10:39:38     29-02-2012
ზაიცევი: პუტინი ჰიტლერის თავის ქალისგან შექმნეს, იგი ჰიტლერის კლონია

რუსეთის სახელისუფლო მედია ამ დღეებში თითებზე ითვლის, სად, როდის და რა ვითარებაში დაემუქურა ვლადიმერ პუტინის სიცოცხლეს საფრთხე. „პრესა.ჯი“ ამ „ტრაგიკული“ ისტორიებიდან ერთ-ერთს გიამბობთ, რომლის „აღკვეთა-გამოძიებაშიც“, თავის დროზე, აქტიურად იყო ჩართული მთელი რუსეთის სამართალდამცველ-სპეცსამსახურობა, მედია კი მწუხარებით იუწყებოდა, რომ „ეს ადამიანი, ვლადიმირის ოლქის მცხოვრები ივან ზაიცევი, 6 თვის განმავლობაში ამზადებდა თავდასხმას ვლადიმერ პუტინზე.“
ერთ მშვენიერ დღეს, კრემლის მისადგომებთან „ჟიგული“ გამოჩნდა, რომლის მძღოლიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი იყო. მან ასე წარუდგინა თავი დაცვას: „გამარჯობათ, მე რუსეთის პრეზიდენტი ივან ზაიცევი ვარ. გამიძეხით ვლადიმერ პუტინთან“. „პრეზიდენტ“ ზაიცევს მაშინვე ხელბორკილები დაადეს და მილიციის განყოფილებაში გააქანეს.
გაირკვა, რომ ეს მეორე მცდელობა იყო 39 წლის ზაიცევისა, კრემლში შეეღწია. პირველად ის ამას ერთი წლის წინაც შეეცადა, როცა დაცვას განუცხადა, რომ სასწრაფოდ საქმე ჰქონდა პრეზიდენტთან - სახელმწიფო საიდუმლოება! და პუტინთან, როგორც „პრეზიდენტს“ „პრეზიდენტთან“ უნდა ესაუბრა.
მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა გამოაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს, გაირკვა, რომ ზაიცევი არა მილიციის, არამედ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქვემდებარეა… სადაც საბოლოოდ, მოათავსეს კიდეც. ექიმებმა კი დაადასტურეს, რომ ზაიცევმა თავად აღიარა, თითქოს, მართლაც აპირებდა პუტინის მოკვლას და ამის ახსნასაც შეეცადნენ: ზაიცევს ძმა მოუკლეს, რომელსაც თავი მოჰკვეთეს და სწორედ ამიტომ, შურისძიებას პუტინის თავის მოკვეთით გეგმავდა…
ზაიცევი, რა თქმა უნდა, დაკითხეს, - თუ რატომ სურდა პრეზიდენტის მოკვლა, რაზეც მან უპასუხა, რომ უკანასკნელ ხანებში, პუტინს აღიქვამდა, როგორც „გერმანელ ჯაშუშს“, რომელსაც რუსეთი ნაციზმისაკენ მიჰყავდა. ეს აზრი კი იმის გამო გაუჩნდა, რომ მისივე თქმით, ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას მედიაში, ქვეყანაში ბოგინობდნენ ნაცისტური დაჯგუფებები…
ფსიქიატრებმა დაასკვნეს: ივან ზაიცევი მართლაც საშიშია პუტინისათვის და ის ფსიქიატრიულში გაამწესეს. განიკურნა თუ არა ზაიცევი არავინ იცის, მაგრამ ცნობილია, რომ ფსიქიატრიულიდან გამოსვლის შემდეგ მან დაწერა წიგნი - „პუტინი - ჰიტლერის კლონი“ და ასეთი სახელწოდების ინტერნეტსაიტიც შექმნა. მეორედ სამართალდამცველებთან ურთიერთობაც სწორედ ამის გამო მოუხდა. მას, სულერთია, იყო თუ არა გიჟი, რა თქმა უნდა, არცერთ მდგომარეობაში არ აპატიებდნენ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის შეურაცხყოფას.
წიგნში კი ის „საშინელებებს“ წერდა, - რომ ბაიკალის ტბის მახლობლად პარალელურ სამყაროში არსებობდა სატანისტური ცენტრი ეშმაკის პროექტის განსახორციელებლად. პროექტის მიზანი დედამიწის დაპყრობა იყო. რომ ამ ცეტრში მუშაობდნენ ფიურერის კლონები, რომელთაგან კლონი №317 სწორედ ვლადიმერ პუტინი იყო. როგორც ზაიცევი ამტკიცებდა, სატანისტებმა პუტინი ჰიტლერის თავის ქალისგან შექმნეს. წიგნში ის ასევე ჰყვებოდა თავის ფარულ კავშირზე სატანის უმაღლეს მსახურებთან, რომელთა ლიდერიც ვლადიმერ პუტინი იყო. ამიტომ ზაიცევი თავის თავს ნამდვილ პრეზიდენტს, პუტინს კი თვითმარქვიას უწოდებდა და ყველას უხსნიდა, რომ 2000 წელს გაიცნო კლონირებული ადამიანები, რომლებმაც ის ამ პოსტზე აირჩიეს.
ასეთია პუტინის ლიკვიდაციის მცდელობის ერთ-ერთი ისტორია, რომლის გვერდითაც, ისტორიაში, ალბათ, გუშინ აღკვეთილი თავდასხმის მცდელობის ამბავიც შევა.
0