22:16:39     01-03-2012
„ხვალ ონიშენკო გამოვა და გამოაცხადებს, რომ საქართველოში ეპიდემიაა“...

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივამ, რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, ოფიციალური მოსკოვი გააღიზიანა.
სამაგიეროდ, კმაყოფილები იყვნენ ისინი, ვინც უკვე დღეს ჩამოფრინდნენ რუსეთიდან და საკონტროლო-გამშვები პუნქტები ვიზების გარეშე გაიარეს. მათ, დოკუმენტებში, უბრალოდ, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აღმნიშვნელი შტამპები ჩაურტყეს.
რუსეთის ხელისუფლებისა და რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რადიკალურად განსხვავებულია. რა თქმა უნდა, იმ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, როცა კრემლის ანტიქართულმა რიტორიკამ ცალკეულ ადამიანებზე გავლენა მაინც მოახდინა და ასეთები ფიქრობენ, რომ თბილისში ჩამოსვლისას ან შეჭამენ, ან ხეზე მიაბამენ, თანაც ამერიკის დავალებით…
ამ რიტორიკას ოფიციალური მოსკოვი ამჟერადაც „აპიარებს“. ოფიციალურ პირებს აშკარად ეწყინათ, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ, მათი მოქალაქეები თბილისში ზედმეტი პროცედურებისა და პრობლემების გარეშე ჩამოვლენ. ამიტომაც, ამ ნაბიჯს, სხვა რომ ვერაფერი, „უკიდურესად პროპაგანდისტული აქცია“ უწოდეს. ასე მაგალითად, დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ კოსაჩოვის თქმით, აღნიშნული ინიციატივა „მოწოდებულია, საქართველოს გარეთ შექმნას შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ეს არის პოლიტიკა რუსეთის ხელისუფლების მიმართ და არა რუსეთის მოქალაქეების მიმართ" და რომ ეს ინიციატივა „პროპაგანდისტული აქციაა საერთაშორისო იმიჯის შესაქმნელად.“ მისმა კოლეგამ სერგეი კალაშნიკოვმაც უკვე გაცვეთილი ტერმინოლოგიის გამოყენებით განაცხადა, რომ „ვისაც სურს მოსინჯოს, რამდენად შერაცხადი პოლიტიკოსია სააკაშვილი, შეუძლია შეამოწმონ მისი გულწრფელი განზრახვა - ხიდები გადოს რუსეთთან.“ მისი აზრით, სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონის დავალებით მიიღო.
ასე არ ფიქრობენ თავად რუსეთის მოქალაქეები, თუმცა მათი კომენტარები მაინც პოლიტიზირებულია და რუსეთში დღეს არსებული პრობლემატიკიდან გამომდინარეობს, მაგალითად:
„რუსი და ქართველი ხალხი არასოდეს ყოფილან მტრები. ეს ნაგავი კი, რომელიც კრემლში ჩაჯდა, უკვე არაადექვატურია“.
„ყველა რუსი არაა ქართველების მიმართ სიძულვილით გამსჭვალული. ნაციონალისტები კი არ უნდა წააქეზო, არამედ ვიზები უნდა გააუქმო, აღადგინო ნორმალური ადამიანური ურთიერთობები და შეწყვიტო ანტიქართული პროპაგანდა პრესაში“.
„ეხლა მეტი რუსი ჩავა თბილისში და შეძლებს შეადაროს მათი პოლიცია ჩვენს მენტებს, რომლებიც სიკვდილამდე სცემენ მოზარდებს“.
„ლამაზი სვლაა, გაბედულმა ქართველმა გამოუწოდა ხელი რუს დათვს, დათვმა დაიღრიალა, ეფექტურია. რატომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერაფერ ლამაზს ვერ აკეთებს? მხოლოდ უზარო ვიზიტები ჯალათ ასადთან…“
„საქართველოში ბოტოქსის პროცედურები იაფია, ჰოდა პუტინს ეკონომიის გაკეთება შეუძლია.“
„დროა გაიხსნას ყველაფერი - ბორჯომი, ხვანჭკარა, ქინძმარაული, ახაშენი, ყელში ამოვიდა კუბანი და ნაზრანი“.
„ხვალ ონიშენკო გამოვა და გამოაცხადებს, რომ საქართველოში ეპიდემიაა“.
“გაგიკვირდებათ, მაგრამ საქართველოში დღეს საერთოდ არ არის კრიმინალი“.
„რატომ განიცდით ასე, ვისაც უნდა წავა, ვისაც არა და აქ დარჩეს“.
„გზა მშვიდობისა, მიშა, თუკი ამდენ სიძულვილს იწვევ იმპერიის მამებში, ე.ი. ცალსახად კარგი ადამიანი ხარ“.
„როგორც ჩანს, ომმა ადამიანურ ურთიერთობებზე გავლენა არ მოახდინა“. 0