ნაქალაქევი - „ძველი ქალაქი“ ნაქალაქევი - „ძველი ქალაქი“ />


  05:25:49     05-03-2012

ნაქალაქევი - „ძველი ქალაქი“

a15767.jpg

დასავლეთ საქართვლოს უძველეს ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება ნოქალაქევი. მას ძველი ქართული წყაროების მიხედვით ციხე-გოჯი ერქვა, ხოლო რომაელები და ბიზანტიელები არქეოპოლისს (ე. ი. ძველ ქალაქს) ეძახდნენ. იგი წარმოადგენდა ეგრისის, ანუ ლაზიკის სამეფოს დედაქალაქს.

ისტორიული წყაროების თანახმად, ციხე-გოჯი ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხე-ქალაქის აგება განპიროვებული იყო სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით.

ციხე-გოჯი მდებარეობდა მდინარე ტეხურის მარცხენა ნაპირზე, დღევანდელ სოფელ ნოქალაქევის (სენაკის რ-ნი) ტერიტორიაზე. ქალაქი 3 ნაწილისაგან შედგებოდა (საერთო ფართობი 15 ჰა) და გალავნით იყო გარშემორტყმული. ციხისათვის მეტად მარჯვე ადგილია შერჩეული. ღრმა ხეობის მაღალ კონცხზე განლაგებულია ციხის კედლები, ყველაზე მაღალი ადგილი ციტადელს უკავია. ციხის ჩრდილოეთით ისეთი ქარაფია, რომ იქ თავდაპირველად კედელი არც გაუკეთებიათ.

ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილ ნანგრევთა შორის გამოირჩევა ციხე-სიმაგრის გრანდიოზული კვდლები, რომელთა შენებისას კარგად გაუთვალისწინებიათ მთის რელიეფი. კედლები განიერია. ზოგან სისქე ოთხ მეტრს აღწევს, ნაგებია კარგად თლილი ქვით. შედარებით უკეთ შემორჩენილ ზედა ციხის კედლებში კოშკებიცაა ჩართული, რომელთა2გან კუთხისას კვადრატული გეგმა აქვს, დანარჩენებს კი - მოგრძო ოთხკუთხდისა. ყველა კოშკთან მცირე კარია, რაც საჭირო იყო მტრის მიერ გარემოცვის შემთხვევაში მოულოდნელი გამოხდომისათვის. ციხეს ორი ჭიშკარი ჰქონია. ერთი მათგანი მოწყობილი იყო სამხრეთით, მეორე - აღმოსავლეთით.

ქვედა ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა ეგრისის მეფეთა IV საუკუნის სასახლისა და V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები. VI საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მოგვიანებით გუმბათოვან ეკლესიად გადაკეთდა, იმავე ხანის მეფეთა სასახლის, კოშკიანი ჭიშკრის, 2 აბანოსა და სხვა ნაშთები.

გრანდიოზულობით გამოირჩევა ეგრისის მეფეთა მეორე, სამსართულიანი სასახლე. ქალაქში 2 აბანოს არსებობა კომუნალური მეურნეობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ერთი მათგანი დიდი მასშტაბის და რთული კომპოზიციის კაპიტალური ნაგებობაა. საქართველოში გათხრილ ამ პერიოდის აბანოთა მსგავსად, იგი ცენტრალური გათბობის სისტემაზეა აგებული.

გათხრილია ძვ. წ. IV-III საუკუნეების სამაროვანი. მიცვალებულები იწვნენ ქვევრსამარხებში, ჩვეულებრივ, პირში ედოთ კოლხური თეთრი. ადგილობრივი და შემოტანილი კერამიკის გარდა აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯურები, მძივები, მონეტები და სხვა. ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნია ხელოვნური იშვიათი ნიმუშები: ელინისტური კანთაროსი (ძვ.წ. VI-II სს. ბერძნული ქუსლიანი, ღრმა პირგადაშლილი ღვინის სასმელი ჭურჭელი), შავლაქიანი კერამიკული სასმისი. ცალკეულ აღმოჩენებთაგან გამოირჩევა ტყვიის დასაკიდი საბეჭდავი, რომელსაც ჯვრისებრი მონოგრამა აქვს, ისრის წვერები, შუბის პირები, სპილენძისა და ოქროს მონეტები და სხვა. აღსანიშნავია ბიზანტიის იმპერატორის მავრიკიოსის (582-622) სახელით მოჭრილი 23 ოქროს მონეტის განძი. ადგილობრივ კერამიკასთან ერთად უცხოურის აღმოჩენა ეგრისისა და ნოქალაქევის უცხო ქვეყნებთან განვითარებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე მიუთითებს.

542-562 წლებში ბიზანტიისა და სპარსეთის იმპერიებს შორის ლაზური ომები სწორედ ამ ქალაქის მიდამოებში განხორციელდა. ომის დროს სპარსელებმა ციხე-გოჯზე იერიში სამჯერ მიიტანეს და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება, თუმცა ქალაქი მცირე ხანში ისევ ჩაუვარდა ბიზანტიურ-ლაზურ ძალებს.

737-738 წლებში ციხე-გოჯიც ვერ გადაურჩა არაბთა გამძვინვარებულ სარდალს მურვან ყრუს. აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქების კვალდაკვალ, მან დასავლეთ საქართველოს ქალაქებიც გაანადგურა. თავისი არსებობა შეწყვიტა ციხე-გოჯმაც. მიუხედავად ამისა, არაბებმა ეგრისში ფეხი მაინც ვერ მოიკიდეს.

გამუდმებული ნგრევისა და გაპარტახების შედეგად ციხე-გოჯი დაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა ხელმეორე აყვავება (შედარებით) ჰპოვა მე-16 საუკუნეში, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა XVI-XVIII საუკუნეებში საკუთარი სასახლე - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია ააშენა.

dzeglebi.com

0

ავტორი: