22:08:28     24-02-2012
პატარა ვალოდია ბავშვობიდანვე „კაგებეშნიკობდა“ - ამ ისტორიების კითხვას მოსწავლეებს აიძულებენ

რუსეთში სკოლებს აიძულებენ შეისყიდონ წიგნი ვლადიმერ პუტინზე, რომელიც მისი კლასის ხელმძღვანელმა ვერა გურევიჩმა დაწერა. მართალია, სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ 120-120 ეგზემპლარის შეძენა მათივე სურვილით ხდება, მაგრამ ჟურნალისტებმა მოიძიეს დოკუმენტი, რომელშიც ტვერის ოლქის სასწავლო დაწესებულებებს ადგილობრივი განათლების განყოფილება წიგნის შესყიდვას პირდაპირ ავალდებულებს. დოკუმენტში სკოლების სიაცაა ჩამოწერილი და მითითებულია, რომ სულ 18 სასწავლო დაწესებულებაში, მინიმუმ, 1000 ეგზემპლარი უნდა შეიტანონ. აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი 2004 წელს ერთხელ უკვე გამოუციათ და ახლა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ის ხელახლა ჩამობეჭდეს. ზოგიერთი სკოლის დირექტორმა კი ანონიმურობის პირობით აღიარა, რომ პუტინის მოსწავლეობის პერიოდზე დაწერილი წიგნის შესყიდვა მათ აიძულეს. „გაპროტესტება არ შემეძლო. ჩვენ განათლების განყოფილებიდან სხვადასხვა წიგნებზე რეკომენდაციებს ვიღებთ ხოლმე, მაგრამ მსგავსი ხასიათის წიგნზე - ეს პირველი შემთხვევა იყო. ფული მათ შესაძენად სასკოლო ბიუჯეტებიდან გამოიყო“.
განათლების მუშაკთა პროფკავშირებმა გააპროტესტეს ის რაოდენობაც, რომელიც ყოველი სკოლისათვის სავალდებულო გახდა და ჩინოვნიკებსა და წიგნის გამომცემლებს შორის კორუფციული გარიგების კვალზე მიუთითეს.
პუტინის ბავშვობის წლებზე დაწერლი წიგნის სკოლებში შეტანის ერთ-ერთი მიზანი ალბათ ისიცაა, რომ მოსწავლე პუტინი სამაგალითოდ იქცეს დღევანდელი მოსწავლეებისათვის. თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად სამაგალითოა ის, რომ „სკოლაში ვალოდია ასწრებდა ჩაეხედა, თუ რა ხდებოდა მარჯვენა და მარცხენა მეზობლის რვეულში, ასევე მის უკან მჯდომის რვეულში, მუდმივად მერხის ქვეშ ძვრებოდა, რადგან ხან კალამი უვარდებოდა, ხან ფანქარი“ - წერს მისი ყოფილი დამრიგებელი.
მათზე, ვინც უკვე ეზიარა ვალოდიას სიყრმის წლებს, ამ მოგონებამ მხოლოდ ერთი შთაბეჭდლება დატოვა: რომ ვოვა, „კგბ“-შნიკის თვისებებს, განსაკუთრებით, ვითომდა შემთხვევით კალმის დაგდების ხელოვნებას, ბავშვობაშიც კარგად ფლობდა და იყენებდა.
წიგნში არის ასეთი „სამაგალითო“ შტრიხიც, რომ პუტინი, რომელიც დღე და ღამე საბჭოთა კავშირს მისტირის, პიონერთა რიგებში არა მე-3, არამედ მე-6 კლასში მიუღიათ, რადგან ის „ხშირად კონტაქტობდა ქუჩის „შპანასთან“, რომელიც ეწეოდა და ლუდს სვამდა“. ეს საშინელი სირცხვილი იყო საბჭოთა ბავშვისთვის და გაუგებარია, როგორ გადაიტანა ის პუტინმა - შენიშნავს ფსიქოანალიტიკოსი.
როგორც გაირკვა, პუტინი, ბრეჟნევის შემდეგ ყველაზე ტირაჟირებული ბელადია. მასზე წიგნები ძირითადად მისი საარჩევნო შტაბებისა და ახლო გარემოცვის დაკვეთით გამოიცემა ხოლმე. ყველაზე აპოლოგეტურად მიიჩნევა „იზვესტიას“ ყოფილი სამხედრო მიმომხილველის, ოლეგ ბლოცკის მრავალტომეული „ვლადიმერ პუტინი: ცხოვრების ისტორია“. თუმცა ავტორმა აღიარა, რომ პუტინების ოჯახმა მას აუკრძალა ზოგიერთ თემაზე, მაგალითად, პუტინის ქალიშვილებზე წერა. ბლოცკის თქმით, არის რაღაცეები, რისი აფიშირებაც პუტინს არ სურს. „წიგნში საიდუმლო ბევრია. მასში მოქმედება წყდება 1975 წელს, როცა პუტინმა ანდროპოვის ბრძანებით „კგბ“-ში დაიწყო მუშაობა“. სამაგიეროდ, ავტორს მისცეს უფლება დაეწერა, რომ ვოვაჩკა გმირი-ლიდერის თვისებებით ბავშვობიდანვე იყო შემკული.
მსგავსი „ოდები“ პუტინზე დიდი ხანია მკითხველზე გავლენას ვეღარ ახდენს, მით უმეტეს, მკაცრად განსაზღვრული და ცენზურაგავლილი თემატიკით. მაგალითად, იგივე ბლოცკის წიგნი მკითხველმა ლენინის შესახებ დაწერილ წიგნებს შეადარა, სადაც დახატულია სახე ადამიანისა, რომლისთვისაც უცხოა ადამიანური ნაკლოვანებები, რომელმაც არ იცის რა არის შიში და აღაფრთოვანებს ყველას, ჯერ კიდევ ახალშობილობის პერიოდიდან.
0