22:16:35     25-02-2012
„გაზპრომის“ ერთ პროცენტში გაცვლილი სამშობლო

25 თებერვალი ყველა ქართველისთვის, მიუხედავად იდეოლოგიის, პოლიტიკური თუ სხვა სახის მრწამსისა, ერთნაირად მტკივნეული დღეა - საქართველოს გასაბჭოების დღე. დღე, როდესაც ჩვენმა სამშობლომ თავისუფლება დაკარგა და ჩრდილოელი ოკუპანტის სამხედრო ჩექმის ქვეშ მოექცა. მიმდინარე კვირა ოკუპაციის კვირეულად იყო გამოცხადებული.
მთელი კვირის მანძილზე კი, ამ ტრაგიკულ თარიღს, სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნას, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თუ უბრალო მოქალაქეები ერთნაირად მიაგებდნენ პატივს. მათი უმრავლესობა ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და საკუთარი დამოკიდებულება სამშობლოს ანექსიისა და იმ ტრაგიკული მოვლენებისადმი, რაც ქვეყანაში გასული საუკუნის 20-იან წლებში განვითარდა, ასე გამოხატა.
თუმცა, აქაც გამოჩნდა გამონაკლისი. მთელი კვირის მანძილზე, არსად გამოჩენილა დიდი ზარზეიმით და გრანდიოზული ამბიციებით შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“. თავად ოლიგარქი სოციოპათი რომ ბრძანდება და მხოლოდ ხუთ თვეში ერთხელ ტოვებს საკუთარი სასახლის გალავანს, უკვე ცნობილია, მაგრამ პარტიასა თუ მოძრაობაში მის ჯიბეს ჩამოკიდებულთა მთელი არმია, რომელიც მთელი რიგი საეჭვო სუბიექტების ხარჯზე ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა, ხალხში გამოჩენის ფობიით დაავადებული არასდროს ყოფილა. პირიქით, მათ უმრავლესობას ძალიანაც მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომაც მართლაც უცნაურია, რატომ არცერთი მათგანი არ გამოჩნდა დაღუპული გმირების და ზოგადად, ამ თარიღისადმი პატივის მისაგებად, შესაბამის ადგილებში. როგორც ჩანს, მათ საამისოდ დირექტივა „მთლად უფროსისგან“ მიიღეს და ამიტომაც შეკრეს პირი ასე ერთდროულად.
მაინც რატომ არ მოისურვა ოლიგარქმა 25 თებერვლისათვის პატივის მიგება? იმიტომ ხომ არა რომ მისთვის ამ თარიღზე წმინდა სხვა მატერიალური ფასეულობები, მათ შორის, „გაზპრომის“ ის ერთი პროცენტია, რომელსაც ბიძინა რუდუნებით უფრთხილდება?
როგორც ჩანს, ჟირინოვსკის და კრემლის სხვა უფრო მაღალი ეშელონების წარმომადგენლების აგრესიამ და დამოკიდებულებამ 25 თებერვლის, ოკუპაციის მუზეუმის და ამ თემებისადმი, თავისი შედეგი გამოიღო და ოლიგარქმაც თვალში მოხვედრა და მათი გაღიზიანება არ მოისურვა.
თუმცა, თუ მისი აზრებიდან, ქცევებიდან და ზოგადად, ბიოგრაფიიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, არც ის არის გამორიცხული, რომ საბჭოთა კავშირი ბიძინასთვის სულაც არ იყოს ცუდად მოსაგონარი ეპოქა საქართველოსთვის და პუტინის შეხედულებებსაც იზიარებდეს დიადი სოციალისტური სამშობლოს აღდგენაზე. ფაქტია, რომ რუსული ბექგრაუნდის ოლიგარქი, საკუთარი საქციელით, ასეთი დასკვნისათვის, საკმაოდ დიდ მასალას იძლევა.
0