12:23:49     06-03-2012
როცა „საქინფორმს“ ეპუტინება...

რუსეთის თვალცრემლიან პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვებას, ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ულოცავს.
„საქინფორმის“ კოლექტივის მიერ მომზადებული ტექსტი „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“. სააგენტოს მიერ დაწერილი მისალოცი, 5 მარტის დილას არის დაწერილი. როგორც ჩანს, ამ სააგენტოს კოლექტივს წერის განსაკუთრებული მუზა განთიადზე მოსდის. თან, იმდენად საინტერესო, რომ ვლადიმერ პუტინი და „კაშკაშა ვარსკვლავი“ ერთმანეთის სინონიმები ჰგონია.
იმისათვის, რომ „საქინფორმის“ უნიკალური სტილი არ დავარღვიოთ, ამ მილოცვიდან ამონარიდებს გთავაზობთ.
„ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივი გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას, რომელსაც ხელი ვერ შეუშალა ვერანაირმა „ჭაობებმა“ („Болота“) და „წვიმებმა“ („Дожди“) და რომელშიც, სხვათა შორის, ეჭვი არავის ეპარებოდა – არც თქვენს მრავალრიცხოვან მომხრეებს, არც მტრებს. იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა – აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერია, ისევე, როგორც სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. რუსეთი, ყველაფერთან ერთად, იმითაც არის მდიდარი, რომ თქვენი სახით ჰყავს ლიდერი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე. რას ნიშნავს პუტინის ახალი პრეზიდენტობა და რატომ ეშინოდათ ამისი ასე რუსეთის მტრებს? პირველი პრეზიდენტობის დროს თქვენ რუსეთი დაშლისაგან იხსენით, მეორე ვადაზე – ის სტაბილური გახადეთ, ახლა კი თქვენ წინაშე არანაკლებ რთული ამოცანა დგას: რუსეთი საოცრად ბედნიერი, აყვავებული უნდა გახდეს და კვლავაც გაბრწყინდეს მსოფლიო ცის კამარაზე, როგორც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი! და თქვენ ამას გააკეთებთ. აი, ამიტომ ეშინიათ თქვენი მტრებს, როგორც არავისი სხვისი, რუსეთში, რადგანაც თქვენი მტრები – რუსეთის მტრები არიან“.
„რუსეთის ბედნიერება და აყვავება კი ყველა მოძმე ხალხის – მათ შორის, ქართველი ხალხის ბედნიერება და აყვავებაა, იმიტომ, რომ, თუ შენი ძმა და მეზობელი ბედნიერია, – შენც ბედნიერი ხარ, და – პირიქით. მრავალრიცხოვან პუბლიკაციებს („Natoხტარის სასაკლაო”, „მიხეილ სააკაშვილის სომხური ჩიხი“, „ფიქრები პუტინის დაბადების დღეს“, „საქართველოს გზა ევრაზიულ კავშირში მიდის“) ლაიტმოტივად გასდევს შემდეგი სტრიქონები: საქართველოს ბოლო ისტორიული შანსია – გამოიყენოს ახლო მომავალში პუტინის პრეზიდენტობა – ერთადერთი ადამიანის, ვისაც ქართველი ხალხის, მისი ისტორიის, რელიგიისა და კულტურის გადარჩენა შეუძლია“.
აღსანიშნავია, რომ სააგენტომ მას შემდეგ, რაც პუტინს „ხოტბა” შეასხა, საქართველოს მომავალზე ზრუნვა დაიწყო და ვლადიმერ პუტინს ქვეყნის პატრონობაც სთხოვა.
„საქართველოს გაერთიანება რუსეთთან ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ევროკავშირის მაგალითით (ახალ შენგენის ზონაში, შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, ერთიანი ვალუტითა და საბაჟო წესებით) გამოიწვევს საქართველოს გაერთიანებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ფორმულით „საქართველო+რუსეთი=საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელშიც პუტინს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, ოცნებობს რუსეთთან ძველი მეგობრობის აღდგენაზე, უვიზო რეჟიმზე, როცა თავისუფლად იქნება შესაძლებელი რუსეთში ნათესავებსა და მეგობრებთან ჩასვლა, ქართველი მეწარმეები ოცნებობენ ხელსაყრელ ბიზნესზე – რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაზე. და რაც მთავარია, – ქართველ ხალხს ენატრება ერთმორწმუნე რუსი ხალხი, რომელზე ახლობელიც არც გვყოლია ვინმე და არც გვეყოლება ოდესმე! ერთიანი რუსულ-ქართული სტრატეგიული, კულტურული, საინფორმაციო, ისტორიული და პოლიტიკური სივრცის აღორძინების საშუალება – აი, ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რის შემდეგაც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობით მოზიდული არა მხოლოდ რუსული, არამედ ევროპული და ამერიკული ინვესტიციებიც მოზღვავდება!“.
და ეს სტრიქონები პირველად სამი თვით ადრე დაიწერა, ვიდრე თქვენ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, 2011 წლის 3 ოქტომბერს სტატიაში გაზეთ „იზვესტიასათვის“ „ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისათვის – მომავალი, რომელიც დღეს იბადება“, ახალი ევრაზიული კავშირის პირველ ეტაპს – რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ერთიან ეკონომიკურ სივრცეს წარადგენდით. და დღეს ამას უკვე ვეღარაფერს დავუმატებთ“.
მაშინ, როდესაც, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რუსეთში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ და არჩევნების გაყალბებაზე აკეთებენ აქცენტს, „საქინფორმი“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობაზე საუბრობს.
„რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დავუბრუნდეთ: რა აჩვენა ამ არჩევნებმა? პირველი – რომ რუსეთში დემოკრატიაა: მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იმართებოდა მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგები, მაგრამ მედიამ ერთხელაც ვერ დააფიქსირა მომიტინგეთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ვერცერთი შემთხვევა, პოლიციისაგან ნაცემი ვერცერთი ადამიანი, სპეცრაზმელის ხელჯოხის ვერცერთი დარტყმა, ვერცერთი დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით!“.
ამას გარდა, სააგენტოს, რომელსაც ერთ კვირაში, 906 მკითხველი ჰყავს, პუტინს ქართველი ხალხის მაგივრად, „სიყვარულსაც უხსნის“.
„ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სიხარულით შეუერთდებოდა ჩვენს მოლოცვას, ამისი შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, და რომ არა შიში, რომლითაც დღეს საქართველოში მთელი ატმოსფეროა მოწამლული. თქვენ მთელი მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები იმედით შემოგყურებენ, ამიტომ – სრული სვლით წინ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, რუსეთის სასახელოდ დღეგრძელობას გისურვებთ!“.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი პირველად მაშინ გაოცდა, როცა პარლამენტის ექს სპიკერი ნინო ბურჯანაძე და ექს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ქართველი გმირების სისხლის ღვრის შემდეგ, პუტინს კრემლში ესტუმრნენ, მაგრამ „საქინფორმის“ მისალოცი, ალბათ, ქართველი ხალხისთვის “მერვე საოცრება” იქნება.
0