მინდია გულუა, ბიძინას დესპანია „პუწინთან“ მინდია გულუა, ბიძინას დესპანია „პუწინთან“ />


  11:37:18     07-03-2012

მინდია გულუა, ბიძინას დესპანია „პუწინთან“

a15861.jpg

რუსეთში, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოსათვის“ თავმჯდომარე და  პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსათვის“ საერთაშორისო მრჩეველი, მინდია გულუა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება.

პარტიის ვებ–გვერდზე  დაიდო მინდია გულუას ინტერვიუ. თურმე ნუ იტყვით,  რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი პუტინთან შეხვედრისას, საქართველო–რუსეთის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრებს.

როგორც ინტერვიუშია აღნიშნული, გულუა შეეცდება „რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს მშვიდობიანი გზით გაერთიანებაში დაარწმუნოს“. „ვეცდები დავარწმუნო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, რომ საჭიროა შეცვალოს მიდგომა საქართველოს მიმართ და დაგვიტოვოს ქართველებს შანსი, საქართველოს მშვიდობიანი გზით გაერთიანებისა. რუსეთმა და საქართველომ შეიძლება ყველაფერზე მოილაპარაკონ, ოღონდ არა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  ხარჯზე“ – აცხადებს  ბიზნესმენი.

 შეგახსენებთ, რომ მინდია გულია იმ პოლიტიკოსებს შორისაა, ვინც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას ღიად დაუჭირა მხარი.   გულუას მსგავსად, მილიარდერის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმა და ამისთვის „ღმერთს მადლობაც კი შესწირა“, მიხეილ ხუბუტიამ. ხუბუტიას არ ჩამორჩა ალექსანდრე ებრალიძე, რომელიც ხან ეროსი კიწმარიშვილს ავალებდა  პიარს საქართველოში და ხან რომელიმე უპარტიოდ დარჩენილ ოპოზიციონერს.

სადაც ებრალიძეა, იქაა ალექსანდრე ხომერიკიც  და გოჩა ძასოხოვიც. ბიძინა ივანიშვილს ფულის გამთეთრებლები, ხალხის „გადამგდებები“ და კრიმინალური წარსულის მქონე პირები იმედის თვალით უყურებენ და ღია მხარდაჭერას უცხადებენ.

ამიერიდან კი ისინი, ღია პოლიტიკურ მოქმედებებზე გადადიან ოლიგარქის ოცნების ასრულების უზრუნველსაყოფად. ბიძინა ივანიშვილს სჯერა, რომ პუტინის რუსეთში დემოკრატიაა და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი მომავალში, კიდევ უფრო დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩამოაყალიბებს. მინდია გულუას კიდევ უფრო ფანტასტიკური ჟანრის ფიქრები აქვს.

გულუა აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრისას მიაღწევს ფედერაციის პრეზიდენტის კეთილგანწყობის შექმნას საქართველოსადმი. „მწამს, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის და მისი დეოკუპაციის პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან თვითონაც კარგად იცის, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების მოგვარება და რუსეთის საერთაშორისო იმიჯის გამოსწორება საქართველოს დეოკუპაციის გარეშე ვერ მოხერხდება“.

გულუას ბოლომდე სჯერა, რომ პუტინი ამ ნაბიჯს გადადგამს.

შეგახსენებთ, რომ მინდია გულუა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიის „განახლებული საქართველოსთვის“ ერთ–ერთი დამფუძნებელია. გულუას არ დაუფარავს, რომ სურდა ოპოზიციური ფრონტის შექმნა, რომელსაც რადიკალებით დააკომპლექტებდა. თუმცა, ბიზნესმენს, თავის პოლიტიკურ მიზნებზე დროებით უარი ათქმევინა ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ. ე.წ. მესამე ძალის შექმნის იდეა, კვლავ ძალაში რჩება რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელსაც საქართველოშიც უჭერენ მხარს. მესამე ძალაში კი წევრებად კახა კუკავა,  ნინო ბურჯანაძე, ძმები გაჩეჩილაძეები, კოკა გუნცაძე და სხვა რადიკალები მოიაზრებიან.

გულუა, რომელიც ოპონენტი უნდა იყოს ივანიშვილის, მას მხარს ღიად უჭერს. ეჭვი იმისა, რომ გულუა ივანიშვილის დასახმარებლად დახარჯავს თავის რუსულ შესაძლებლობებს, ლოგიკურია. ამას გარდა, კრემლის მეგობარი ბიზნესმენი მინდია გულუა, ვლადიმერ პუტინს რამდენიმე თვეა არ შეხვედრია. კულუარული ინფორმაციით, გულუა სწორედ ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით სურს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა.  

0

ავტორი: