11:55:02     06-03-2012
კონტროლის პალატა „ქართუს“ პრემიებით დაინტერესდა

ბანკი „ქართუს“ მიერ, თანამშრომლებისათვის არაადეკვატურად მაღალი პრემიების ჩარიცხვას და შემდეგ ამ თანხის „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხვის ფაქტებს კონტროლის პალატა შეისწავლის.
როგორც კონტროლის პალატის პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, შედეგები საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ეცნობება.
შეგახსენებთ, რომ მოგელაძის უწყების მიერ, რამდენჯერმე იქნა გაფრთხილებული აღნიშნული ბანკი, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონოდა.
პირველი შემთხვევა გასულ თვეს, თებერვლის 12 რიცხვში დაფიქსირდა, როდესაც „ქართუ ბანკის“ თანამშრომელს მაღალი პრემია ჩაურიცხეს, საიდანაც 20 ათასი ლარი შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ ანგარიშზე მოხვდა.
გუშინ კი, „ქართუ“ ბანკის ერთ–ერთი განყოფილების უფროსმა ზვიად ხუხუნაშვილმა განცხადება გააკეთა. ხუხუნაშვილის თქმით, თებერვლის დასაწყისში, მის ანგარიშზე 37 ათასი ლარი გაჩნდა. ბანკის ხელმძღვანელობამ ამ თანხის „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხვა მოსთხოვა, რაზეც ზვიად ხუხუნაშვილმა უარი განაცხადა.
მანამდე კი, მსგავსი განცხადება გაავრცელა „ქართუ“ ბანკის დირექტორატის ყოფილმა წევრმა რამაზ ქურდაძემ, რომელიც ბანკში ერთ–ერთ ხელმძღვანელ პოსტზე მისი დაარსებიდან მუშაობდა. დირექტორატის წევრის განცხადებით, მას პრემიის სახით, 55 ათას 500 ლარი ჩაურიცხეს და ამ თანხის „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხვა მოსთხოვეს.
ქურდაძემ ამის გამო სამსახური დატოვა და განაცხადა, რომ არ აპირებს ამ თანხის გამოყენებას და ფულს გადმომგზავნს უკანვე გადაურიცხავს.
0