21:05:01     06-03-2012
ცრუობს თუ არაპროფესიონალია არჩილ კბილაშვილი?

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის იურისტ - არჩილ კბილაშვილის განცხადება, ,,ქართული ოცნების’’ პრეზენტაციაზე, საზოგადოებისთვის სამასხარაო თემად იქცა, კბილაშვილმა ახალ ამპლუაში მოსინჯა შესაძლებლობები. ოლიგარქი ამტკიცებს, რომ გუნდი პროფესიონალებით დააკომპლექტა, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებენ.
დღეს კბილაშვილი ,,თბილისი მარიოტიდან’’ არწმუნებდა საზოგადოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმებული ნუგზარ ხუციშვილის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა იურისტ კბილაშვილს მსუბუქად, რომ ვთქვათ პროფესიული შეცდომა მოუვიდა ან განზრახ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება ,,ქართული ოცნების’’ იურისტის, არჩილ კბილაშვილის მიერ სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში’’, 2012 წლის 6 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ,,ეს განცხადება საფუძველს მოკლებულია, რადგან სასამართლოს უარი არ განუცხადებია სარჩელის განხილვაზე, არამედ სასამართლოს 2012 წლის 2 მარტის განჩინებით, ნუგზარ ხუციშვილს სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ ნაცვლად სარჩელისა, მას სასამართლოსათვის უნდა მიემართა საჩივრით. ხარვეზის დადგენა არ წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმას და ამით პირს არ ეზღუდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოს განჩინებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 34² მუხლის მე-9 პუნქტით, განსაზღვრულია ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების სასარჩელო სამართალწარმოებისაგან განსხვავებული წესი. კერძოდ, ხსენებული ნორმის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ამ საქმეთა მიმართ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესი, რაც გამორიცხავს ამ კატეგორიის საქმეთა სხვა სამართალწარმოების წესით განხილვას.
ამასთან, ნუგზარ ხუციშვილს დაუბრუნდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარი, ვინაიდან საჩივრის წარდგენისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა განცხადებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სასამართლო პრაქტიკის იგნორირებას ან შეცვლას. თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იგი ნებისმიერ საქმეს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული განცხადება წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.‘’
მოკლედ ივანიშვილს და მის თანაგუნდელებს არც ტყუილი გამოსდით და ვერც პროფესიონალიზმით დაიკვეხნიან. ყოველ შემთხვევაში, დღემდე მათ განცხადებებზე ან განმარტებების გაკეთება და ბოდიშების მოხდა უწევთ, ან საზოგადოების ქილიკის მოსმენა და მოთმენა.
0