21:12:20     28-02-2012
„ქართველი ერის არჩევანია დასავლეთი“

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში 20.00 საათზე მივიდა. "მოგესალმებით ბოლოჯერ. როცა დარბაზში ვარდებით პირველად და უკანასკნელად შემოვეედი, მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ახლა კი აქ ხალხის ჟრიამული უკვე ისმის. რაც მთავარია ქვეყანა ძალიან შეიცვალა" - მიმართა პუბლიკას პრეზიდენტმა.
იერუსალიმიდან ახლახანს დაბრუნებული პატრიარქისადმი მისალმების შემდეგ, პრეზიდენტი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს მიესალმა და პარლამენტარებს და დამსწრე სტუმრებს დაღუპული მებრძოლებისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგება სთხოვა.
პრეზიდენტის 25 გვერდიანი ანგარიშის წარდგენა, 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე როგორიცაა, ეკონომიკა, ტურიზმი, განათლება, ჯანდაცვა, დასავლურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ხალხის დასაქმებაა.
"მესმის, რომ ადამიანს, რომელსაც ოჯახი ჰყავს სარჩენი, სკოლაში ან უმაღლესში შვილი ჰყავს გასაშვები, როცა სამსახური არ აქვს და უპერსპექტივობის განცდა აქვს, ჩალის ფასი აქვს პარლამენტის ტრიბუნიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროცენტებთან დაკავშირებით ხმამაღლა გაკეთებულ განცხადებას, მაგრამ მინდა თითოეულ ასეთ ადამიანს მივმართო პარლამენტის ტრიბუნიდან - ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე ვითარდება.
შორს არაა ის დრო, როცა ამას საკუთარ ცხოვრებაზე იგრძნობთ; ნუ გეშინიათ, გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მთელი მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქეთკენ, რომ ქვეყნის წარმატება თქვენ პირად წარმატებად აქციოთ; ნუ გეშინით და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მე, როგორც თქვენს მიერ არჩეულ პრეზიდენტს, კარგად მესმის თქვენი და სრული სიმწვავით ვგრძნობ თქვენს ტკივილს"
"მიუხედავად ჯერაც ბევრი პრობელემისა, თუნდაც ბოლო დროს საწვავზე ფასის მკვეთრი ზრდისა, ჩვენი ეკონომიკა უკვე სტაბილურად იკრებს ძალას. გასულ წელთან შედარებით, თითქმის 67 პროცენტით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა, რაც, რა თქმა უნდა, სასურველზე ნაკლებია, მაგრამ არის იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენი რეგიონის უმეტესობაში და თითქმის ორჯერ უფრო მეტი იყო ვიდრე რუსეთში" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ჩვენ როგორც ერი, ვართ უკვე დასავლეთის ნაწილი. ქართველი ერის არჩევანია დასავლეთი“... "არც იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ თვითკმაყოფილმა მოვიწონო თავი თქვენ წინაშე - ჩვენი დემოკრატიისა და წინსვლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მუდმივად მოითხოვოთ პასუხი ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირების შესრულებაზე, ეს ეხება წარსულში გაკეთებულ დაპირებებსაც და დღევანდელსაც - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა გააჟღერა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველო გამოდის ინიციატივით, რომ ცალმხრივად გაუქმდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. საქართველოს პირველმა პირმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ამით მიეცემათ საშუალება ჩამოვიდნენ საქართველოში, ნახონ, თუ რა ხელსაყრელი გარემოა ბიზნესის წარმოებისათვის და დასასვენებლად.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, გამოცხადდა შესვენება, შემდეგ კი დაიწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები. პოლიტიკურ დებატებს უმცირესობის ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი თარგმაძე გახსნის. გამოსვლასაც და დებატებსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
0