11:00:00     02-03-2012
მირზა გელოვანის დაბადების დღისადმი
მშვენიერი ქართველი პოეტი მირზა (რევაზ) გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს. მამას გედეონი ერქვა. მომავალი პოეტი ქვეყანას მოევლინა სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის რაიონი).
1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში. მუშაობდა სხვადასხვა გამოცემებში ("ფედერაცია", საბჭოთა აფხაზეთი"). თან თავისუფალ მსმენელად ესწრებოდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მირზა გელოვანის პირველი ლექსი, "თეთრი მიწა", 1935 წელს დაიბეჭდა. მალე გამოქვეყნდა მისი სხვა ლექსებიც: "თუში ქალი წყაროზე", "ფანდური", "ცხრაკარა", ასევე ბალადები: "აონი", შავლეგო", და სხვა.
1939 წელს არმიაში გაიწვიეს. 1941 წელს საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა გერმანიამ.
რუსეთის იმპერიის დღევანდელი ხელისუფლება არ აღიარებს ქართველების როლს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების საქმეში. მეტიც, ფაქტიურად ჩქმალავს ქართველი ახალგაზრდების არა მარტო გმირობას, არამედ მონაწილეობასაც კი აღნიშნულ ომში... არადა საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა ჩვენმა სასიკვდილოდ განწირულმა საუკეთესო გენოფონდმა. პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი წავიდა ამ ომში და მე როგორც ვიცი, გერმანელების (და ალბათ ებრაელების) შემდეგ, პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა. არ შეიძლება ამგვარი დამსახურებისა და მსხვერპლის დავიწყება. დავიწყება კი არა მიჩქმალვა. მეტიც, რომ არ ჰყოლოდათ რუსებს ქართველი ბელადი (რომელზეც, რა თქმა უნდა, არ ვგიჟდებით), დღეს რუსების დიდი ნაწილი გამქრალი იქნებოდა ნაცისტურ ბანაკებში ტყვეობის შედეგად...
სამწუხაროდ, სხვა უამრავ ქართველთან ერთად, მირზა გელოვანიც დაიღუპა ამ ომში. დაიღუპა ძალიან ახალგაზრდა. ომის დამთავრებამდე ბევრი აღარ რჩებოდა...
თუმცა, დაგვიტოვა შესანიშნავი ლექსები. მისი ლექსების კრებულები არა ერთგზის გამოიცა.
როგორ ცდებოდა ჩვენი საყვარელი პოეტი, როდესაც წერდა (იქნებ თავის თავზეც კი, წინასწარმეტყველურად): „გმირობას მისას არ დაივიწყებს რუსეთის მიწა“.
მირზა გელოვანი დაკრძალულია ბელორუსიაში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.
მირზა გელოვანის მშვენიერი ლექსები გამოირჩევა სიფაქიზით, ხალისით, განსაკუთრებით სამიჯნურო ლექსები.
გმირობას მისას
თოვლით დაფარულ ნაძვების ახლოს
ის იწვა ერთი,
და უცქეროდა ღრუბლების მაღლობს
თვალებით თეთრით...
არც ხმლის ნატეხი, არც ბუდე ისრის
არ ეგდო სადმე,
მხოლოდ შემხმარი მოშაო სისხლი
შვენოდა წარბებს.
ამ სისხლს ხსოვნისთვის გულზე წაიცხებს,
მკერდით დაიცავს,
გმირობას მისას არ დაივიწყებს
რუსეთის მიწა.
* * *
ცას შეასწორებს უცნობი ხელი,
დაუსრულებელს და უყავაროს,
ეს მხარე მიყვარს თვალებით შენით,
მზეების ჩემის აღმოსავალო.
სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი,
როგორც უხრია სწორი ვერხვები,
მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯი
და შენს ურონო მხრებს დავეხრები.
მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას,
თუ გზა მეყო და ბედი მეღირსა,
რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმა
გადამწვას შვილი მზეთა ქვეყანის.
* * *
შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი… გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს…
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.