რაფიელ ერისთავის „დედაენა“ (გარდაცვალების დღისადმი) რაფიელ ერისთავის „დედაენა“ (გარდაცვალების დღისადმი) />


  12:04:23     05-03-2012

რაფიელ ერისთავის „დედაენა“ (გარდაცვალების დღისადმი)

a15783.jpg

1901 წლის 4 მარტს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ დავითის ძე ერისთავი.

1999 წლიდან ავადმყოფობდა. 1901 წლის იანვარში რაფიელ ერისთავის  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და 4 მარტს იგი გარდაიცვალა.

რაფიელ ერისთავის დაკრძალვას ზღვა ხალხი დაეწრო. ერისკაცის ნეშტი თელავიდან სოფელ ქისტაურში წაასვენეს. პროცესიას წინ მიუძღოდნენ ძაძებით მოსილი ხევსური ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი იყო ღვიით, დაფნითა და სუროთი. შუამთაში, იყალთოში, ალავერდში ზარები რეკდნენ. პოეტი უკანასკნელად დაიტირეს ქისტაურში და იქვე დაკრძალეს (1938 წელს რაფიელ ერისთავის ნეშტი თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გადაასვენეს).

თედო სახოკია მასზე წერდა: “ალალი გულის პატრონი იყო,  უეშმაკო, ადამიანს ადვილად ენდობოდა, ეს წუთისოფელი ისე მოჭამა, რომ ერთი განაწყენებული არა ჰყოლია”.

კეთილშობილმა და პატიოსანმა მამულიშვილმა ნაწარმოებებიც შესანიშნავი დაგვიტოვა, რისი მეშვეობითაც სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა ქართველთა გულში. გავიხსენოთ მისი შეასანიშნავი ლექსი „დედა ენა“, რომელიც 1881 წელს დაიწერა. ეს ნაწარმოები არტურ ლაისტს, რაფიელ ერისთავის დიდად პატივისმცემელს, გერმანულად უთარგმნია.

მოკლედ გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია:

დიდი მამულიშვილი დაიბადა 1824 წლის 9 აპრილს სოფელ ქვემო ჭალაში (ახლანდელი კასპის რაიონი). ის ეკუთვნოდა კახეთში გადასახლებულ არაგვის ერისთავების შტოს. ბავშვობა გაატარა კახეთში, სოფელ ქისტაურში. წერა-კითხვა დედამ ასწავლა. რუსული ენის შესასწავლად საგანგებოდ მოუწვევიათ მასწავლებელი.

7 წლისა თელავის სამაზრო სასწავლებელში მიაბარეს. მაგრამ მამას არ მოეწონა, რომ იქ ქართულ ენას უგულებელყოფდნენ და 1831 წელს რაფიელი შუამთის მონასტრის წინამძღვრისათვის, ფილადელფოს კიკნაძისთვის მიუბარებია.

საქართველოს თავისუფლების იდეისადმი ფილადელფოს კიკნაძეს როგორი დამიკიდებულებაც ჰქონდა, ყველამ იცის. დავით ერისთავმა, ალბათ, საგანგებოდ გააკეთა არჩევანი ფილადელფოს ბერზე.

1832 წელს რუსებმა მამა ფილადელფოსი დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. 1833 წელს რაფიელ ერისთავი მშობლებმა გორში, ხოლო 1836 თბილისში გადაიყვანეს სასწავლებლად. 1845 წელს წარმატებით დაამთავრა გიმნაზია.

ოჯახის ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშეთ-ფშავ-ხევსურეთში. 1849 წელს ამიერკავკასიის მთავარ სამმართველოში გადმოიყვანეს კანცელარიაში სამუშაოდ. 1852 წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.

საზოგადოებრივ საქმიანობაში გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება. დაახლოებული იყო ცნობილ ქართველოლოგთან, აკადემიკოს მარი ბროსესთან. მათი მიმოწერა წარმოგვიდგენს იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების მიმდინარეობას.

1852 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა ახალგაზრდა რაფიელ ერისთავის ლექსები: "დარიგება" და "ყვავილს". გაზეთ "კავკაზში" იბეჭდებოდა მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები.

1855 წელს გადაიყვანეს ქუთაისში სამუშაოდ. 1857-1867 წლებში მუშაობდა ზუგდიდის მაზრის უფროსად.   1889 წლიდან 1996 წლამდე კავკასიის საცენზურო კომიტეტში მუშაობდა ცენზორის თანამდებობაზე. შემდეგ თავი დაანება მუშაობას და კახეთში დასახლდა.

რაფიელ ერისთავი იყო დიდი პატრიოტი. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პატრიოტულ თემატიკას. მისმა ლექსმა "სამშობლო ხევსურისა" დიდი პოპულარობა მოიპოვა. რაფიელ ერისთავი ზრუნავდა სოფელ ქისტაურზე. აქვე წერა-კითხის გამავრცელებელ საზოგადოებას  დაწყებითი სკოლა დაარსებინა. 

მისი სახლი სოფელ ქისტაურში ლიტერატურის მოყვარულთა თავშეყრის ადგილი იყო. პოეტს სტუმრობდნენ მთელი საქართველოდან, მათ შორის, ილია, ვაჟა-ფშაველა და სხვები.

რაფიელ ერისთავის დამსახურებების შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება. როგორც მოღვაწემ, დრამატურგმა, ლექსიკოლოგმა, ისტორიკოსმა, ეთნოგრაფმა დიდი სამსახური გაუწია სამშობლოს.

ხალხის მხრიდან რაფიელ ერისთავის პოეზიის დიდი სიყვარულის სათავე ხალხურ პოეზიასთან მისი შემოქმედების სიახლოვე და ხალხური პოეზიის მელოდიური რიტმების გათავისება უნდა იყოს. მანამდეც ჩანს ამგვარი ტენდენცია ქართულ პოეზიაში, მაგრამ რაფიელ ერისთავის პოეზიის საყოველთაო დაფასება, ალბათ, ამიტომაც მოხდა. ის ითვლება ე. წ. მთის კილოს შემომტანად ქართულ პოეზიაში. ვაჟა წერდა: "რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებურის მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული. სხვანაირად შესძრა იგი. ჩვენმა სახელოვანმა მხცოვანმა მგოსანმა რაკი საერო კილო დაუმკვიდრა ლექსებს და ჟურნალმა "ივერიამაც" გზა დაუთმო, მეც გაბედულება შემემატაო".

იაკობ გოგებაშვილთან ერთად, რაფიელ ერისთავი ითვლება ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლად. აღსანიშნავია მისი, პოემები, თარგმანები...

1895 წლის ოქტომბერში, დიდი ზეიმით აღინიშნა მისი მოღვაწეობის 50 წლის იუბილე...

დედაენა

ღვთისგან გაჩენილს ყოველს სულიერს,
ორფეხს თუ ოთხფეხს, სუსტსა თუ ძლიერს,
მცურავს თუ ფრინველს, მღილსა მიწიერს,
ფუმფულას თუ მწერს, მძრომსა ბიწიერს,
მის-მისდა გვარად ებოძა სმენა,
ებოძა ღვთისგან მათ მათი ენა.

რომელი როგორ ხმარობს ენასა,
როგორ გვამხილებს თვისსა ლხენასა,
ან მწუხარებას, ჭირს და წყენასა,
ვაებას, ჩივილს, გულის ტკენასა, -
გამგებელია ამისი ზენა.
ვინც გვიწყალობა ჩვენ დედაენა…

ეს ვიცით მხოლოდ, რომ ღვთის ნებასა
ვინც კი გადავა, - შეჰხვდეს ვნებასა…
ვერც ვუღალატებთ ჩვენ ბუნებასა,
მისსა კანონსა, განჩინებასა…
მაშ რას გვარგია იმისი წყენა,
რომელმაც მოგვცა ჩვენ დედაენა?..

მტრედი ვერ შესძლებს კატის ჩხავილსა,
ბულბული - ყროყინს, თევზი - კნავილსა,
კრავი უმანკო - მელის ხავილსა,
გვრიტი - ჭიხვინსა, ბუზი - ბღავილსა!…
ამ წესსა ვხედავთ ღვთიურსა ჩვენა,
აქ სჩანს ბუნება და დედაენა!..
მიყვარს მე ენა ჩემის მშობლისა,
რომლითაც ,,ნანას” მეტყოდა ისა,
ალერსს მაგონებს დედისას ტკბილსა,
ჩემის ტოლების მღერა - ჟღივილსა!…
ენით ვხცოცხლვარ, მით მიყვარს ლხენა,
მიყვარს სამშობლოს მე დედაენა!

ნუ გრცხვენის, ძმაო, როცა გაქვს წყენა,
მშობელს ენაზედ მოთქმა, ცრემლთ დენა…
აკვანს და საფლავს ნუ ჰკარგავ შენა,
თორემ დაგწყევლის შენ დედაენა!
ენით ვცოცხალვარ, მით მიყვარს ლხენა,
მიყვარს სამშობლოს მე ტბილი ენა!

9 იანვარი, 1881 წელი

0

ავტორი: