21:41:07     05-03-2012
დავით დარჩიაშვილი: მოსკოვი ისევ აგრესიულ რიტორიკას აგრძელებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი, რუსეთში პროცესების კიდევ უფრო დაძაბვას ელის. მისი თქმით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მოულოდნელი არავისთვის აღმოჩნდა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს არჩევნები ფარსი იქნებოდა. დარჩიაშვილი ქართულ–რუსულ ურთიერთობების პერსპექტივასაც ეხმაურება და ამბობს, რომ იმის ილუზია არ აქვს, რომ ორ ქვეყანას შორის რაღაც შეიცვლება. მოსკოვში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება რა აზრისაა? – პრესა.ჯი მმართველი გუნდის წევრს ესაუბრა:
- როგორ შეაფასებთ რუსეთის ხელისუფლების სათავეში ვლადიმერ პუტინის დაბრუნებას და მოსკოვში დაიძაბება თუ არა პროცესები?
- რუსეთში, პოლიტიკური ვითარება დაძაბულია და კიდევ უფრო დაიძაბება, ამის მიზეზი კი, არჩევნების შედეგებია. ის რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ფარსი იქნებოდა, ამასთან დაკავშირებით, ორი აზრი არ არსებობდა და ყველა არჩევნების გაყალბებას მოელოდა, მაგრამ ამავე დროს, რუსული საზოგადოების მზარდი უკმაყოფილება ჩანს, პირველ რიგში, დედაქალაქში. მკაფიო წინასწარმეტყველების გაკეთება ძნელია, ეს უკმაყოფილება რამდენად გადაიზრდება ორგანიზებულ ძალად, რომელიც ამ რეჟიმს არ მოეშვება და რომელიც ხელისუფლების შიგნით ბზარების შეიტანს, ძნელი სათქმელია. მოსკოვში პროცესები თუ დაიძაბება, მაშინ პუტინი არჩევანის წინაშე დადგება - მასობრივ რეპრესიებს მიმართოს თუ რეალურ გარდაქმნებს. ამ შემთხვევაში კი, პუტინის ძალაუფლება, მისი სურვილის გარეშე შეიზღუდება.
- რუსეთში, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე განცხადებები მოჰყვა. ამ შემთხვევაში, მსოფლიო ლიდერები პუტინს გააკრიტიკებენ?
- ვფიქრობ, რომ თანამეგობრობის შეფასებები კრიტიკული იქნება, მაგრამ კრიტიკის სიმწვავე რუსეთის საზოგადოების ქმედებებზეა დამოკიდებული. თუ რუსი ხალხი ძალიან აქტიური იქნება, მაშინ პუტინს ხალხის მოთხოვნებზე პასუხს მოსთხოვენ. ყველა კონკრეტულ დარღვევაზე, პროტესტს დასავლეთიც გამოხატავს, მაგრამ ეს შეიძლება რუსულ-ამერიკულ ურთიერთობაზე პირდაპირ არ აისახოს.
- რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, კრემლმა თბილისს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისკენ მოუწოდა. ამ საკითხზე, როგორია ქართული მხარის პოზიცია?
- რუსეთის ხელისუფლება ვითომ რევერანსებს აკეთებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ისევ აგრესიულ რიტორიკას აგრძელებს. ამის ნათელი მაგალითია, არჩევნების წინა დღეს, ქართულ პოსტზე თავდასხმა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მოსკოვის რევერანსები ფარსია და ეს შეიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორ შეიძლება დიპლომატიურ ურთიერთობაზე საუბარი, მაშინ, როცა ტერიტორიები ძალით წართმეული და ოკუპირებულია. ბუნებრივია, ჩვენ რუსულ საზოგადოებასთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ და ამისთვის საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ნაბიჯებსაც გადავდგამთ, მაგრამ იმ რეჟიმთან, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს არ ცნობს, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია.
- ვლადიმერ პუტინი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში უკან დახევას გამორიცხავს. როგორ შეაფასებთ, პუტინის ტრადიციულ რიტორიკას?
- ყაჩაღის განცხადებებზე რა უნდა გითხრათ? ამის ილუზია ვისაც ჰქონდა, რომ პუტინი თავის ნებით რამეს გადახედავს, ეს იმათ სინდისზე და გონიერებაზე იყოს.
- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან უვიზო მიმოსვლის ინიციატივით გამოვიდა. მის იდეას, რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ რუსი ხალხის მხრიდან რა გამოხმაურებას ელით?
- ყველა გონიერი რუსი, და ასეთი მილიონია, ამ ინიციატივას მიესალმება. პრეზიდენტის ეს წინადადება, რუს ხალხს კიდევ უფრო აჩვენებს, ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში, თუ ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.
0