასავლეთ კედლის მეორე რეგისტრის სცენები დაზიანებულია. მესამე რეგისტრში წარმოდგენილია სამი ჭაბუკი ცეცხლის სახმილში. მომდევნო სამი რეგისტრი დათმობილი აქვს ცალკეულ წმინდანთა ფიგურებს. მ. შ. უშუალოდ პატრონიკეში შესასვლელის სამხრეთითა და ჩრდილოეთით გამოსახული წმინდანები იოანე ზედაზნელი და დავით გარეჯელია (მთელი ტანით). დანარჩენ ორ რეგისტრში, დასავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე წელზევით გამოსახულია მარტვილები (იკითხება მხოლოდ რამდენიმე წმინდანის სახელი). სამხრეთით, მეხუთე რეგისტრის მესამე ფიგურა წმ. ბარბარეა, ქვემოთ, ნართექსში, გასასვლელის ჩრდილოეთის მხარეს - წმ. კვირიკე და წმ. ივლიტა.

სამხრეთ-დასავლეთ მკლავებშორისი სივრცის კედლებზე გამოსახული იყო წმ. გიორგის ცხოვრების სცენები. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია წმ. გიორგი კირის ორმოში. აქვე, სამხრეთ კედელზე - იესეს ძელი.

სარკმლის წირთხლებზე და გუმბათქვეშა ბურჯებზე ცალკეულ წმინდანთა ფიგურებია. ასომთავრული წარწერების მიხედეით ხერხდება მხოლოდ რამდენიმე წმინდანის სახელის დადგენა. სამხრეთ მკლავის აღმოსავლეთ სარკმლის წირთხლზე გამოსახულია წმ. სვიმეონ მესვეტე, ამავე კედლის დასასვლეთ სარკმელში - წმ. კოზმა, გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთ ბურჯის აღმოსავლეთ და სამხრეთ მხარეს - წმ. მეომრები არტემი და მერკური. ყველა თაღისა თუ კამარის ცენტრში გამოსახულია წრეში ჩახაზული ჯვარი.

მოხატულობას განუმეორებელ იერს ანიჭებს ოქროსფერ და მოწითალო ოქრასთან, ღია მწვანე, ცისფრისა და თეთრ ფერებთან შეხამებული ლაჟვარდი. კონტურის დენადი ხაზი და წმინდანთა სახეების რბილი მოდელირება (ოქროსფერ ოქრას ლაქებთან შემდნარი გამჭვირვალე მწვანე ჩრდილები) შესრულების დახვეწილ ოსტატობაზე მეტყველებს. კომპოზიციები, რომლებიც იშლება მთიანი თუ არქიტექტურულ პეიზაჟის ფონზე, მონუმენტურია, ფიგურათა მოძრაობა - მშვიდი, სახის გამომეტყველება - რბილი და შთაგონებული. მოხატულობის საერთო კომპოზიციური აგება თავისუფალი და დინამიკურია, რაც დამახასიათებელია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შემუშავებული კედლის მხატვრობის სისტემისათვის.

როგორც აღვნიშნეთ, სტოა და პატრონიკენი ორსართულიანია და ტაძრის დასავლეთის კედლის მთელი სიგრძე უჭირავს. ახალ მესვეურს სტოას კედლები მოუხატვინებია და ზედ საკუთარი გამოსახულებაც დაურთავს.

აღნიშნული ქტიტორის გამოსახულება მოთავსებულია შუა ნაწილის ჩრდილო კედლის კარის მარჯვნივ. იგი დაზიანებულია წელს ქვემოთ, ზედა ნაწილი კი შედარებით კარგადაა მოღწეული. საერო ტანსაცმლიან მამაკაცს მარცხენა ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს და მიმართულია აღმოსავლეთით. იქ კი, კურთხევის პოზით, წმინდანია გამოსახული. ქტიტორის თავის მარჯვნივ სამ სტრიქონზე განლაგებულია ასომთავრული წარწერა, ისიც ნაწილობრივ დაზიანებულია და იკითხება როგორც „ფანასკერტელი ზაზა“.

ფანასკერტელთა გვარიდან სახელ „ზაზას“ რამდენიმე ატარებდა. აქ წარმოდგენილი ზაზა XV საუკუნის 60-იანი წლების მოღვაწე უნდა იყოს.

ამავე თარიღზე მიუთითებს ფრესკული მხატვრობის სტილი. თანაც უნდა დავძინოთ, რომ შემდეგი დროის ამ გვარის წარმომადგენლები, უფრო ხშირად, ფანასკერტრლ-ციციშვილებად იწერებიან.

მოხატულობის ამავე რეგისტრში, კედლის დასავლეთ მონაკვეთზე მოცემულია მოციქული პეტრე. აქვე, სტოას ჩრდილო სათავსში გასასვლელის ტიმპანში წარმოდგენილია ხატი მანდილისაი. შუა სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ, ცენტრში, სამხრეთის სათავსში გასასვლელის თავზე გამეორებულია ხატი მანდილისაი, მისგან აღმოსავლეთით გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი, წინასწარმეტყველი (ახლავს ასომთავრული ასო „დ“ ) და ეკლესიის მამა; დასავლეთით - ღვთისმშობელი და წმინდანი (ქალის ფიგურა); ქვემოთ, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია ექვსფრთედი, მეომრის ტანსაცმელში გამოწყობილი მთავარანგელოზი მიქაელი, მოციქული პეტრე გასაღებით ხელში; დასავლეთით მოციქული პავლე; ამავე სათავსში, მთავარ ტაძარში გასასვლელის ტიმპანის ორივე მხარეს, სამკუხთა მონაკვეთზე გამოსახულია წმ. დედანი.

სტოას სამხრეთ სათავსის მოხატულობის მეტი ნაწილი განკითხვის დღის კომპოზიციას ჰქონდა დათმობილი. ამ სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ წარმოდგენილია ვედრება. ქვემოთ, კედლის დასავლეთ კუთხეში შერჩენილია ჯოჯოხეთის სცენის ფრაგმენტი. ამავე სათავსის აღმოსავლეთ კედელზე ორ რეგისტრად მოცემულია წმინდანთა ჯგუფები: წმ. ქალწულნი, წმ. მღვდელმოძღვარნი და წმ. მოწამენი. ქვემოთ, თაღით შემოსაზღვრულ არეზე, ჩრდილოეთ მონაკვეთზე გამოსახულია იოანე ნათლისმცემლისა და წინასწარმეტყველ ზაქარიას წელზედა ფიგურები ერთიმეორის ქვეშ. აქვე, სამხრეთ მონაკვეთზე, წმინდანთა ფიგურების ფრაგმენტებია შერჩენილი. ამავე თაღის გვერდით, მისგან ჩრდილოეთით ორ რეგისტრად მოცემულია: ზემოთ - ანგელოზისა და წმ. პავლეს ფიგურები, ქვემოთ - ეკლესიის მამა მთელი ტანით. ამავე სათავსის ჩრდილოეთ კედელზე, ზემოთ სამი წმინდანის წელზედა ფიგურებია: ცენტრში - წმ. ბარბარე, აღმოსავლეთით წმ. ირინე; ქვემოთ, კედლის აღმ. მონაკვეთზე წარმოდგენილია წმ. გიორგი კაპადოკიელი (ჰკლავს გველეშაპს), დასავლეთით - წმ. თევდორე მთელი ტანით.

ჩრდილოეთ სათავსის მხატვრობა გაჭვარტლულია და ძნელი გასარჩევია. აღმოსავლეთ კედელზე, ზემოთ წარმოდგენილია ვედრება, ქვემოთ - წმ. მსხვერპლი და მის გარშემო ოთხი ეკლესიის მამა (თითოეული მხრიდან ორ-ორი ფიგურაა). ამავე სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ გამოსახულია ქრისტეს შობა, ქვემოთ, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე - თაღნარის ქვეშ ეკლესიის მამები მთელი ტანით. წმინდანთა კონტურები ამავე კედლის დასავლეთ მონაკვეთზეც გაირჩევა.

გასასვლელის წირთხლები, პილასტრების მხრები, თაღების სოფიტები შემკულია მცენარეული და გეომეტრიულო ორნამენტით. ნართექსის კამარებზე, შუა და სამხრეთ სათავსებში, წარმოდგენილია ანგელოზები და მჯდომარე მოციქულები. ზოგიერთ გამოსახულებას ახლავს ასომთავრული წარწერა.

სამხრეთ სათავსის სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების მოხატულობა ხასიათდება უშუალო გამომსახველობით. კოლორიტში გაბატონებულია ზურმუხტისფერი მწვანე, ღია ცისფერი, ყვითელი და თეთრი ფერები. დანარჩენი მოხატულობის მეტი ნაწილი მდარეა. ნახატი სქემატურია, ხისტი. კოლორიტი მღვრიე ფერებისგან შედგება (შავი, მანაცრისფრო-ცისფერი, ყავისფერი, ყვითელი, ვარდოსფერი, მონაცრისფრო-თეთრი).

ყინწვისის მოხატულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული და საერთოდ შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის განვითარების ისტორიისათვის.

ყინწვისის კოშკი დაზიანებულია. შემორჩენილია: ღვთისმშობლის ეკლესიის საკურთხეველი, გალავნის ნაშთი და მასში ჩართული კოშკი-სამრეკლოს ორი სართულის კედლები.

 

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა (11,2 X 4,5 მ), დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ძამის ნაპირთან, ფერდობზე. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. ნახევარწრიულ საკურთხეველში ერთი დიდი სარკმელი და ოთხი ნიშია. ეკლესიის ფასადები ნაგებია ოდნავ დამუშავებულო ქვით; სახურავი ლორფინისა ყოფილა.

ეკლესია მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის მოხატულობა, სადაც ფერადოვანი შრე გადარეცხილია და გამოსახულებათა დიდი ნაწილი კონტურების სახითაა შემონახული. მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად (რეგისტრის ხაზი მოწითალო-ყავისფერია). კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზი. ღვთისმშობელი საქართეელოში საკმაოდ გავრცელებული იკონოგრაფიული ტიპის - მჯდომარე ოდოგიტრიას სახითაა წარმოდგენილი.

ქვემოთ, მეორე რეგისტრში ოთხი სცენაა: საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით ზიარების ორი კომპოზიციაა, ხოლო ამავე რეგისტრის კიდეებში - მაცხოვრის სასწაულთა ორი სცენა: ჩრდილოეთით - ქარიშხალი ტიბერიადის ტბაზე, ხოლო სამხრეთით - იაიროსის ქალიშვილის განკურნება.

სარკმლის წირთხლებზე გამოსახულია ორი დიაკვანი - წმ. სტეფანე და წმ. პროქორე. მათი ფიგურები თაღნარითაა მოჩარჩოებული. სარკმლის თაღში მედალიონში ჩასმული ჯვარია გამოსახული.

მოხატულობოს მესამე რეგისტრში სარკმლებისაკენ სამი მეოთხედით მიბრუნებული ეკლესიის მამებია. ამავე რიგში, სარკმლის ქვემოთ, რეგისტრის ხაზით გამოყოფილ სწორკუთხა მონაკვეთზე მაცხოვრის წელზედა ფიგურა იყო.

მხატვრობის კოლორიტი ნათელია. უმთავრესად ღია მწვანე, ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-ყავისფერო და მოწითალო აგურისფერია გამოყენებული. ვხვდებით, აგრეთვე ლაჟვარდოვან-ცისფერს (ფონი, ტანსაცმელი), რაც ამ ეკლესიის მოხატულობას წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოხატულობას უახლოვებს. მსგავსება შეიმჩნევა ღვთისმშობლის გამოსახულებებშიც, რომლებიც ამ ეკლესიების საკურთხევლის კონქს ამკობს. წერის მანერა მთავარი ტაძრის მოხატულობასთან შედარებით უფრო ხაზოვანია. თავისებურია აგრეთვე საკურთხევლის მხატვრობაში სახარების სცენათა შეტანა და ქრისტეს განმეორებითი გამოსახულება ზიარების კომპოზიციაში (ზიარების ორივე სცენაში მაცხოვრის სამი ფიგურაა). მოხატულობა XIII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება.

 

მცირე ეკლესია დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთის კედელთან. აგებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში. ეკლესია დარბაზულოა (5,1 X 4,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის თლილი ქყის კვადრებით (აგური გამოყენებულია მხოლოდ ინტერიერში კარ-სარკმლის თაღებზე). შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი უსწორო მოყვანილობისაა და დარბაზის გრძივი კედლებისაგან არ არის გამოყოფილი. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო მცირე, ხოლო დასავლეთით ერთი დიდი სარკმელია (სავარაუდოა, გვიანაა გაჭრილი ან გაგანიერებულია). დარბაზის (აფსიდიანად) გადახურვა უსწორო წაკვეთილი პირამიდის მსგავსია.

ეკლესია დგას ორსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე გამოსახულია ცალმკლავა რელიეფური ჯვარი.

dzeglebi.com

0

ავტორი: