21:41:39     25-02-2012
მოსკოვი „პრეზიდენტს“ ირჩევს: მაკედონელი, ბონაპარტე, პეტრე პირველი, ჩერჩილი თუ ჩინგისხანი?

მოსკოველ ამომრჩეველს დღეს მოუწოდეს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და ხმა მისცენ… ალექსანდრე მაკედონელს, ნაპოლეონ ბონაპარტს, პეტრე პირველს, უინსტონ ჩერჩილს ან ჩინგისხანს. მოსახლეობისათვის არჩევანის გაადვილების მიზნით, საარჩევნო ბიულეტენებში თითოეული კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემების, ოჯახური მდგომარეობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია შეიტანეს, ასევე მითითებულია პირთა წრე, თუ ვის მიერაა წამოყენებული ესა თუ ის კანდიდატი, თუმცა ინიციატორთა ვინაობის შესახებ ფართო მასებისთვის ჯერ არაფერია ცნობილი.
ჯერ არც შედეგებია ხელმისაწვდომი, ვინ არჩია მოსკოველმა ამომრჩეველმა საკმაოდ პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე კანდიდატებს შორის.
თუმცა მთავარი ამჯერად ის არ არის, თუ ვინ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას. მოსკოვის 12 საარჩევნო უბანი 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიაციას გადის.
სცდიან ვიდეოტრანსლაციის სისტემას, ასევე „მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილემ, - კანდიდატების შტაბებმა, მათი ნდობით აღჭურვილმა პირებმა, კომისიის წევრებმა სამუშაო რეჟიმში გაიცნონ ერთმანეთი და პროცესის სუსტი წერტილები აღმოაჩინონ“ - განაცხადა მოსკოვის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა.
ასეთი წინასაარჩევნო რეპეტიაცია მოსკოვში პირველად ტარდება. ხმების დათვლის შემდეგ, რასაც ჟურნალისტებიც დაესწრებიან, შედგება ოქმები და გამოცხადდება, თუ ვინ გახდება რუსეთის პრეზიდენტი - მაკედონელი, ბონაპარტე, პეტრე პირველი, ჩერჩილი თუ ჩინგისხანი. არჩევნების რეპეტიციის პარალელურად, მოსკოვში კვლავ ჩატარდა საპროტესტო აქცია, სადაც საზოგადოებამ ანტისახელისუფლო მოთხოვნები და ლოზუნგები გააჟღერა. 0