08:17:27     04-03-2012
რატომ უწოდებენ მურთაზ შალუაშვილს პარლამენტის პან გი მუნს?

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როცა დეპუტატები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მათი დაწყნარება, მანდატურის სამსახურს ევალება, რომელსაც ზვიად გამსახურდიასა და თენგიზ სიგუას დაცვის ყოფილი წევრი, მურთაზ შალუაშვილი ხელმძღვანელობს. საკანონმდებლო ორგანოში, მუშაობის დაწყებამდე, შალუაშვილმა 90-იანი წლების მოვლენები საკუთარ თავზე გადაიტანა. ახლა, კი მას საქმიანობა მანდატურთუხუცესის რანგში უწევს. დეპუტატების ურჩობის გამო, შალუაშვილს, ხშირად, ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უბრაზდება. რატომ უწოდებენ შალუაშვილს პან გი მუნს? რომელი დეპუტატია ყველაზე ურჩი? კანონმდებლები კოლეგებს რა საფრთხეების წინაშე აყენებენ? - პრესა.ჯი-ს კითხვებს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მანდატურთუხუცესი, მურთაზ შალუაშვილი პასუხობს:
- თქვენ იყავით თენგიზ სიგუას დაცვის უფროსი, ხოლო ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი, იმ დაძაბულ წლებს როგორ გაიხსენებთ?
- ნდობის ფაქტორის გამო, გამსახურდია პატივს მცემდა და მისი მხრიდან დაფასებულ ადამიანად ვითვლებოდი, მაგრამ ძალიან მაგრად იმუშავეს და ზვიადს ჩამომაგლიჯეს. სხვათა შორის, სიგუასაც ჩამომაცილეს. ეს იმ ძალებმა მოახერხეს, რომელთაც სიგუასა და გამსახურდიას გვერდით პატრიოტი და ერთგული ადამიანები არ აწყობდათ. როცა ადამიანს ძლიერი დაცვა ჰყავს, ასეთ დროს, ის მართვადი აღარ არის და ეს ძალები სწორედ ამის გამო ცდილობდნენ, რომ მათ გვერდზე ვინმე გიჟი ყოფილიყო. ჩემს გარდა, პრობლემები თეთრი გიორგის კავშირს შეუქმნეს, რომელიც 1989 წელს დაფუძნდა. იცით რომ ეს გაერთიანება გამსახურდიას ძალიან ერთგული იყო და ზვიადი სწორედ მათზე დაყრდნობითაც მოვიდა, თუმცა, ყველა ღონე იხმარეს, რომ ეს ორგანიზაცია გამქარლიყო. ამას გარდა, კიდევ იყო ორგანიზაცია „ჩიტო გვრიტო“, რომელიც ვაჭრობის ყოფილი მინისტრის თამაზ გველესიანის დაფუძნებული იყო. ამ ორგანიზაციას პატრიოტული აზრის დაცვა შეეძლო, მაგრამ ესეც მალევე დაშალეს. აღნიშნული ორგანიზაციები ზვიადს მოაცილეს და ამით დაასუსტეს კიდეც.
- ეს ძალები თქვენ თუ გებრძოდნენ და თქვენ თუ მართალი იყავით, ამას გამსახურდია ვერ ხვდებოდა?
- ხვდებოდა, მაგრამ გამსახურდიას გარემოცვა ისეთ რამეებს ეუბნებოდა, რომ მას საგონებელში აგდებდა. მისი გარემოცვა კი, საიდან იმართებოდა ეს ყველასთვის ნათელია. ზვიადის გარემოცვას დავალება ჰქონდა, რომ მის გვერდით არცერთი პატრიოტი არ უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება სიგუას, ის უნიჭიერესი იყო, შავი საქმისთვის მისი ავტორიტეტი სჭირდებოდათ და არა მისი პიროვნება. თბილისის ზღვაზე, სიგუას გადაფარებული ვიყავი, რომ არაფერი ტალახი მოცხებოდა, მაგრამ მასაც ჩამომაცილეს.
- რა მოხდა თბილისის ზღვაზე?
- თენგიზი და მე ძალიან ახლოს ვიყავით. გამსახურდიასთან პოლიტიკური პრეტენზიები გვქონდა, სიგუა კიტოვანის გვარდიაში მოხვდა. როცა მასთან წავიდა, ინტერვიუც კი არ მიუცია. ეს კაცი იქ რომ მოხვდა, ეს სცენარი მოსკოვში დაიდგა და ავტომატურად მეც იქ აღმოვჩნდი. შემდეგ, მთლიანად სიგუას ვეღარ ფლობდნენ, რადგან ჩემი ბიჭები მყავდა და სიგუაზე ფარივით ვიყავით გადაფარებულები, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, გია ყარყარაშვილმა დამატყვევა. იარაღი დამადეს და 40 კაცმა იარაღით წამიყვანეს. თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდნენ, მაგრამ რაც ხდებოდა, მერე მივხვდი. იცით ბრალად რას მიყენებდნენ? – თითქოს, იზა ორჯონიკიძეს სანთებელა მოვპარე.
- ტყვეობას თავი როგორ დააღწიეთ?
- თუ გახსოვთ, ყარყარაშვილის გუნდში, მებრძოლი ძმები ტატიშვილები იყვნენ, ძალიან კარგი ბიჭები. მოგვიანებით, ერთი ძმა მილიცის უფროსი იყო, მეორე კი - ბატალიონის. ამ ბიჭებს უნიკალური დედა - ქალბატონი ნათელა ჰყავდათ. ის ქალი შემთხვევით ზღვაზე მოხვდა, რადგან შვილებისთვის საჭმელი ამოუტანია. ქალბატონი ნათელა მიცნობდა და იმ ტყვეობას თავი ამ ქალის მეშვეობით დავაღწიე. მან თავისუფლება მაჩუქა. ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა და ძალიან რთულია, რომ ეს ყველაფერი მოვყვე. ეს ქალი შვილებითვისაც კი ისეთი საპატივცემულო იყო, რომ გამომიშვეს.
- ამის შემდეგ, ყარყარაშვილს თუ შეხვდით?
- კი, რამდენჯერმე, მაგრამ მტრებიც არც ვყოფილვართ. მართალია, არც მას გაუკეთებია ჩემთვის განმარტებები და არც მე მომითხოვია, მაგრამ მას დავალებული ჰქონდა, რომ იქედან მოვეშორებინე. განმარტება შეიძლება სულელს მოეთხოვა, რომ ვერ მიხვედრილიყო, თუ რა ხდებოდა. ვფიქრობ, რომ აურზაური იმის გამო შექმნეს, რომ შევარდნაძე სიგუასთან არჩევნებს წააგებდა. ეს მოსკოვში გათვალეს და ის ამბები ამიტომაც იყო. შევარდნაძე ტაშფანდურით ჩამოვიდა და ბურთი და მოედანი მას დარჩა.
- ოპოზიციონერი სანდრო ბერგვაძე თქვენ დაგიპირისპირდათ და სამოქალაქო ომთან დაკავშირებით, ბრალს გდებდათ. რა როლი შეასრულეთ 90-იანი წლების მოვლენებში?
- ბევრ რაღაცას მაბრალებენ. ამ სანდრო ბრეგვაძეს, მგონი, ბავშვობაში თავი აქვს კედელზე მირტყმული. მან თქვა, რომ ომი მურთაზმა დაიწყოო. მებრძოლის სახით, არცერთ ომში არ მიმიღია მონაწილეობა. იარაღი არ გამისროლია და ომს როგორ დავიწყებდი? საუბედუროდ, ძმათა სისხლისღვრაში კარგი არაფერი იყო, მაშინ, ქვეყნისთვის ბევრი ცუდი გაკეთდა. ომში როგორც მსროლელი არ ვყოფილვარ, მაგრამ საუბედუროდ, ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. გასროლა ღმერთმა ამაცილა.
- ამ მოვლენების შემდეგ, მუშაობა პარლამენტში დაიწყეთ. უკვე რამდენი წელია, რაც საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობთ?
- 22 წელია. ადრე, პარლამენტის სამეურნეო სამმართველოში მომარაგების უფროსი ვიყავი, მერე ფრაქციებშიც ვიმუშავე. ვახტანგ ბოჭორიშვილის აპარატის უფროსადაც ვმუშაობდი. უჭკვიანესი, ძალიან პატრიოტი, ინტელიგენტი და იშვიათი ადამიანი იყო. ბოლოს, მანდატურის სამსახურში გადმოვედი და სამი წელია, რაც მანდატურთუხუცესი ვარ. ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარედ რომ დაინიშნა, მაშინ ფრაქციაში ვმუშაობდი და ვთვლი, რომ ზურამ და ხათუნა გოგორიშვილმა სტრუქტურა ნოლიდან ააწყეს. ზურა შემოქმედი იყო, რომელმაც პარლამენტი ააშენა, ხოლო დავით ბაქრაძის პერიოდი უნიკალურია – „ოქროს ხანაა“.
- მიხეილ მაჭავარიანი ხშირად გიბრაზდებათ და მოგიწოდებთ, იმ დეპუტატების სია მიაწოდოთ, რომლებიც სხდომას არასაპატიო მიზეზის გამო აცდენენ. ხშირად, ხუმრობით გეუბნებათ, რომ დეპუტატებს თქვენ სწყალობთ, რადგან მათთან „გარიგებული“ ხართ. კანონმდებლების გამო, თქვენ თუ დაუსჯიხართ მაჭავარიანს?
- როგორ არა, რომ “გამომლანძღავს“ ხოლმე, ეს დასჯა არ არის? ისე მაჭავარიანს ხუმრობა უყვარს. გაეროს დამკვირვებლებიც ხომ გვიწოდა. მაგის შემდეგ, პან გი მუნს მეძახიან. უნდა ითქვას, რომ მაჭავარიანს ძალიან კარგი იუმორი აქვს. ისე მიშაც ჩვენი გაზრდილია. ადეიშვილი, ბარამიძე, ცისკარიშვილი, მერაბიშვილი, მაჭავარიანი პარლამენტში რომ მოვიდნენ, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ბალავაძე მთლად ბავშვი იყო და ახლა ნახეთ, როგორი ბიჭი დავაყენეთ. მათგან სიყვარულსა და პატივისცემას სულ ვგრძნობ. ვერცერთზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გადიდკაცდა.
- ურჩი დეპუტატი რომელია?
- ჯონდი ბაღათურია. ყველაფერზე ხმაურობს და ეს ურჩობა არ არის?
- სხდომათა დარბაზში, დეპუტატები ერთმანეთს ნივთებს თუ უმალავენ და ა.შ?
- ზოგჯერ. ზოგი სხვის პულტს სპეციალურად იყენებს და მერე ახსნა-განმარტებები მიდის, პულტი ვინ მოიპარა. ადრე, ბურჯანაძის დროს, როცა დარბაზი არ თბებოდა, დეპუტატები ქურთუკებით ისხდნენ და ნინო ამაზე სულ ბრაზობდა. კანონმდებლები პალტოებს კარადაში კიდებდნენ და შემდეგ, გვიან სახლში როცა მიდიოდნენ, აღმოაჩენდნენ, რომ სხვისი ქურთუკი ჰქონდათ წაღებული. ერთხელ, ერთ დეპუტატს, დარბაზში თურმე ოქროს სათვალე დარჩა და ღამის სამ საათზე, მისი მოძებნა გადაწყვიტა. იპოვა კიდეც, რადგან ჩვენთან არაფერი იკარგება. ერთადერთი შეიძლება კალამი დაიკარგოს.
- გასული კვირის სამშაბათს, როცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მოვიდა, თქვენ კურიოზულ ვითარებაში ჩავარდით. „მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილის“ წარმოთქმა ორჯერ მოგიწიათ, ხომ არ გაგიბრაზდნენ?
- პრეზიდენტის სიტყვის წარმოთქმა ხუმრობა არ არის. კარგი კაცი ბევრჯერ უნდა ახსენო. თუ საჭირო გახდება, კიდევ ოცჯერ გავიმეორებ.
- 2012 წელს, პარლამენტი ქუთაისში გადადის. თქვენ რას აპირებთ?
- ამ ქვეყნის ჯარისკაცი ვარ და სადაც მეტყვიან, იქ წავალ.
0