ვასილ ჭყოიძე: პუტინის ლეგიტიმურობა და პრესტიჟი ნულს უტოლდება ვასილ ჭყოიძე: პუტინის ლეგიტიმურობა და პრესტიჟი ნულს უტოლდება />


  17:38:59     05-03-2012

ვასილ ჭყოიძე: პუტინის ლეგიტიმურობა და პრესტიჟი ნულს უტოლდება

a15796.jpg

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დიდად არ აწუხებს, რადგან მისი მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა. პოლიტოლოგის შეფასებით, რუსულ საზოგადოებაში გაჩენილია  პერსპექტივის არარსებობის მძიმე განცდა, რამაც შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს. რაც შეეხება ქართულ–რუსული ურთიერთობის მომავალს, ჭყოიძე ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის, მანამ არ შეიცვლება არაფერი, სანამ მოსკოვი, ოკუპირებული ტერიტოროების „დამოუკიდებლობას“ უკან არ წაიღებს. რუსეთში, რა პროცესების განვითარებაა მოსალოდნელი? – პრესა.ჯი–ს კითხვებს  ვასილ ჭყოიძე პასუხობს:

- როგორ შეაფასებთ, რუსეთში მიმდინარე პროცესებს?

- რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნები ფალსიფიკაციისა და ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარდა. ევროპელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ შედეგების გაყალბების მიუხედავად, პუტინმა არჩევნები მოსკოვში მაინც წააგო. ყოველ შემთხვევაში, პუტინმა პირველი ტური ვერ მოიგო. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო არენაზე, პუტინს ამ არჩევნების ლეგიტიმაცია, აღიარება გაუჭირდება და ალბათ, ამას ოპოზიციის პროტესტიც მოჰყვება.  ფაქტია, რომ ასობით დამკვირვებელს დევნიდნენ და არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება, ერთსა და იმავე პიროვნებას რამდენჯერმე შეეძლო. როგორც ჩანს, პუტინს დარღვევები და არჩევნების ლეგიტიმურობა დიდად არ აწუხებს, რადგან მისი მიზანია, ხელისუფლების შენარჩუნება და ავტორიტარული ვერტიკალის ხელიდან არგაშვება, რომელიც მას გააჩნია. მგონია, რომ პუტინი რეფორმების გატარების ნაცვლად, ხალხის დაშინებას დაიწყებს. რუსეთში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ რთულია და არცთუ ისე უხიფათო.

- რუსეთში, საპროტესტო მუხტის აწევა მოსალოდნელია?

- მოსკოვში, ოპოზიციური მუხტი ძლიერია, მაგრამ საპროტესტო გამოსვლები რამდენად გაძლიერდება ამისი თქმა ძნელია, თუმცა, ფაქტია, რომ რუსულ საზოგადოებაში გაჩენილია  პერსპექტივის არარსებობის მძიმე განცდა, რამაც შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს.

- რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, რაიმე შეიცვლება?

- თუ რუსეთში საპროტესტო მუხტი გაიზრდება, პუტინის ხელისუფლებაში დარჩენა ნაკლებად არის მოსალოდნელი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ორ ქვეყნის ურთიერთობაში  რაიმე სერიოზული ცვლილება არ მოხდება. ამას გარდა, პუტინი რუსეთს იმდენად დაასუსტებს, რომ ძალა აღარ ეყოფა ოკუპაცია გააგრძელოს. რაც შეეხება პუტინის პოლიტიკის ცვლას, ეს გამორიცხულია, რადგან მასში კეთილი ნება არ გაიღვიძებს.

- პრეზიდენტმიხეილ სააკაშვილი რუსეთთან უვიზო მიმოსვლის ინიციატივით გამოვიდა. მის იდეას, რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა და პარალელურად, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შეთავაზება. კრემლის ინიციატივის მიღმა, რა ფანდი იმალებოდა?

- მოსკოვი შეეცადა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა - უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაეფარა და ამის გამო, პროპაგანდისტური ნაბიჯი გადადგეს, რომელიც მალე გაიშიფრება. რუსეთი იძულებული იყო, საქართველოს რეალურ ინიციატივას გამოხმაურებოდა, რადგან რუსებს რომ არ ეპასუხათ, ეს მათთვის წამგებიანი იქნებოდა, მაგრამ მათ დემაგოგიურად გვიპასუხეს. ყველამ იცის, რომ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება შესაძლებელი მას შემდეგ იქნება, რაც რუსეთი არასამართლიან გადაწყვეტილებას - სეპარატისტთა ე.წ. დამოუკიდებლობას უკან წაიღებს. უნდა ითქვას, რომ  საქართველოს პრეზიდენტმა არა მხოლოდ განაცხადება გააკეთა, არამედ მეორე დღეს, უვიზო რეჟიმის განხორციელება რეალურად დაიწყო. 

- საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო, საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინს გააკრიტიკებს? 

- ნეგატიური შეფასებები, განსაკუთრებით, ეუთოსა და ევროსაბჭოს  მხრიდან იქნება და პუტინის ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დადგება, მაგრამ შეიძლება ამ ორგანიზაციებმა, საბოლოოდ რუსეთთან ურთიერთობა არ გაწყვიტონ.  ფაქტია, რომ პუტინის ლეგიტიმურობა და პრესტიჟი ნულს უტოლდება. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო არენაზე, პუტინთან საუბარი უფრო მძაფრი ფორმებით წარიმართება, ვიდრე ეს იყო მაშინ, როცა ის მეორე ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა. 

0

ავტორი: