გიორგი ბარამიძე:  რუსმა ხალხმა გაიგოს, რომ ქართველები მათი მტრები არ ვართ გიორგი ბარამიძე: რუსმა ხალხმა გაიგოს, რომ ქართველები მათი მტრები არ ვართ />


  12:11:59     29-02-2012

გიორგი ბარამიძე: რუსმა ხალხმა გაიგოს, რომ ქართველები მათი მტრები არ ვართ

a15621.jpg

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით, ქართულმა მხარემ, იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ქვეყანა ცივილური ნორმებით მოქმედებს.  

როგორც „პრესა.ჯი“-ს ბარამიძემ განუცხადა, საქართველოს მთავრობა ზრუნავს, რომ სახელმწიფო  ეკონომიკურად განვითარებული იყოს და ქართული მხარე, მიესალმება რუს ტურისტებს, რუს ბიზნესმენებს და არა რუს ტანკისტებს.

მისი თქმით, ვინაიდან, საქართველოს პოტენციალი აქვს, თუ რუს ბიზნესმენებს სურვილი გაუჩნდებათ, რომ ინვესტიცია ქვეყანაში ჩადონ, ამას მთავრობა მხოლოდ ხელს შეუწყობს.

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანაა და რატომაც არა - რუსი ბიზნესმენები მოვიდნენ. საქართველოში, დამატებითი სამუშაო ადგილები როგორც რუსი ტურისტის ჩამოსვლით შეიქმნება, ასევე მოხდება რუსი ინვესტორების მიერ შექმნილი საწარმოებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდება და სახელმწიფო კიდევ უფრო განვითარდება. ამას გარდა, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, მშვიდობიანი დეოკუპაციის პროცესამდე მივყავართ“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილის ამ წინადადებასთან დაკავშირებით, თუ რა რეაქცია ექნება კრემლს, ბარამიძე ამბობს, რომ ინიციატივას, მოსკოვი გაღიზიანებანარევი პოზიციით შეხვდება და შეიძლება, ამ პროცესს, ხელიც კი შეუშალოს.

„მართალი გითხრათ, რუსეთისგან გაღიზიანებანარევ რეაქციას  ველოდებით, ისეთ რეაქციას, რომელმაც შეიძლება ამ პროცესს, რაღაცნაირად ხელი შეუშალოს, რადგან რუსეთს, დღეს, ერთის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური გაძლიერების ეშინია. პრინციპში, ეს ნათელია, რადგან საქართველოში რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა და რაც უფრო  მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, საქართველო მით უფრო გაძლიერდება. მოსკოვი იფიქრებს, რომ უბრალო დამსვენებთან ერთად, შეიძლება ქვეყანაში ისეთი ადამიანიც ჩამოვიდეს, რომელსაც რაღაც გააჩნია და როცა ის დაინახავს ქართველ პოლიციელს, იმას რომ აქ რუს არავინ ერჩის, რუსოფობია არ არსებობს და ნახავს, რომ საქართველო  მრავალეთნიკური ქვეყანაა, მიხვდება, რომ რუსეთში მას  პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით, სულ სხვა საქართველოს უხატავენ“, - განაცხადა ბარამიძემ.

მინისტრის შეფასებით, მოსკოვს იმისაც ეშინია, რომ რუსებმა არ დაინახონ, საქართველოში - ტერიტორიითა და მოსახლეობით პატარა ქვეყანაში, წარმატებული რეფორმები მიმდინარეობს.

„მოსკოვს  ეშინია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა არ დაინახონ, რომ  ტერიტორიულად ამ  პატარა ქვეყანამ, მიუხედავად ოკუპაციისა და მონსტრის  მუდმივი შემოსევებისა, ქვეყნის განვითარება შეძლო. ამის ფონზე კი, იმპერიალისტურმა, მოლაყბე კრემლის ხელისუფლებამ, ამის ნახევარიც ვერ მოახერხა. როცა, რუსეთის მოქალაქე საკუთარ სამშობლოში ჩავა, ამაზე სერიოზულად დაფიქრდება,  კითხვას დასვამს და კიდევ უფრო მეტად ხმამაღალი იქნება ის პროტესტი, რომელიც ახლა  მოსკოვის ქუჩებში ჟღერს. მოსკოვს, სწორედ  საქართველოს მოდერნიზაცია, დემოკრატიული განვითარება და წარმატებული რეფორმები აშინებს.  კრემლის მმართველებს შეეშინდებათ, რომ რუსმა ხალხმა  საქართველოს შესახებ სიმართლე  გაიგონ.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც თავის დროზე, რუსულენოვანი არხის გახსნას ხელი შევუწყვეთ და კულტურული კავშირები არ გავწყვიტეთ, ასე გახდება საქართველოს შესახებ სიმართლე ხელმისაწვდომი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, მათი ხელისუფლება ჩვენ გვებრძვის და მათ საქართველოს 20 პროცენტი აქვთ დაპყრობილი.  მათგან ჩვენ  არაფერი გვინდა, რადგან ჩვენ სამაგალითო ქვეყანა ვართ“, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძე „პრესა.ჯის“-თან საუბრისას, რუსეთში დანიშნულ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ არჩევნებით,  რუსეთის რეჟიმის დასასრული დაიწყება.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში პუტინი გაიგივებულია ბნელ ძალასთან, კგბ-ს ელემენტთან და  ამბობენ, რომ პუტინის ფორმალური გამარჯვებით, მისი ყველაზე მეტად დამარცხება მოხდება. „რუსეთის მოსახლეობის თავმოყვარეობა  საბოლოო ჯამში იმას იზამს, რომ ასეთი კგბ-ს გადმონაშთი რუსეთში ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს, ეს გარდაუვალია. ამ არჩევნებით, რუსეთის რეჟიმის დასასრული დაიწყება“, - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით, პარლამენტში, გასული წლის ანგარიშის წარდგენისას გამოვიდა.

0

ავტორი: