10:43:04     07-03-2012
ვლადიმერ პუტინი - ცხოველთა სასაკლაოდან ადამიანების სასაკლაომდე

ლენინი და ბრეჟნევი სიკვდილის წინ სანადიროდ წავიდნენ და ცხოველების მკვლელობით „დატკბნენ“.
რა მოვლენის წინ ინადირა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც რუსეთის ცხოველთა საზოგადოების „ვიტას“ მიერ მონადირე-მკვლელების შავ სიაშია შეყვანილი? რუსეთის მომავალი პრეზიდენტი იმ ადამიანთა შორისაა, რომლებსაც არა წესების დაცვით, არამედ მკვლელობითა და ბრაკონიერული მეთოდებით ნადირობა ანიჭებთ სიამოვნებას.
რამდენიმე ხნის წინ იტალიური გაზეთი „ლა სტამპა“ წერდა:
„ერთხელ, ზამთარში, ბერლუსკონი და ვალენტინი (საუბარია იტალიის პარლამენტის წევრზე) პუტინს აგარაკზე ეწვივნენ. სეირნობის დროს, ტყეში ვლადიმერ პუტინმა მოულოდნელად თოფი ამოიღო და ირემი მოკლა. შემდეგ გაუხსნა გულ-მკერდი და იქიდან ჯერ კიდევ მფეთქავი გული ამოიღო, რომელიც ვალენტინს გაუწოდა - მეგობრობის ნიშნად. იტალიელი გაფითრდა და გონება დაკარგა…“
ვლადიმერ პუტინს საზოგადოება „ვიტას“ შავ სიაში „საპატიო“ ადგილი ცხოველების სხვა მკვლელების - ლენინის, ბრეჟნევისა და ხრუშოვის გვერდით უკავია. სხვათა შორის, ვლადიმერ ილიჩიცა და ლეონიდ ბრეჟნევიც, როგორც ამბობენ, სიკვდილისწინა დღეებშიც აგრძელებდნენ ნადირობას. მაგალითად, ლენინი სანადიროდ სიკვდილამდე 3 დღით ადრე წავიდა, ბრეჟნევი კი გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე.
„შესაძლოა, ცხოველებისა და ფრინველების მასობრივი მკვლელობებისადმი ლენინისა და ბრეჟნევის პათოლოგიურმა და მუდმივმა ლტოლვამ, გარკვეულწილად, თავისი განვითარება ჰპოვა 20-იანი წლების წითელ ტერორსა და 80-იანი წლების ავღანეთის სასაკლაოზე?“ - წერს ცხოველთა დამცველი საზოგადოება.
რაში ჰპოვა ასახვა და გაგრძელება ცხოველთა მკვლელობებისადმი ვლადიმერ პუტინის მიდრეკილებამ?
აღმოჩნდა, რომ ეს, პირდაპირ კავშირშია 2008 წლის 8 აგვისტოსთან…
როგორც „19 rus.info“ 2008 წლის 8 აგვისტოს იუწყება:
„ვლადიმერ პუტინმა, როცა პეკინში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე მიდიოდა, გზად ტუვაში შეიარა და რესპუბლიკის მეთაურთან რიგი საკითხების განხილვის გარდა, მთის თხაზე ნადირობაც მოასწრო. დღეს კი, წერს გამოცემა, ვლადიმერ პუტინი ოლიმპიადის გახსნას ადევნებს თვალს…“
და თან საქართველოში მოწყობილ სასაკლაოზე ფიქრობს.
0