17:35:07     01-03-2012
ბურჯანაძის ყოფილ პრესსპიკერს, ივანიშვილმა საინფორმაციო სააგენტო გაუხსნა

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი კიდევ რამდენიმე მედიასაშუალების პროექტს აფინანსებს. პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორი, კახა ბექაური ინტერნეტ-ტელევიზიას ხნის. კახა ბექაური „მაესტროს“ ერთ–ერთი ტელესახის, ეკა ბერიძის მეუღლეა.
ცნობილია ისიც, რომ ივანიშვილს სურს ეკა ბერიძემ არხი შეიცვალოს და „მეცხრე არხის“ სახე გახდეს. ამასთან დაკავშირებით ბერიძეს ივანიშვილის გარემოცვისგან შეთავაზებაც ჰქონდა, თუმცა ოლიგარქმა უარი მიიღო.
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ბექაურ–ბერიძის წყვილმაც გამოსავალი იპოვა. კახა ბექაური გააკეთებს ინტერნეტ-ტელევიზიას. ამ არხზე, ეკა ბერიძე გააკეთებს პროექტს, რომელსაც „მეცხრე არხს“ მიჰყიდიან. ასე აღმოჩნდება ოლიგარქის ტელევიზიის ეთერში „მაესტროს“ ჟურნალისტი. თუმცა ბიზნესმენი მხოლოდ ამით არ კმაყოფილდება.
„პრესა.ჯი“–ს სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოლიგარქი ნინო ბურჯანაძისა და „სახალხო კრების“ პრეს-სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ალეკო ჩუბინიძესაც აფინანსებს.
ალეკო ჩუბინიძემ გახსნა ახალი ამბების სააგენტო newspress.ge, რომელიც 95 ათასი ლარით სწორედ ივანიშვილმა დააფინანსა. უახლოეს მომავალში კი საუბარია გაზეთის გამოცემაზეც.
წყარო აღნიშნავს, რომ ალეკო ჩუბინიძემ დაწერა პროექტი, რომელიც ოლიგარქს წარუდგინა, მილიარდერს კი ფულის გადახდა როგორც ჩანს არ დანანებია. „პრესა.ჯი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ალეკო ჩუბინიძესთან დაკავშირება სცადა. თუმცა ბურჯანაძის ექს–პრესსპიკერმა არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების მოქრთამვა და მოსყიდვა ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოჩენისთანავე დაიწყო. როგორც ჩანს, ოლიგარქმა ვინც „მეცხრე არხში“ გადასვლაზე ვერ დაითანხმა, საკუთარ სააგენტოებს უხსნის, ისევ და ისევ მისთვის საიმიჯო მასალების მოსამზადებლად.
0