14:36:20     29-02-2012
მატყუარა გია ცაგარეიშვილმა, პარლამენტში, სხვისი სახლების ფოტოები ააფრიალა

„მტირალა ზუზუ“- ასე მოიხსენიებენ პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილს, რომელმაც პოლიტიკური ბოსების ცვლაში, ლამის, თვით ჯონდი პარტიანაცვალსაც კი გადაუსწრო. არადა დრო იყო, „გაიშნიკი“ ცაგარეიშვილი, საგზაო პოლიციის სამმართველოს მე-11 ოთახში, მუდმივად მარჯვენა უჯრაგამოღებული იჯდა და მართვის მოწმობებს ბითუმად და სახლში მიტანით ყიდდა. მერე ოქრუაშვილის გამო იტირა, ახლა გვარწმუნებს, რომ არაკორუმპირებულ და ჯანსაღ მომავალს აგვიშენებს, როცა თავად ხელები გასვრილი აქვს წარსულ კორუფციულ მანქანაში.
თუმცა, მთავარი ეს არაა: ცაგარეიშვილმა, გუშინ პარლამენტში ღიად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იცრუა. „გაიშნიკს“, სააკაშვილის ცნობილი ჟესტი არ გამოუვიდა და იაფფასიანი ტრიუკი შერჩა ხელთ. წლების წინ, როცა სააკაშვილმა შევარდნაძეს, მისივე მინისტრების სახლების ფოტოები აუფრიალა, მაშინ აბსოლუტურად ყველა ფოტოზე გამოსახული ვილა, მინისტრებს ეკუთვნოდათ, ოჯახებით იქ ცხოვრობდნენ და არც უარყოფდნენ. ახლა კი, გიორგი ცაგარეიშვილმა უბრალოდ, შუშის სასახლიდან წამოსული მითითები (თან რომ ჭირის ოფლი ასხამდა, ბიძინას საშინაო დავალება არ შემეშალოსო), შეასრულა, თუმცა უნიჭოდ.
ასე, ყველას შეგვიძლია გადავიღოთ რომელიმე ელიტარულ უბანში მშენაბრე სახლი და დავიწყო იმის მტკიცება, რომ ეს გიორგი ცაგარეიშვილს ეკუთვნის. ცაგარეიშვილის ტყუილი 1: დავით კეზერაშვილი რომ მისივე თანაპარტიელის, ირაკლი ალასანიას გვერდით ცხოვრობს, სოლოლაკში, ამაღლების ქუჩა 1-ში მდებარე კორპუსში, ეს თავად იცის ცაგარეიშვილმა, ხშირად დადის იქ და საკუთარი თვალითაც ხედავს. მაგრამ, მას, პიარი ივანიშვილის ფულიანი ქისის მოსაპოვებლად სურდა და ტყუილების კასკადიც ამიტომ დატრიალა.
ნომერი მეორე ტყუილი, მერაბიშვილის ვითომდა ფეშენებელურ ვილას ეძღვნებოდა. სინამდვილეში, თავად ცაგარეიშვილმაც მშვენივრად იცის, რომ ეს ახალგაზრდული მოძრაობის აგორებული პიარი იყო, როდესაც ამ სახლთან მისული ახალგაზრდები გვერდით მცხოვრებმა მეზობელმა გამოყარა, რას იტყუებით ეს სახლი, უკრაინაში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს ეკუთვნისო, თუმცა ცაგარეიშვილისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან ასე სჭირდებოდა „დიად ბიძინას“.
2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ივანე მერაბიშვილი ფლობს უძრავ ქონებას თბილისში, ვაჟა ფშაველას მე–6 კვარტალში, რომლის ფართობი 45.0 კვადრატული მეტრია. მასვე ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი ახალციხეში, რომლის ფართობი - 800.0 კვადრატული მეტრია. აღნიშნული წლის დეკლარაციის თანახმად, მინისტრისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურება: ვანო მერაბიშვილს "ბანკ ქართუ"–ში მიმდინარე ანგარიშზე 119822.81 ლარი ჰქონდა; ,,საქართველოს ბანკში“ – 11025 აშშ დოლარი; ასევე ,,საქართველოს ბანკის' მიმდინარე ანგარიშზე – 2386 ევრო ერიცხებოდა; „რესპუბლიკა ბანკში“ – 7806.0 ლარი; ,თი–ბი–სი ბანკში“ – 297.0 აშშ დოლარი. რაც შეეხება 2011 წლის ქონებრივ დეკლარაციას, მასში მოყვანილი მონაცემების თანახმად, მინისტრ მერაბიშვილის უძრავი ქონებას წინა წლის შემდეგ არაფერი შემატებია.
მესამე ტყუილი ზურაბ ადეიშვილის ქონებრივ მდგომარეობას ეხება. იგი, ცაგერის ქუჩა 3-ში ცხოვრობს და ქონებრივ დეკლარაციაშიც აქვს მითითებული. ასე რომ, ცაგარეიშვილის პიარ-ტყუილები მხოლოდ იაფფასიანი ტრიუკები იყო, რომელითაც მხოლოდ ივანიშვილი თუ „დაბოლდება“ და ცაგარეიშვილიც შუშის სასახლიდან პირად ბიუჯეტს შეივსებს.
0