08:48:38     06-03-2012
პუტინი კმაყოფილია: ოპოზიციის ლიდერები დააკავა, პირველი მილოცვები კი ჩავესისა და ასადისგან მიიღო

მოსკოვის ქუჩებში, წუხელ, ოპოზიციის აქტივისტთა „წმენდა“ ჩატარდა. დაკავებულია თითქმის ყველა ლიდერი და ორგანიზატორი: ალექსანდრე ნავალნი, სერგეი უდალცოვი, ილია იაშინი, ილია პონომარიოვი.
პუშკინის მოედანზე შეკრებილ მომიტინგეთა რიგებში „ომონი“ მას შემდეგ შეიჭრა, რაც სერგეი უდალცოვმა უვადო აქციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
„არ დავიშლებით, ვიდრე პუტინი კრემლიდან არ წავა“ - ასეთი იყო ოპოზიციონერთა განცხადება. მათ კარვების გაშლის იდეაც გააჟღერეს.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შტურმი, რომლის შედეგადაც, ლიდერებთან ერთად, მთლიანობაში, 500-მდე ადამიანია დაკავებული.
ამდენივე დაკავებულის შესახებ იუწყებიან სანკტ-პეტერბურგიდანაც, სადაც ასევე ოპოზიციის აქცია ტარდებოდა. პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს ჟურნალისტი ლევ ლურიე, წარმომადგენლობითი კრების დეპუტატი ირინა კომოლოვა და პეტერბურგის სამოქალაქო ფრონტის ლიდერი ოლგა კუროსოვა.
დაკავებულია ედუარდ ლიმონოვიც, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მართავდა აქციას. პოლიციამ მომიტინგეებს მაშინვე შეუტია, როგორც კი მათ პლაკატების გაშლა დაიწყეს.
პოლიციის განყოფილებებში გაათენა არაერთმა ჟურნალისტმაც. მათ შორისაა ილია ბარაბანოვი, ვლადიმირ რომენსკი და დანილა ლინდელე.
ლუბიანკაზე ჯერ სცემეს და შემდეგ დააკავეს „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ ჟურნალისტი პაველ ნიკულინი, „რიდუსის“ კორესპონდენტი მარია კლიმოვა და „რია ნოვოსტის“ ფოტოკორესპონდენტი ანდრეი სტენინი. ასევე, „კომერსანტის“ ჟურნალისტები გლებ შელკუნოვი და არკადი ბაბჩენკო.
პუშკინის მოედანზე სცემეს „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი ალექსანდრ ბორზენკო. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ნაციონალისტები იყვნენ. თავად ბორზენკო ამბობს, რომ „ეს არ იყვნენ ისინი, ვინც ოპოზიციის აქციაზე იდგნენ“.
ამ დროს კი ვლადიმერ პუტინი მილოცვებს იღებდა მეგობრებისაგან. პირველნი მათ შორის, ვინც პრემიერს გაპრეზიდენტება მიულოცეს, იყვნენ: ჩინეთის ლიდერი, ვენესუელას პრეზიდენტი, იორდანიის მეფე, ავღანეთის პრეზიდენტი, სირიის პრეზიდენტი, ასევე იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ბელორუსის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები.
0