საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის სტუმრობის ქრონიკა საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის სტუმრობის ქრონიკა />


  10:17:25     29-02-2012

საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის სტუმრობის ქრონიკა

a15609.jpg

პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებსა და ახალ ინიციატივებზე მომზადებული საათი და 5 წუთიანი მოხსენება, 37-ჯერ ტაშით შეწყვეტილი გამოსვლა, ჩიორა თაქთაქიშვილისთვის მირთმეული თაიგული, არაერთსულოვანი ოპოზიცია და ჯონდი ბაღათურიასთვის გამზადებული “ტალახიანი აბაზანები” - ასეთი იყო 28 თებერვლის, საპარლამენტო დებატები და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის მოხსენება.

საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის გამოსვლა 20:00 საათისთვის იგეგმებოდა და სწორედ, ამ დროს, სხდომათა დარბაზის კარი გაიღო, მაგრამ მანდატურთუხუცესის მურთაზ შალუაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა - “მისი აღმატებულება - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი” ნაადრევი აღმოჩნდა, რის გამოც, შალუაშვილი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა და ტრიბუნასთან “გალახული ბავშვივით” დადგა, მაგრამ მისი დატუქსვა არავის უცდია და პირიქით, მისი კრიტიკული ვითარებიდან გამოყვანა 20:14 წუთზე, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მოახერხა, რომელმაც პრეზიდენტის დარბაზში შემოსვლა, მას ხელით ანიშნა და მეორე შეძახილი გაცილებით უფრო ომახიანი აღმოჩნდა. პრეზიდენტთან ერთად, სხდომათა დარბაზში, წითელ ხალიჩაზე პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე გამოჩნდა და ქვეყნის პირველი პირების დანახვას, დეპუტატების ტაში და ფეხზე წამოდგომა მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლებთან ერთად, პრეზიდენტს მისი უწმინდესობა ილია მეორე შეხვდა, რომელმაც ქვეყნის პირველი პირი დალოცა. მანამდე კი, საქართველოს პატრიარქისა და წმინდა სინოდის  სხდომათა დარბაზში შემოსვლას, სიჩუმე და განსაკუთრებული სითბო მოჰყვა. უწმინდესმა ადგილი წინასწარ გამზადებულ სავარძელში დაიკავა და მან პრეზიდენტის გამოსვლას თვალ-ყური, სწორედ იქედან ადევნა, ხოლო, მიხეილ სააკააშვილის მოხსენების შემდეგ, დარბაზი დატოვა.

უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად, დარბაზში პრეზიდენტის გამოჩენა  დეპუტატებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის უჩვეულო იყო, რადგან მან სხდომთა დარბაზში თაიგულით შემოაბიჯა. სწორედ, ეს თაიგული აღმოჩნდა ჩიორა თაქთაქიშვილისთვის პრეზიდენტის სიუპრიზიც და დაბადების დღის საჩუქარიც.

პოლიტიკური დებატების დაწყებამდე, პრეზიდენტმა გამოსვლისას ყურადღება, საქართველოს უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე, დასაქმებასა და ახალ ინიციატივებზე გაამახვილა და ოპოზიციის ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომელიც რეფორმებსა და საერთაშორისო არენაზე, ქვეყნის დიპლომატიურ წარმატებებს, მხოლოდ ხელისუფლებას აწერს. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას, ოპოზიციას რჩევებიც მისცა.

პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა ოპოზიციას მოუწოდა ქვეყნის წინსვლით “ნუ დაიბოღმებიან”, რადგან საქართველოს წინსვლა  ქართველი ხალხის წარმატებაა და არა ხელისუფლების. ამას გარდა, პრეზიდენტმა ოპოზიცია “პოლიტიკურ რინგზეც” გამოიწვია – “თუ მაგრები ხართ დაგვამარცხეთ. შემიძლია გზა გასწავლოთ, მაგრამ ამისთვის წიგნები არსებობს და უნდა წაიკითხოთ”.

სხდომათა დარბაზში, პრეზიდენტს აღნიშნულ გამოსვლებს, მმართველი გუნდი მხურვალე ტაშით აწყვეტინებდა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ამ ოვაციიამ 37-ჯერ იფეთქა.

რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს, ოპონენტების გამოსვლები ჩვეულ რეჟიმში წარიმართა. ოპოზიციის კრიტიკას, უმრავლესობა ჯერ ფურცელზე ინიშნავდა, შემდეგ კი, მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციის ქილიკს არ ერიდებოდნენ. 

უნდა ითქვას, რომ ოპოზიციაში არაერთსულოვნება იგრძნობოდა, ამისი ნათელი მაგალითი იყო “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერის გამოსვლა, მან უმცირესობის ტაში დაიმსახურა, მაგრამ არა და ვერა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრების, მათ შორის გამონაკლისი მხოლოდ რომან მარსაგიშვილი იყო, რომელმაც კოლეგას ტაში მოკრძალებულად დაუკრა. უნდა ითქვას, რომ კონკურენცია ოპოზიციას შორის უფრო იგრძნობოდა, ვიდრე სხვადასხვა პოლიტიკურ ორბიტაზე მყოფ ძალებს შორის.

მართალია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, არც პოლიტიკურ დებატებამდე უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ დროის გადანაწილებისა და რიგითობის დაცვის გამო, განაწყენებულმა ჯონდი ბაღათურიამ თარგამაძეს ტაში არც მწვავე გამოსვლის შემდეგ დაუკრა. ეტყობა, ბაღათურია იმის გამო გაღიზიანდა, რომ პოლიტიკური დებატების დაწყებისას, ტრიბუნა პირველმა გიორგი თარგამაძემ დაიკავა, არადა, ამ მხრივ, “პირველ მერცხლობას” სწორედ ბაღათურია არის მიჩვეული.

გარდა ამისა, ბაღათურიამ პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებით, “ქონებრივი დეკლარაცია” წარმოადგინა, რასაც პრეზიდენტის გაღიზიანების ნაცვლად, მისი ცინიზმი მოჰყვა.

“თქვენ ამბობთ, რომ მამაჩემი ბალნეოლოგიურიი კურორტების მფლობელია, მაგრამ ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მოვალეობაა და მაგარ ტალახს, კარგ აბაზანას გავამზადებინებ, მანდატურებს კი, ვთხოვ გაგაცილოთ და კარგად დაგზილონ”, - მიმართა ბაღათურიას პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა ბაღათურიასა და ოპოზიციონერებს რჩევა-დარიგება კიდევ არ დაამადლა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მას ხშირად ეკითხება, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ თუ რას აპირებს. მისი შეფასებით, ოპოზიცია ამ საკითხით იმიტომ ინტერესდება, რომ ოპოზიცია 2012 წლის არჩევნებში დამარცხებას უკვე შეგუებულია, რის გამოც, მისი პოლიტიკური მომავლით ინტერესდებიან.

ამასთან, პრეზიდენტი ოპოზიციის საგარეო მოლოდინებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც, საქართველოში რომელიმე მსოფლიო ლიდერი ჩამოდის, ოპოზიცია ამბობს, რომ ნიკოლა სარკოზი, ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა მას თან წაიყვანს და ხელისუფლებას ჩამოაშორებს, თუმცა, “გუდიანი კაცი” არავინ არის, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება პროცესებს ჩამოაშოროს.

პრეზიდენტმა გამოსვლის დროს, მომავალ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მომავალ წელს, მისი გამოსვლა ქუთაისის ახალ პარლამენტში გაიმართება.

28 თებერვლის პოლიტიკური დღის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური დებატები შეაფასა და განაცხადა, რომ “დღევანდელი დღე ჩაბულბულდა”.

მმართველი გუნდი, პოლიტიკური დებატებით კმაყოფილი ჩანდა, ხოლო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის “უკმაყოფილო”.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, მთავრობის წევრები, დიპკორპუსისა და  რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, გუბერნატორები და დედაქალაქის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

0

ავტორი: