10:08:03     07-03-2012
ანა ხახუტაშვილის (ცქვიტის) „დიდედას სიზმარი“
ანა ანტონის ასული ხახუტაშვილი (ცქვიტი) დაიბადა 1886 წელს, გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხევში.
სწავლობდა სოფლის სკოლაში. ერთი წლის მერე დედამ სამთავროს მონასტერთან არსებულ ოთხკლასიან სასწავლებელში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ გადავიდა ექვსკლასიან საეპარქიო სასწავლებელში.
1902 წელს, სწავლის დამთავრებისთანავე, მუშაობა დაიწყო ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში და აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც, 1906 წელს, სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შემდეგ კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს და თან საბავშვო ჟურნალებში თანამშრომლობდა.
ანა ხახუტაშვილმა თავისი პირველი საბავშვო მოთხრობა 1907 წელს გამოაქვეყნა.
ქართველ მამულიშვილებს არ გამოჰპარვიათ მისი ნიჭი და 1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მას სტიპენდია დაუნიშნა. სტიპენდიამ ახალგაზრდა მწერალ ქალს საშუალება მისცა დაემთავრებინა ტფილისის ქალთა უმაღლესი კურსები და შესულიყო ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1916 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, მწერალი საქართველოში დაბრუნდა. მასწავლებლად მუშაობდა გორში, შემდეგ კი ტფილისის ქალთა გიმნაზიაში.
ანა ხახუტაშვილს ეკუთვნის რომანი „იოსებ ლაღიაშვილი“.
ანა ხახუტაშვილი გარდაიცვალა 1960 წელს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვცაწეთა პანთეონში.
დღეს, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ ანა ხახუტაშვილის მოთხრობა „დიდედას სიზმარი“. მოთხრობა კარგად გადმოგვცემს შვილიშვილისა და ბებიის დამოკიდებულებას, ურთიერთობას, დიდედას როლს შვილიშვილის ცხოვრებაში. შეიძლება მოთხრობა საბავშვოა, თუმცა, ზრდასრული ადამიანიც კარგად დაინახავს მწერლის ნიჭს, მის დაკვირვებას. ძალიან საინტერესოა, რომ შვილიშვილი ბავშვურ ოცნება-თამაშში და დიდედა სიზმარში ერთი და იგივეს განიცდიან - ცდილობენ ხიფათი აარიდონ ერთმანეთს.
დიდედას სიზმარი
სირბილის შემდეგ მოუსვენარ გიგლას რამდენიმე სკამი ჩაემწკრივებინა, უკან დიდედა დაესვა, თვითონ თავის სასადილო მაღალ სკამზე შესკუპებულიყო, თან ყვიროდა „აჩუ“, „აჩუ“, ვითომ ეტლს სოფლისკენ მიაქროლებდა. გიგლას იმწამს თავი მართლა მეეტლედ მიაჩნდა; ფეხმოგლეჯილი ცხენი რაშად ეჩვენებოდა და საღამოს ბინდით დაყურსული ოთახი საშიშარ გზად და მთა ტყედ წარმოედგინა.
- აჩუ, შე ოხერო, საით მიდიხარ, აჩუ! - შესძახებდა ხოლმე ზოგჯერ ოცნებით გატაცებული გიგლა და მოღერებულ შოლტს, ისედაც გვერდებშენგრეულ ცხენს, წარამარა უტყლაშუნებდა.
- დიდედა! რომ იცოდე, რა შორს მიმყევხარ, და ბევრ მგლებსა და ტურას გაჩვენებ, მაგრამ კი ნუ შეგეშინდება, ჩემი კოხტა ისე მოჰკურცხლავს, რომ... - გამოელაპარაკებოდა ხოლმე მალ-მალ მოხუცს, რომელიც მეტი ჯდომით ისე მისუსტებულიყო, რომ არაქათგამოლეულს თავი დაბლა ჩაექინდრა და თვალებს ლულავდა.
- არა შვილო, არ შემეშინდება. შენ ოღონდ ცხენები ჩქარა გარეკე, რომ დროით მეღირსოს სოფელში მისვლა, თორემ მეტი აღარ შემიძლია, მოვკვდი, გული მიწუხდება, შენმა გაზრდამ, - ეხვეწებოდა გაბეზრებული ბებერი და თან ეშმაკურად ჩაეკითხებოდა:
- მივედით განა, შვილო, ახლა კი მე ვითომ სახლში გადმოვალ, ჩემს მაგივრად შენ მეგობარ კატას ჩავაბრძანებ და თქვენ ორივე უკან დაბრუნდებით.
- რას ამბობ დიდედო, რა დროს მისვლაა, როდესაც ჯერ დიდი წყალიც არ გაგვივლია, არც შავ მთას და ყვავის ციხეს მივახლოებივართ და შენ კი გაიძახი, მივედითო, - თითქოს წყრომით უპასუხა გიგლამ, ცხენებს ჯიბრზე უფრო ხმამაღლა შეუტია და სკამებს ისეთი რახარუხი აუტეხა, რომ ჰერი გიდი! ვითომ გაფრინდა და ბებერიც შორს გაიტაცა.
რაღას იზამდა საბრალო; კარგად იცოდა, მისი დაძვრა და გიგლას გაუთავებელი ტირილი ერთი იქნებოდა; ამის გამო იჯდა უძრავად ერთ ალაგას და კალთაში მჯდომ მძინარე კატასთან ერთად საცოდავად თვალებს ლულავდა. ციხის მოგონებაზე გიგლა ისეთმა ოცნებამ გაიტაცა, რომ მოღერებული შოლტი უნებურად ძირს ჩამოუშვა, სკამს ზურგი მაგრა მიაყრდნო და მის პირდაპირ ჩამობნელებულ კუთხეს თვალები დიდხანს გაუშტერა. ოთახში იმწამს მხოლოდ კატის კრუტუნი და დიდედას მსუბუქი ფშვინვაღა ისმოდა.
- ღმერთო! რა დიდი ციხეა, რა შავად გამოიცქირება იმ უშველებელ მთიდან! აგერ მის გარშემო ყორნები რარიგ შემომწკრივებულან; ნეტა ვიცოდე, რად ეხვევიან, რა დარჩენიათ? ვინ იცის, იმ ბნელ ადგილას დათვები ვინმე მგზავრს დახვევიან და სძიძგნიან. ო... რა საშიშია, აქ კი ჩემი ცხენი მერცხალივით უნდა გავაფრინო, თორემ შეიძლება მეც დამეწიონ და დიდედა მომტაცონ. მერა რა ბნელა, რა სიჩუმეა! - აშინებდა ოცნებით გიგლა თავის თავს, მაგრამ იმავე შიშით თავს გმირად გრძნობდა, ტანში რაღაც ჟრუანტელი უვლიდა, პაწია გული თითქოს საომრად უფანცქალებდა. მის ბუტბუტზე კი დიდედას ისე ღრმად ჩასძინებოდა, რომ გულს ჩაყოლილი გიგლას სიტყვები საზარელ სიზმრად მოლანდებოდა და იყო ერთ ტანჯვასა და ვაგლახში. ხედავდა - ვითომ გიგლასთან ერთად სოფლის განაპირას, დიდ ტყეში ყვითელგულა ყვავილებს წამლისთვის კრეფდა, ვითომ უეცრად მზე შავი ღრუბლებით შემოიგრაგნა; ერთ წამს ჩამობნელდა არემარე და ატყდა საშინელი ჭექა-ქუხილი. ტყეს ხშირი ნისლი შემოეხვია; კოკისპირულმა წვიმამ მის მწვანე კალთებს ლაწალუწი აუყენა. გამოსასვლელი გზა კი აღარსად ჩანს. - ღმერთო, მიბრალე, დამიხსენ განსაცდელისაგან! გმინავს საბრალო მოხუცი, თან ცდილობს გიგლა მაგრად გულს მიიხუტოს, ტყეს ჩქარა გამოაღწიოს, მაგრამ დახე უბედურებას! ადგილიდან ვეღარ იძვრება; აღარც ხელები, აღარც ფეხები არ ემორჩილება, ასეთ ტანჯვაში იყო მოხუცი იმ დროს, როცა გიგლამ ვითომ წყალში გასვლის დროს ცხენებს ხმამაღლა „აჩუ“ დასჭყივლა, გასამხნევებლად შოლტი ღონივრად გაუტლაშუნა და მათ მაგივრად კი უცაბედად საბრალო მოხუცს გადუშხუილა.
- მიშველეთ! - შესძახა უეცრად თავზარდაცემულმა დიდედამ, რომელსაც შოლტის ტლაშუნი მეხის ჩამოვარდნად მოელანდა. სკამიდან თოფნაკრავად წამოვარდა და, ისედაც გულგახეთქილ გიგლას, როგორც გიჟი, ისე მივარდა. კალათიდან ძირს ჩამოტყორცნილი კატა ჯერ რაღაცნაირად აიყაყვა, შემდეგ დიდედას და მტირალ მის შვილიშვილს თითქოს დაცინვითა და წყრომით შეხედა და მეორე ოთახისაკენ არხეინად გასწია.
0