14:41:15     03-03-2012
კონსტანტინე ჭიჭინაძის „პრეისტორია“
ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და მეცნიერი რუსთველოლოგი კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძე დაიბადა 1891 წლის 6 (ახალი სტილით 18)მაისს სოფელ ხაშმში, რაჭაში.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1908 წელს. 1924 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული „რჩეული ლექსებიდან“. დაწერილი აქვს პოემები „რიონის აპოლოგია“. „შუა აზია“, „მარინა რასკოვა“.
კონსტენტინე ჭიჭინაძემ თარგმნა „ამბავი იგორის ლაშქრობისა“, „სიმღერა ნიბელუნგებზე“, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ (პირველი ნაწილი - კონსტენტინე გამსახურდიასთან ერთად), ბაირონის, პუშკინის, ნეკრასოვისა და სხვათა ნაწარმოებები.
კონსტანტინე ჭიჭინაძე ნაყოფიერად მუშაობდა რუსთველოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: „ალიტერაცია ქართულ შაირში და „ვეფხისტყაოსნის“ პრობლემა“, „რუსთაველის გარშემო“, „რუსთაველი და მისი პოემა“. 1934 წელს გამოვიდა „ვეფხისტყაოსნის“ ჭიჭინაძისეული გამოცემა. კონსტანტინე ჭიჭინაძემ გამოცემაში პოემის მთელი ტექსტი შეიტანა, რაც ხელნაწერების სახით მოვიდა ჩვენამდე. მათ შორის, ინდო-ხატაელთა ამბავიც. კონსტანტინე ჭიჭინაძემ დაასაბუთა, რომ შინაარსის მიხედვით, ინდო-ხატაელთა ამბავი "ვეფხისტყაოსნის" ორგანული ნაწილია, მისი სიუჟეტის ბუნებრივი რგოლი.
კონსტანტინე ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1960 წლის 21 ივნისს. დაკრძალულია დიდუბის მწარალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
კონსტანტინე ჭიჭინაძის შესახებ საუბარი სხვა დროსაც გვექნება. დღეს მკითხველს ვთავაზობთ მის ძალიან კარგ და საინტერესო ლექსს „პრეისტორია“. პოეტი იხსენებს ხანას, როდესაც მისი წინაპრები „ტუბალი, მოსინიკი და ქარდუელი“, იცნობდნენ იმ სიბრძნეს, რომელსაც მერე კოპერნიკი და გალილეო მიაგნებდნენ, როდესაც სოლომონ მეფესთან ჩვენი წინაპრების ელჩები დადიოდნენ, როდესაც „ზღაპრული დიდების ნამსხვრევი“ ქართული ტომები კვლავ დაუბრუნდნენ მტკვრისა და რიონის ხეობას „გზას დაადექი უზარმაზარ დატეხილ ხაზით. შორით მოესმა ქაფმორეულ მტკვარსა და ფაზისს შენი ჯოგების აბღავლება და ყრუ გუგუნი“...
პრეისტორია
საუკუნეთა უნაპირო, უტეხი ტევრი,
კბილით დაგლეჯა და ძვინვარე მხეცთა დუელი.
იყო ტუბალი, მოსინიკი და ქარდუელი, -
შენი ზღაპრული განდიდების ნამსხვრევი ბევრი.
შენ ათასწლობით დადიოდი ღამით ღამეში...
რამდენი კვნესა და ტკივილი რამდენი მწარე!
თავს დაგნათოდა საზარელად გავსილი მთვარე
და ვარსკვლავები სხივგაფენილ მოსასხამებში!
სისხლი სდიოდა ეკალთაგან დაკაწრულ წვივებს,
მიწა გამშრალი შენ მრავალი ცრემლით დანამე;
მაინც მილიონ თვალებიდან მოხეთქილ სხივებს
მაღალ სივრცეებს უბრუნდები შენ უკანავე!
შენ შეისწავლე იქ მნათობთა კვალი ალური,
მათი ანთება და იმათი შუქის მილევა,
რომ შენს იდუმალ ასტროლოგებს გზით ასტრალურით
თან მოჰყოლოდნენ კოპერნიკი და გალილეო!
როცა ტომები ასკდებოდნენ ირგვლივ ერთმანეთს,
როდესაც მტერი თავს გატეხდა სამუმს და სმერჩებს, -
აშურბანიპალს უგზავნიდი ამაყ დესპანებს
და დიდ სოლომონს კომერციის წარბშეკრულ ელჩებს!
გწყუროდა წყალი. დედამიწის ყველა ტყეები
თითქოს აღიფხვრა და კოსმიურ ხანძარად ენთო.
შენ ძირს დაემხე პირგამშრალი მკვდარ სახეებით,
და გაყვითლებულ კერპს შესძახე: უ წ ყ ა ლ ო ღ მ ე რ თ ო!
ვეღარ გაუძელ და დასწყევლე ტანჯვა უკუნი;
გზას დაადექი უზარმაზარ დატეხილ ხაზით.
შორით მოესმა ქაფმორეულ მტკვარსა და ფაზისს
შენი ჯოგების აბღავლება და ყრუ გუგუნი...
ვიგონებ ამბავს დავიწყების კართან მიწურვილს:
მეც იქ ვიყავი თმებგავსილი გრიგალის ნაცრით!
მე სიზმარივით მაგონდება უდაბნო მკაცრი,
ჩემი აქლემი, ჩემი ცხვრები და ღრმა მიწური.
მე მყვანდა ძაღლი, დაუნდობელ, სასტიკ ღამეში
ოთხიათასი წლის წინათ რომ უყეფდა ქურდებს,
და მკვრივი ტანის გადარეულ სითამამეში
ზედ აწყდებოდა ყორეებს და ეკლიან ბურდებს.
ის მოკვდა ბოლოს, დაიშალა დამპალ კანებად.
და მას ბავშვებმა გაუტეხეს მაგარი კეფა.
ო, მე მჯერა, რომ ახლაც კიდევ იმისი ყეფა
მარადისობის უფსკრულებში მიექანება!
1927
0