თინათინ მღვდლიაშვილი პოეზიის საღამო თინათინ მღვდლიაშვილი პოეზიის საღამო />


  13:54:11     24-02-2012

თინათინ მღვდლიაშვილი პოეზიის საღამო

a15486.jpg

26 თებერვალს. კვირას, 17 საათზე სამების ტაძართან არსებული ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება პოეტ თინათინ მღვდლიაშვილი პოეზიის საღამო.

თინათინ მღვდლიაშვილს კარგად იცნობენ პოეზიის მოყვარულები.

მის კალამს ეკუთვნის საქვეყნოდ ცნობილი, სიმღერებად ქცეული ლექსები: „ხმალი ავლესოთ ქართველებო“, „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“, „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, „ქართველები შეარიგე მერაბ“, „ბიჭებო, დიდგულა ბიჭებო“, „ბედის ვარსკვლავო“, „ვედრება“...
 
პრესა.გე-ს მკითხველს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ თინათინ მღვდლიაშვილის ლექსებს. დღეს კი მისი ერთი, ცნობილი ლექსი გავიხსენოთ.

თინათინ მღვდლიაშვილი

აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით
გული გაიმაგრე, გული გაიმაგრე
გული გაიმაგრე დავით!

რა დაგვიტოვე და რას გახვედრებთ
რით მოვიწონოთ თავი
ვერ ვიდავითეთ, ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ დავით!

მიწა გაგვიყიდეს, ხორცი დაგვიფლითეს
გული ამოგვგლიჯეს ტანჯვით
გარეჯს გვიფეთქებენ, რუსთველს გვიგინებენ,
სულში გვაფურთხებენ დავით!

გადამთიელები, უცხოტომელები
ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით
,,გადამიარეთო' ასე დაგვიბარე
გადაგვიარეს დავით!

ვერ დავიცავით შენი საქართველო
ვერ მოვუფრთხილდით წამით
ხმალი დაგვიჟანგდა, სისხლი გაგვიწყალდა
დავპატარავდით დავით!

მტერმაც გვლეწა და ერთურთიც ვლეწეთ
ვლეწეთ დღისით და ღამით
ტაოს მივტირით, ჰერეთს მივტირით
სამცხეს მივტირით დავით!

კვნესის საქართველო, შენი საქართველო
გულში დაჭრილია ხარი
მუხლი მაგარი აქვს არ დაიჩოქებს
ნუ გეშინია დავით!

თბილისი მაინც ისევ თბილისობს
გელათი ისევ ყვავის
იბადებიან დღესაც ლეკვები
სადიდგორენი დავით!

აღმაშენებელო, თბილისს შემობრძანდი
თეთრი გიორგის მადლით,
მუმლი მუხასაო, მუმლი მუხასაო,
მუმლი მუხასაო დავით!

0

ავტორი: