რატომ დაიწუნა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი რატომ დაიწუნა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი />


  14:05:31     24-02-2012

რატომ დაიწუნა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი

a15489.jpg

ბიზნესმენის „მუქარა“ მთელ ოპოზიციურ სპექტრს გავაერთიანებ და ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას შევქმნიო, არ გამართლდა.  კოალიციაში, მხოლოდ ოთხი პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება. დანარჩენებთან კი, პერსონალურად ითანამშრომლებენ. კოალიციაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ შუშის სასახლიდან იმზირებიან, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი. ერთს (ძიძიგურს) პოლიტიკურ საბჭოში ადგილი მოუნახეს, დავითაშვილს კი პიარი ჩააბარეს.

კოალიციაში საერთოდ ვერ მოხვდა პარტია „საქართველოს გზა“. როგორც ჩანს, ოლიგარქმა სალომე ზურაბიშვილს ფუჭი იმედი მისცა, შემდეგ კი „გადააგდო“.

„საქართველოს გზაში“ ამტკიცებენ, რომ  ბიძინა ივანიშვილს ისინი არ გადაუგდია. მეტიც, პარტიის წევრის, მამუკა ბალიაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა მის გუნდში, არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე  კახა სეთურიძე  მიიპატიჟა, არამედ მთელი პარტია.

ეს დიდი ტყუილია, ზურაბიშვილის თანაგუნდელთა მხრიდან, რადგან ოლიგარქის შეთავაზება ასეთი იყო – „ვეპატიჟები კოალიციაში პარტია „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ თავმჯდომარეს  კახა სეთურიძესა და „ქალთა პარტიის“ ლიდერ გუგული მაღრაძეს“.  

ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, რომ ამ ადამიანებს თავის პარტიის წევრებიანად ეპატიჟება. ოლიგარქმა  ეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში  პრეს–მდივნის წარდგენისას განაცხადა.   

ჩვენ დავუკავშირდით, „საქართველოს გზის“ წევრსა და ამ ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერს მამუკა ბალიაშვილს, რომელიც ირწმუნება რომ კოალიციაში აუცილებლად შევლენ.

– ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნება“ უკვე წარადგინა, რატომ ვერ მოხვდა მათ რიგებში „საქართველოს გზა“?

–  ასე არ არის. თქვენ ჩქარობთ, ძალიან ჩქარობთ...

– ვამბობ ფაქტს, რომ არ იყავით იმ პარტიათა შორის, ვინც კოალიციაში შევიდა...

– ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება მოლაპარაკება და არ შეიძლება კონსულტაციები.

– ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოალიციის საბოლოო სახე არის ის, რაც დღეს არის. მასში მხოლოდ სამი პოლიტიკური ორგანიზაციაა და დაემატება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პარტია...

–  მიდის კონსულტაციები.

–  ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ მიუწვევია კოალიციაში სალომე ზურაბიშვილი, მან  მხოლოდ თქვენი პარტიის თავმჯდომარე კახა სეთურიძე მიიპატიჟა, სალომე ზურაბიშვილი არც უხსენებია.

– არა, ასე არ ყოფილა. სწორედ სალომე ზურაბიშვილზე თქვა.  

– სალომე ზურაბიშვილი არ უხსენებია, განცხადება სწორედ ასე გააკეთა, რომ ეპატიჟებოდა პარტიის თავმჯდომარე კახა სეთურიძეს. ამის ვიდეო და აუდიო მასალაც არსებობს.

– ასე არ ყოფილა.

– სალომე ზურაბიშვილი როდის დაბრუნდება საქართველოში?

– მან განაცხადა, რომ როცა ქართული პოლიტიკისთვის საჭირო იქნებოდა, მაშინ დაბრუნდებოდა.

– პარტიის წევრებს არ გაქვთ ინფორმაცია, როდის შეიძლება დაბრუნდეს საქართველოში თქვენი პარტიის დამფუძნებელი?

– ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. მკითხავივით გამომივა დღეს, დაბრუნდება, ხვალ დაბრუნდება...  აუცილებლად დაბრუნდება.

როგორც ჩანს „საქართველოს გზის“ წევრები იხტიბარს არ იტეხენ და ცხოვრობენ ოცნებით, რომ მოხვდებიან შუშის სასახლეში. თუმცა თავად ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდანვე ჩანს, რომ ზურაბიშვილის ოცნებას ახდენა არ უწერია.

0

ავტორი: