ივანიშვილის გუნდის წევრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ ივანიშვილის გუნდის წევრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ />


  19:18:04     02-03-2012

ივანიშვილის გუნდის წევრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ

a15718.jpg

ივანიშვილის ,,ქართული ოცნება” საზოგადოებას ისევ ატყუებს. ბიძინას ტყუილები ამჯერად მის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ეხება. მართალია, ივანიშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრები დაჟინებით ამტკიცებენ, თითქოსდა ბიძინას პრორუსული კურსი არ უჭირავს, თუმცა ფაქტები სხვა პოზიციებზე მიუთითებს.  

სესიაშვილის ავღანეთში გარდაცვლილი ოფიცრების შესახებ განცხადებების შემდგომ, ივანიშვილის გუნდის აქტიური წევრი მანანა კობახიძე ხმამაღლა აცხადებდა: ,,სამწუხაროდ, თავად ამერიკის დეპარტამენტის ანგარიშების პოზიციით, მართლმადიდებლური სარწმუნოება და ჩვენი რწმენა, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად განიხილება... 

ჩვენი ისტორიულ-მართლმადიდებლური ეთნოფსიქიკის, ზნეობის განადგურებით დემოკრატიის შენებას თუ ცდილობს ვინმე - ასეთი დემოკრატია ვის რად უნდა?

ასეთივე კრიტიკული დამოკიდებულება კონკორდატთან საპატრიარქოსა და მართლმადიდებლური კონფესიის განსაკუთრებული ავტორიტეტის გამოც შეიმჩნევა. ჩანს, ამის საწინააღმდეგოდ ქვეყანა სწორედ უმცირესობების დაცვით და საპირისპირო აზრის მქონეთა დაპატიმრებით ცდილობს ამერიკის გულის მოგებას. 

ჩვენ სარწმუნოებას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული ისტორიული როლი მივანიჭეთ და ეს კონსტიტუციაშიც ავსახეთ. ახლა კონსტიტუციას ვარღვევთ? უმრავლესობის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მორალის ფაშიზმად და ექსტრემიზმად მონათვლა დაუშვებელია!“ - ესა ამონარიდი ქალბატონი კობახიძის ინტერვიუდან, რომლის პათოსიც აშკარად ანტიამერიკულად გამოიყურება, სადაც ფაქტობრივად კობახიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ნაწილს აკრიტიკებს.

ყოველ შემთხვევაში, აშკარად არ ეთანხმება ამერიკული მხარის მოსაზრებას, როცა ანგარიშში მხოლოდ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზეა საუბარი და არა ზოგადად - რელიგიაზე.  

ექსპერტთა აზრით, კობახიძის ინტერვიუში ძირითადი აზრი ასე იკითხება: ამერიკა გვანგრევს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მართლმადიდებლობას ,,გვიჩაგრავს“. ქალბატონ კობახიძეს კი ამავე ინტერვიუში არსად უხსენებია, ერთმორწმუნე რუსეთი მღვდელმსახურებისგან ნაკურთხ ბომბებს რომ გვიგზავნიდა აგვისტოს აგრესიის დროს ქართველების ჩასახოცად...

,,პრესა ჯი“ კომენტარისთვის „ქართული ოცნების“ წევრს, მანანა კობახიძეს დაუკავშირდა:

- ქალბატონო მანანა, თქვენ ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ამერიკული ინსტიტუტები ხელისშემშლელ პირობად მართლმადიდებლობას ასახელებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რით იყო განპირობებული თქვენი ეს განცხადება?

- დიახ, დიახ, თავის დროზე მე მართლაც მივეცი ეს ინტერვიუ და იქ ჩამოყალიბებულია ჩემი პოზიციები და მე ახლა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად ხელახლა დავუბრუნდე ამ საკითხებს..

- ბევრმა ეს თქვენი განცხადებები ანტიამერიკულად აღიქვა...

- არანაირად, მე აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოზიციებსა და კურსს, რომელიც გამოაცხადა ივანიშვილის გაერთიანებამ, ამერიკასთან თანამშრომლობის კუთხით, იგივე ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით. არანაირი განსხვავებული პოზიცია მე არც მქონია და არც მაქვს, ასე რომ შეგიძლიათ გააჟღეროთ...

- კი, მაგრამ ქალბატონო მანანა, აქ აცხადებთ, რომ ამერიკული მხარე თითქოსდა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ილაშქრებს...

- ამერიკულ მხარეს ჰქონდა გარკვეული პოზიციები მართლმადიდებლ მშობელთა კავშირის საქმესთან მიმართებაში, მე ჩემი პოზიციები გამოვთქვი ამასთან მიმართებაში, როდესაც ვიცავდი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებს სისხლის სამართლის საქმეზე. მე, როგორც დაცვის მხარეს და ადვოკატს ყველანაირი უფლება მქონდა, რომ მემტკიცებინა, რომ ამ ადამიანების მიმართ საქმე შეთითხნილი იყო.

- მაგრამ ინტერვიუში თქვენ ცალსახად ატარებთ აზრს, რომ თითქოსდა ამერიკული მხარე ილაშქრებს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და ამერიკამ არ უნდა მოითხოვოს ასეთი მიდგომაო...

- მე ეს ინტერვიუ ნამდვილად მივეცი და ახლა არ ვაპირებ ამაზე მსჯელობას, რადგან ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად თანხვედრაში იმასთან, რაც განაცხადა პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“, ამერიკასთან, როგორც მეგობარ პარტნიორთან მიმართებაში და სხვა რაიმე დამატებით კომენტარს ამის თაობაზე არ გავაკეთებ. გთხოვთ სრულად დააფიქსიროთ ჩემი პოზიცია.
0

ავტორი: