18:00:41     04-03-2012
დღეს გამთენიისას, განმუხურში, ქართულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

დღეს, გამთენიისას, პოლიციის ქართულ საგუშაგოს თავს დაესხნენ. დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, პოლიციის შენობას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ, ასევე გამოყენებულ იქნა ,,რპგ’’-ს ტიპის ყუმბარმტყორცნი.
შს სამინისტროს ინფორმაციით: 4 მარტს, 3:20 სთ-ზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა, დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა, სოფელ განმუხურთან, ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით.
დადგინდა, რომ თავდასხმის დროს გამოყენებულ იქნა ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი. სროლამ დაახლოებით ათ წუთს გასტანა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელები მიიმალნენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პირები ქართულ საგუშაგოებს უხსნიან ცეცხლს. 2007 წლის 5 იანვარს, გამთენიისას, ქართული სოფლის - განმუხურის პოლიციის საგუშაგოს, აფხაზეთის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები დაესხენ თავს. მაშინაც თავდამსხმელებმა ყუმბარმტყორცნები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ორმხრივი სროლის შედეგად, დაიჭრა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს, სწრაფი რეაგირების მოიერიშე ასეულის თანამშრომელი, ომარ ჯიქია და გარდაიცვალა ფირუზ შარია. საპასუხო ცეცხლის შედეგად, დაიჭრა ერთი თავდამსხმელი, რომელიც დაუყოვნებლივ გაარიდეს შემთხვევის ადგილს, რომ ეს ფაქტი არ გახმაურებულიყო. ადგილზე ჩასულმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მსგავს თავდასხმას გაცილებით მძიმე შედეგები და მსხვერპლი შეიძლებოდა მოყოლოდა, რომ არა ქართველი პოლიციელების პროფესიონალიზმი და თავგანწირვა.
2005 წლის 30 იანვარს, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონასა და გალის რაიონის სოფელ თალიგონს შორის არსებულ საგუშაგოს აფხაზი კრიმინალები დაესხნენ თავს. ადგილზე დაიღუპა ვიტალი დარასელია, ორი პოლიციელი კი - ჯემალ ბახტაძე და გოჩა ლაგვილავა მძიმედ დაიჭრნენ. თავდასხმა რუსული სამშვიდობო პოსტიდან 200 მეტრის დაშორებით მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან.
0