09:14:14     06-03-2012
„ციმბირის საუდის არაბეთის“ „ახალი“ მმართველი...

ახლა, როდესაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად აირჩიეს, რუსეთი ისეთივე დარჩება, როგორიც არჩევნებამდე იყო. რატომ? იმიტომ, რომ პუტინი არც არასდროს წასულა! - წერს დასავლური პრესა. ის ხელისუფლებასა და ეკონომიკას ყოველდღიურად მართავდა. მართალია, პრეზიდენტის თანამდებობა ცოტა ხნით „დაკარგა“ და დიმიტრი მედვედევმა ჩაანაცვლა ქვეყნის ხელისუფლებაში, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ფარსი იყო - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან მუდამ პუტინი იდგა.
თუ პუტინი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს, რაც კანონით ნებადართულია, მისი მმართველობის ხანა ოც წელს, ანუ საუკუნის მეოთხედს შეადგენს, რითიც სტალინს აჯობებს.
რუსეთის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება ნავთობის, ბუნებრივი აირის, ბრილიანტებისა და ნიკელის ბიზნესს. ეს ყველაფერი მინერალებია. რეალურად, რუსეთი ეს „ციმბირის საუდის არაბეთია“. მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დივერსიფიცირებული ეკონომიკა.
ამგვარი დივერსიფიკაციის ნიშნები კი არსად ჩანს. ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ რეჟიმისათვის დივერისფიკაცია მომგებიანი არ არის. რაც უფრო მრავალფეროვანი ეკონომიკა გაქვს, მით უფრო კარგავ კონტროლს მასზე. ხოლო სანამ მინერალების ეკონომიკა გაქვს, რეჟიმი მას სათუთად გააკონტროლებს.
ახლა, როდესაც პუტინი კვლავ მმართველობის მწვერვალში მოექცა, მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს როგორც ობამასთან, ასევე ევროპასთან.
პუტინის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ცბიერი ანალიტიკოსია. ის რუსულ გაზეთებში სტატიებს აქვეყნებდა, სადაც ქვეყანაში არსებულ სიტუაციას აანალიზებს თავისი პრობლემებით - პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოკრატიულობის ნაკლებობის და ასე შემდეგ.
როგორც ჩანს, არ ესმის, რომ ამ პრობლემების მთავარი მიზეზი სწორედ თავადაა - არქიტექტორია იმ თვითმმართველობითი სისტემისა, რომელიც შენდება.
შესაძლოა, როდესაც ამის გაანალიზებას დაიწყებს, ძალაუფლებაზე კონტროლს შეასუსტებს. ეს კი ძალიან საეჭვო, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელია მისი მხრიდან...
0