15:10:28     01-03-2012
ბაჩუკი ქარდავა: ივანიშვილს, რუსეთში, ბიზნესის გაყიდვა არ სურს

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა აფასებს. ქარდავა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას და რუსეთთან ღია კარის პოლიტიკას ნეგატიურად აფასებს და დეტალების დაკონკრეტებას ითხოვს. ქარდავას განცხადებით, ედპ-ს სურვილია, რომ 2012 წლის არჩევნებით, სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავიდეს და ქართული ოცნება არ მოვიდეს. ბაჩუკი ქარდავა დღეს „i tv” –ს პრესკლუბში შეკრებილ ჟურნალისტებს ესაუბრა:
– როგორ აფასებთ საქართველოს პარლამეტში მიხეილ სააკაშვილის მოხსენებას და ოპოზიციასთან დებატებს?
– ეს დებატები, იყო ყველაზე განსხვავებული, მგონი ამაზე ყველანი ვთანხმდებით. პრეზიდენტის რიტორიკას ეტყობოდა, რომ ამ შემთხვევაში დებატები ნამდვილად შედგა. ის ხმები, რომელიც ადრე დებატების შემდეგ ვრცელდებოდა ხოლმე, ახლა ვერ გავრცელდებოდა. ახლა სიმწვავე ეტყობოდა უმცირესობასა და უმრავლესობას შორის პოლიტიკურ დებატებს.
– რაც შეეხება ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას, თემები, რომელზეც მან მოხსენებაში ისაუბრა, მისაღები იყო თქვენთვის?
– ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში, სისტემატიურად ვსაუბრობდით ისეთ თემებზე, როგორიც იყო სოციალური პოლიტიკა, მცირე ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და აშ. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სფეროებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ხედვები თანხვედრი იყო, თუმცა მისი მოგვარების გზები განსხვავებულია. გასაგებია, რომ ხედავენ ხარვეზებს, მაგრამ როგორ უნდა აღმოფხვრა, ამაზე პარლამენტში საუბარი არ ყოფილა.
– რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ. ოპოზიციის დიდი ნაწილი, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა, თუმცა „ეროვნულ–ემოკრატიულმა“ პარტიამ გააპროტესტა, რატომ?
– არ ვეთანხმებით მაშინ, როდესაც რუსეთთან ვართ საომარ ვითარებაში და თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალა, კი ბატონო, მაშინ ჩვენ სიტყვებს უკან წავიღებთ. სანამ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, რუსეთის არსენალში არის რამდენიმე იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის, სამხედრო აგრესია, პოლიტიკური და ეკონომიკური დივერსია, ასევე ეკონომიკური ინტერვენცია საქართველოში. ეს იარაღები რუსეთს აქვს ხელში და ამის წინააღმდეგ უნდა ვიყოთ მობილიზებული. ამიტომ, ჩვენ ამაზე ვაკეთებდით აქცენტს და უვიზო რეჟიმის მოლოდინი ნამდვილად არ გვქონია. სავიზო რეჟიმის გაუქმების ასე ცალსახად ნეგატიურად შეფასება ძალიან რთულია, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს მომენტი მოეწონა. მაშინ როდესაც უვიზო რეჟიმზეა საუბარი, ჩვენი მოქალაქეები რუსეთიდან რომ შემოდიან, აღარ გადაიხდიან გარკვეულ თანხებს და ეს კარგია. კარგია, რომ რუსეთის მოქალაქეებიც ჩამოვლენ საქართველოში და გაიზრდება ტურირისტების რაოდენობა. მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანას აქვს ოკუპიურებული ტერიტორიები და ვართ საომარ მდგომარეობაში. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უვიზო რეჟიმი ეხებათ იმ სპეცსამსახურებსაც, რომლებიც საქართველოში წლები მუშაობდნენ, ეხებათ იმ ადამიანებსაც, ვინც ნიქოზის მონასტერი გადაწვა, ეხებათ მათ, ვინც ქართველ მოსახლეობას სახლებში უვარდებოდა. სწორედ ამ საკითხის დეტალურად განხილვას ვითხოვთ ჩვენ პრეზიდენტისგან.
– პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნებში ოპოზიციას დაეხმაროს და მოუწოდა უმცირესობას, იბრძოლონ გამარჯვებისთვის. როგორ ფიქრობთ, რა რესურსი აქვს თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციას, ან მის გარეთ მყოფ პოლიტიკურ კოალიციებს და პარტიებს დაამარცხონ ხელისუფლება არჩევნებში?
– ჩვენი მიზანია წავიდეს სააკაშვილის ხელისუფლება და არ მოვიდეს ქართული ოცნება, არამედ მოვიდეს. ამდენად, "ოცნება" რამდენად მოახერხებს სააკაშვილის შეცვლას, მე ამაზე ნამდვილად არ ვოცნებობ. ჩემი სურვილია, ნაციონალური ხელისუფლება არა ქართული ოცნებით, რომელიც არანაირ ფასეულობებს არ ეყრდნობა, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული, დასავლეთზე ორიენტირებული ზომიერი ძალებით შეიცვალოს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში თავისი ყოველწლიური მოხსენებისას თქვა, ის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. თუკი ნაციონალური მოძრაობა მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად შეეცდება, პოლიტიკაში ლიდერის ამპლუაში დარჩეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.
– ივანიშვილს პრემიერ–მინისტრობა სურს, მეტიც მან განაცხადა – „პრემიერ მინისტრი ვიქნები მე“!
- არ მინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს რესურსი არჩევნებში გამარჯვების..
– თქვენ გაქვთ სურვილი, რომ შეიქმნას მესამე პოლუსი, რადგან არ იყოს „შუა გაკრეფილი“. დარჩა „შუაში“ პოლიტიკური პარტიები?
– რა თქმა უნდა. ივანიშვილმა ვერ მოახერხა „შუას“ გაკრეფვა. ეს იდეოლოგია უპირისპირდება იმას, რომ მცირე პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ერთმა ადმინისტრაციული რესურსით აღჭურვილმა და მეორემ დიდი ფულით „შეიარაღებულმა“, არ მოახდინონ პოლიტიკური ველის მონოპოლიზება. მესამე გზა ნიშნავს ამ ორთან დაპირისპირებას და არჩევანის დატოვებას საზოგადოებისათვის.
– ბიძინა ივანიშვილის მიერ დახარჯული მილიონების ფონზე, მისი კოალიციის რეიტინგი არ გაზრდილა. თქვენი აზრით, მოახერხებს მხარდამჭერთა ელექტორატის შეგროვებას ოლიგარქის კოალიცია 2012 წლის 12 ოქტომბრამდე?
– ვერ გეტყვით. ზოგადად გუნდში ჩამოუყალიბებლობა ბევრ პრობლემას ქმნის. ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ ქართველი ხალხი ორიენტირს დასავლეთზე აკეთებს. ახლა ივანიშვილმაც განაცხადა, კურსი დასავლეთისკენ გვაქვსო. ეს ძალა არ დგას რაიმე მყარ პოლიტიკურ შეხედულებაზე, რის გამოც ძნელია თქმა იმისა, რამდენად შეინარჩუნებს ის მხარდამჭერებს ან მოიპოვებს. ჩემი ინფორმაციითაც, მათი რეიტინგი არ არის ის, რაც იყო პირველ ეტაპზე, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ.
– ბიძინა ივანიშვილმა მის აქტივებს რუსეთში ორმაგი ფასი დაადო, რის გამოც მისი გაყიდვის პროცესი გართულებულია. თქვენი აზრით, არ სურს ოლიგარქს რუსეთში ბიზნესის გაყიდვა და სურს, ამის პარალელურად საქართველოში პოლიტიკის კეთება?
– ერთი რამ ფაქტია, კრემლის გარეშე რუსეთში ბიზნესი არც კეთდება და არც რუსეთის გარეთ გადის.
0