16:29:39     02-03-2012
„ნარინჯისფერების“ დაბრუნება: უკრაინა მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადება

უკრაინაში, შესაძლოა, სიტუაცია მალე უმართავი გახდეს. პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს თანაპარტიელები უკვე არ მალავენ, რომ გაზაფხულის დადგომისთანავე ქვეყანაში მასობრივი მიტინგების დაწყებას აპირებენ, რამაც შესაძლოა, 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მასშტაბებს გადააჭარბოს.
სახალხო დეპუტატი პარტია „ბატკივშინადან“ ვლადიმერ იავორივსკი ღიად აცხადებს, რომ როგორც კი ზამთრის ყინვები დასრულდება, ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ და მეორე მაიდანს მოაწყობენ. ის სისხლისღვაზეც საუბრობს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება, რადგან უკრაინული არმია პროტესტანტების მხარეს დაიკავებს.
„ბატკივშინა“ ვიქტორ იანუკოვიჩისგან, ტიმოშენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნების შესრულებას ითხოვს, ასევე იმ მუხლების დეკრიმინალიზაციას, რომლითაც ტიმოშენკოა გასამართლებული. ტიმოშენკოს თანაპარტიელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა თავის დროზე განაცხადა, რომ დაიწყებენ ბრძოლას „სტალინური რეციდივების წინააღმდეგ და სისხლის სამართლის კოდექსი ან გახდება ევროპული, ან უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება კაბინეტებს დაკარგავს.
იავორივსკის თქმით კი, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ხალხს პოლიციის კორდონები ვეღარ დააკავებს. მისი განცხადებები მუქარისშემცველია:
„ამ გაზაფხულზე, საერთო-სახალხო გაფიცვის შედეგად, უკრაინაში, შესაძლოა, გადატრიალება მოხდეს, რომელიც ახლანდელ ხელისუფლებას აღარანაირ შანსებს აღარ დაუტოვებს. რაზუმკოვას ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის მოქალაქეების დაახლოებით 67% უკვე დღეს არის მზად აქტიური საპროტესტო მოქმედებებისათვის. ვფიქრობ, სისხლი არ დაიღვრება, რადგან ნახევრადმშიერი და უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი არმია სწრაფად გადავა ხალხის მხარეს. ასევე მოიქცევიან სხვა სამართალდამცველებიც“ - პროგნოზირებს იავორივსკი.
უკრაინაში მოსალოდნელ გადატრიალებაზე გასული წლის ბოლოს თავად პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გააჟღერა ინფორმაცია. მინისტრთა კაბინეტის გაფართოებულ სხდომაზე მან განაცხადა, რომ სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაცია, რომ ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებენ და ხდება იარაღის აქტიური შესყიდვა ხელისუფლების ორგანოებზე თავდასხმის მიზნით. ამის გამო, უკრაინაში, ქვეყნის პირველი პირების დაცვა გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული.
მუქარები უკრაინის ხელისუფლებისა და მზარდი საპროტესტო მუხტის შესახებ რადაში პერმანენტულად ისმის. დეპუტატმა არსენ იაცენიუკმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ხალხის დაცინვას, ადამიანები მას სამაგიეროს გადაუხდიან.
იავორივსკი კი მაიდანს იხსენებს, როცა არავის ეგონა, რომ „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მასშტაბები ასეთი გრანდიოზული იქნებოდა და ქვეყნის უმაღლეს პირებს თანამდებობების დატოვება მოუწევდათ. მას შსს-ს ერთ-ერთი გენერლის სიტყვები მოჰყავს: თუ თქვენ 100 ათასი იქნებით, ჩემი ბიჭები ხალხის მხარეს დაიკავებენ. 0