13:55:16     24-02-2012
ოკუპაციისა და ანექსიის მსხვერპლნი - ნიკოლო მიწიშვილი
შესანიშნავი ქართველი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი ნიკოლო მიწიშვილი ერთ-ერთი მსხვერპლია 1921 წელს რუსული იმპერიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიისა. არა ერთხელ მითქვამს და მაინც უნდა გავიმეორო. როგორც არ უნდა ვაკრიტიკებდეთ ქართველი მენშევიკების იდეოლოგიას და პოლიტიკას, ქართული სახელმწიფო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, არასდროს ყოფილა ხალხის მთქვლეფავი მანქანა, სადამსჯელო ინტიტუტი, მკვლელობის კონვეირი, როგორც რუსეთის მოდერნიზებული ბოლშევუკური იმპერია.
ბოლშევიკური იმპერია არა მარტო იმიტომ იყო საშინელი, რომ მრავალი ხალხის, მეტიც, კაცობრიობის, განვითარება შეაფერხა, და არა ერთი ათეული წლით. არამედ იმითაც, რომ ბოლშევიზმს შეეძლო ნებისმიერ ერში, ნებისმიერ ხალხში, გამოევლინა და წაეხალისებინა ბოროტება, სუსტი ნებისყოფისა თუ უზნეობისაკენ მიდრეკილ ადამიანებს შორის, და ამგვარ ადამიანებს, ბოროტების იმპერიაში დაწინაურება უადვილდებოდათ...
1921 წლის თებერვალში რუსულ ჯარებს წინ მოუძღოდა გადაგვარებული, გაბოლშევიკებული, სერგო ორჯონკიძე... ქართველების წინააღმდეგ რეპრესიებს ხელმძღვანელობდა ქართველი ლავრენტი ბერია.
ნიკოლოზ მიწიშვილის ვაჟი, ილამაზ მიწიშვილი იხსენებდა: „ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, როგორიც მაშინდელი საქართველო იყო, ყელაფერს ერთი ადამიანი წყვეტდა. ეს იყო ბერია. ერთ-ერთი წვეულების დროს ითქვა ბერიას სადღეგრძელო. ნიკოლომ დემონსტრაციულად უარი თქვა დალევაზე. ეს გაიგო ბერიამ და დაემუქრა, ციხეში ამოგალპობო. 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს კი დახვრიტეს.“ ილამაზ მიწიშვილის ვარაუდით, მამამისი, სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად, სოღანლუღთან ახლოს, ტრიალ მინდორში, დახვრიტეს.
იმ დღეებში დაიკარგა, უფრო სწორად, განადგურდა ნიკოლო მიწიშვილის არქივის დიდი ნაწილი, გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები და სხვა...
ნიკოლო მიწიშვილი (ნამდვილი სახელი და გვარი - ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძე) დაიბადა 1896 წლის 8 ნოემბერს.
მომავალი ცისფერყანწელი ქვეყანას მოევლინა ქუთაისის მაზრის სოფელ ჯვარისაში. 1903 წელს, შვიდი წლის ასაკში, შეიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში,შემდეგ სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. მერე დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები. მასწავლებლად მოშაობდა სოფლებში – ტობანიერსა და საჩინოში.
მისი პირველი ლექსი "მთებში" დაიბეჭდა 1912 წელს, ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში", მაშინ ნიკოლო 16 წლისა იყო.
1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთს "გოლოს სალდატა".
1918 წელს ნიკოლო მიწიშვილი შეუერთდა ცისფერყანწელთა ორდენს. აქტიურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭდვით ორგანოებთან -"მეოცნებე ნიამორები", "პოეზიის დღე", "ბახტრიონი", "ბარიკადი ", "რუბიკონი".
1921 წელს, ნიკოლო მიწიშვილის რედაქტორობით, თბილისში, დაარსდა გაზეთი "ფიგარო". იმავე წელს გამოიცა კრებული "პოეტი გრუზიი", რომლის შემდგენელი და რედაქტორი მიწიშვილი გახლდათ.
1922 წელს, თბილისში გამოიცა ნიკოლო მიწიშვილის პირველი წიგნი "წმინდანიანი". იმავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. ჯერ სტამბოლში იყო, სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი "შავი ვარსკვლავი". 1924 წელს პარიზში ჩამოაყალიბა „ქართველ ხელოვანთა კავშირი", ნიკოლო მიწიშვილი საფრანგეთში თანამშრომლობდა გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ "ახალ საქართველოსთან."
დაბრუნების შემდეგ, ნიკოლო მიწიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1926-28 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "ქართულ მწერლობას", იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ასევე ხელმძღვანელობდა სახელგამს. ბოლო წლებში რედაქტორობდა "ზარია ვოსტოკას".
როგორც ზემოთ აღინიშნა, ნიკოლო მიწიშვილი1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს კი დახვრიტეს. მაშინ სულ 41 წლისა იყო...
დეკემბრის აგონია
გარეთ ქარია. დეკემბერი უკრავს ჭიანურს.
და თეთრ ქალწულებს გაუმართავთ მინდვრად ბალეტი.
ჩემს ოთახში კი ფავნი ლოშნის დამთვრალ დიანოსს.
და ეშმაკურად იყურება ლურჯ სათვალეთი.
მე - ყაჩაღივით მაფრინდება მუხლებში დამბლა
და გახურებულ მარწუხებით ალურჯებს ძარღვებს.
უცნაურ ფიქრმა ხერხემალი სულ დამიდამპლა:
თავის ქალასაც ეს ფიქრები მალე გაარღვევს.
და მეშინია. მეშინია, ო, მეშინია.
ჩემი სახელი გუშინს აქეთ სულ მავიწყდება.
ცივდება ტვინი. სისხლის ჩქეფაც მალე მისწყდება:
მე კარგად ვიცი ეს რა არის, რისი ჟინია.
წუხელი ღამით ეს თითები ვერხვის ფოთლობდნენ.
ღებავდა სისხლი მოღალული ტუჩების მარჯანს.
სუსტი თვალები შავ სტრიქონებს ვეღარა ფლობდენ
და მე ვფიქრობდი, რომ ეს კვირა არ გადამარჩენს.
ვუცდი და ველი - ბედი როცა დამაყირავებს
და ამ ქვეყნიდან გამისტუმრებს თქვენი არული,
როცა გამყვება პროცესია მე ბულვარული
და მელოტები მოიხსნიან გადამსკდარ თავებს.
1919
სიყვარულს
ეგვიპტიდან მოტანილი ყალამუს,
ატირება დავრდომილი რითმების.
ვიცი - ბედი ჩემზე არ დაითმების,
არც ნაღველი ეღირსება მალამოს.
დამავიწყდა ქვეყანაზე რაც არი -
მეგობრები, სიხარული, სიამე.
ჭრილობანი გულზე დამესია მე,
რაც ავაგე შენი ტრფობის ტაძარი.
შენ გნახულობ კარის ეკლესიაში,
სადაც სწირავს დეკანოზი დიანოს,
განმიკითხე შენს მონათა სიაში,
ან მივიღებ რჯულს სამაჰმადიანოს.
უშენობით ვინ მიხილოს მცინარი,
შენს გადაღმა ქვეყნად რა დამრჩენია -
შენ გეძახი ფხიზელი თუ მძინარი,
საფლავშიაც ჩემი გული შენია.
გეძახი და კი ვერ გაგემხილები,
მემატება საწყენი საწყენზედა.
მესიზმრება შენი ოქროს ღილები -
ღვთისმშობელო მიმინოთი ცხენზედა.
1922
თვალები მტვერში
განწბილებული ჩემი დღეები
დასავლისაკენ ეშურებიან.
ჩამობურული ცის კუთხეები
წვიმებისაგან აღარ შრებიან.
ნუთუ წამება აღარ მეყოფა,
ნუთუ ცხოვრებამ სულ გაირბინა!
მე ვისი გული გადამეღობა,
აწ ჩემი გული ვინ გაიფინა.
ვის დავუშავე, ვის მოვერიე,
ან ვისი ცოდვა ავიღე თავზე:
ჩემი ცხოვრება მწარე მტვერია
და მტვერი - ჩემი თვალებით სავსე.
1922
0