20:07:52     05-03-2012
ოკუპირებული მოსკოვი და პუტინის რეჟიმის პირველი ემიგრანტები

მოსკოვი არათუ იცლება, არამედ კიდევ უფრო ივსება ფორმიანი და იარაღიანი ადამიანებით. 4 მარტი, შესაძლოა, სულაც არ იყოს არჩევნების მთავარი დღე. ასეთია რუსეთის პოპულარული ბლოგერების აზრი არჩევნებისშემდეგომ პროცესებთან დაკავშირებით.
„60%, რომელიც პუტინს დაუხატეს, ნიშნავს აპათიასა და ხალხის აფეთქებას. არავითარი „ფერადი რევოლუცია“… აფეთქება…“ - წერს ერიკ ლობახი.
ოპოზიცია დღეს საპროტესტო აქციისთვის, კრემლი კი პროვოკაციებისთვის ემზადება, ამიტომაც, მოსკოვის ქუჩებში დენთის სუნს გრძნობენ, მით უმეტეს, რომ სამხედროებით სავსე ქალაქმა ძალიან ბევრ ადამიანს „ოკუპირებული მოსკოვის“ შთაბეჭდილება შეუქმნა.
„არჩევნები თუ გადატრიალება? ოკუპირებულ ქალაქს გვაგონებს. კიდევ კარგი, იარაღის დემონსტრირებას არ ახდენენ. ჯერ მხოლოდ კუნთებს ათამაშებენ, თითქოს გვაფრთხილებენ: ჩვენ მზად ვართ შევაჩეროთ ნებისმიერი, ვინც შეეცდება გააპროტესტოს „ყველაზე სამართლიანი არჩევნები“ - წერს რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი ვლადიმერ ვარფოლომეევი.
„მოსკოველები გააოცეს სამხედროებისა და პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობით. 1993 წლის ოქტომბრის შემდეგ ასეთი რამ არ მახსოვს. რევოლუციის მოედანი, მთელი სივრცე… სავსეა სატვირთოებით, „ომონის“ სპეცმანქანებით, შინაგანი ჯარებით. როგორც ჩანს, მოსკოვში ჩამოიყვანეს ძერჟინსკის სახელობის დივიზიის მთელი შემადგენლობა. რაში სჭირდებათ ძალის ასეთი დემონსტრირება? ვისგან იცავენ ხელისუფლებას საართალდამცავთა სასახელო მებრძოლები?“ - წერს რუსტამ ადაგამოვი.
„საშინელი ფალსიფიკაცია, ზეწოლა დამკვირვებლებზე, კარუსელები - მხოლოდ ეს თუ უზრუნველყოფს პირველ ტურში ბოტოქსის გამარჯვებას… გულისამრევია ყოველივე ეს, ნორმალური არჩევნები შესაძლებელია მხოლოდ დეპუტინიზირებულ რუსეთში“ - წერს კრასნოიარსკელი აქტივისტი „სოლიდარნოსტიდან“ დენის სტიაჟკინი.
„რუსეთი საერთო რეჟიმის უდიდესი ბანაკია, ბანაკის ხელმძღვანელობამ შემოგთავაზათ აირჩიოთ ხელმძღვანელი იმ მოკლე სიიდან, რომელიც თავად შეადგინა. სიაში შევიდნენ მხოლოდ ბანაკის „ავტორიტეტები“, ყველა სხვა ამოშალეს, იავლინსკი, ლიმონოვი, ივაშოვი - სულ 7. თქვენ კი დარბიხართ, როგორ დააკვირდეთ კარგად არჩევნებს, რომ ის პატიოსანი იყოს“ - ეს სიტყვები კი „დრუგაია როსიას“ ლიდერს ედუარდ ლიმონოვს ეკუთვნის.
პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ უკიდურესი აღშფოთების პარალელურად, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი აპათიამაც მოიცვას.
პუტინის რეჟიმის არა პირველი და უკანასკენლი „მსხვერპლნიც“ უკვე გამოჩნდნენ: რუსეთიდან წასვლა გადაწყვიტა ანტონ კრასოვსკიმ. „ზეგ მივდივარ ქვეყნიდან“ - თქვა მან. კრასოვსკი ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. 28 დეკემბრიდან ის პროხოროვის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, ბოლოს მუშაობდა ტელეკომპანია „ნტვ“-ში და იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური შოუს „ენტევეშნიკის“ რედაქტორი და თანამწამყვანი.
წინასწარ გაექცა არჩევნებსა და მის შედეგებს ცნობილი მსახიობი „ბანდიტსკი პეტერბურგიდან“ ალექსეი სერებრიაკოვი, რომელიც ოჯახთან ერთად უკვე კანადაშია. „მინდა ჩემი შვილები იზრდებოდნენ პრონციპულად სხვა იდეოლოგასა და გარემოცვაში“ - თქვა მსახიობმა და ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოხატა შიში - „მეშინია იმის, რაც შიძლება არჩევნების მეორე დღეს მოხდეს ქვეყანაში და საერთოდ, დავიღალე იმით, რაც რუსეთში ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ვეღარ გავუძელი და გავიქეცი. საუბრობენ ხელოვნურ დასავლურ ღიმილზე, მაგამ ეს ღიმილი სჯობს გულახდილ ბოროტებას“ - აღნიშნა სერებრიაკოვმა.
მოვლენათა მძაფრიუჟეტიან განვითარებას პოლიტოლოგებიც პროგნოზირებენ. ნაციონალური სტრატეგიის საბჭოს გენერალურ დირექტორს ვალერი ხამიაკოვს ეჭვი ეპარება არჩევნების სამართლიანობაში და თვლის, რომ პროტესტი გაძლიერდება.
მისის აზრით, პროხოროვმა უნდა გამოიყენოს თავისი 7,47% იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას.
პოლიტიკური და ეკონომიკური კომუნიკაციების სააგენტოს დრექტორი დიმიტრი ორლოვი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პროტესტი რუსეთში ახლა უფრო მეტად მოიკრებს ძალას.
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი მაქსიმ გრიგორიევიც თვლის, რომ ქვეყანაში უფრო მეტი საპროტესტო აქციები გაიმართება.
ეს, როგორც ჩანს, ყველაზე კარგად ხელისუფლებამ იცის. შინაგანი ჯარებისა და პოლიციის ძალების გადახალისებული შემადგენლობა მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებში უკვე მობილიზებულია. პროპუტინისტები იცინიან, რომ დღეს დაგეგმილ მიტინგზე ოპოზიცია რამდენიმე ათას კაცს თუ მოაგროვებს, თუმცა მათ წინააღმდეგ 12 ათასი ფორმიანი უკვე გამზადებულია. 0