09:06:17     24-02-2012
პროპუტინისტური და ანტიქართული ისტერია მოსკოვში

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საპრეზიდენტო კანდიდატების შეხვედრებისა და მიტინგების მთავარ თემად საქართველო რჩება. გუშინ, სრულიად რუსეთის არმიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა საქართველოზე ილაპარაკა, შემდეგ კი, წინასაარჩევნო აქციაზე, საქართველოს თემა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გააგრძელა. „მთელი საქართველო სისხლშია, მეექვსედ შეეცადნენ აფხაზეთის პერზიდენტის მოკვლას, ისინი არასოდეს დაწყნარდებიან, იქ ყოველთვის იქნება სამხედრო გადატრიალებები… როცა იქ 200 წელი რუსული არმია იდგა, სრული წესრიგი იყო…“ - განაცხადა პოლკოვნიკის ფორმაში გამოწყობილმა ჟირინოვსკიმ.
„და თქვენ გყოფნით სინდისი გააკეთოთ ოკუპაციის მუზეუმი? სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს როსტოვის სამხედრო ტრიბუნალი და მას როსტოვის ცენტრალურ მოედანზე ჩამოახრჩობენ…“ „სამხრეთ ოსეთი დაცვის ქვეშ ავიყვანეთ, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, 50 წლის შემდეგ იქაც გამოჩნდება თავისი სააკაშვილი და იქ მოგვიწყობს ოკუპაციის მუზეუმს. რატომ ვდგავართ ახლა იქ? ვიცავთ ოსებს… მაგრამ გავა 200 წელი და ვიღაც შეშლილი ცხინვალში ოკუპაციის მუზეუმს გახსნის! აი ისტორია. მაგრამ ჩემი წიგნები საუკუნეებით დარჩება… მე მივეცი მიმართულება რუსეთის საგარეო პოლიტიკას...“ „მე ყოველთვის ვწყევლი სტალინს… ამ ვიწროშუბლიან კავკასიელს, ლოთების გვარიდან, გორიდან, რომელსაც განათლება არ ჰქონდა…“
თავისი 40-წუთიანი გამოსვლის თითქმის ნახევარი ჟირინოვსკიმ საქართველოზე, მიხეილ სააკაშვილზე, თბილისის ოკუპაციის მუზეუმზე, სტალინზე, ცხინვალსა და სამხრეთ კავკასიაზე ისტერიკას მიუძღვნა და განაცხადა, რომ რუსეთმა ისევ უნდა დაიბრუნოს ეს ტერიტორიები, რომელიც მას „არასოდეს დაუპყრია“. თუმცა ამჯერად ჟირინოვსკის პირველი ამოცანა სწორედ სამხრეთ კავკასიის დაპყრობაა, საიდანაც ფიქრობს, რომ „რუსეთი ნატო-ს მუშტს მიიღებს“.
როცა ჟირინოვსკი ტრიბუნიდან სტალინს სწყევლიდა, პროპუტინისტები „ლუჟნიკებზე“ დაგეგმილ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე ასეთი ლოზუნგებით მიდოდნენ: „ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინსა და სტალინს“. ისტერია არც ამ მიტინგს დაჰკლებია, კულმინაციური მომენტი კი მაშინ დადგა, როცა ტრიბუნასთან თავად პუტინი მივიდა:
- გვიყვარს რუსეთი?
-კიიიიიიი.
- ჩვენ გავიმარჯვებთ?
- კიიიიიი.
-მოვკვდეთ მოსკოვთან, როგორც ჩვენი ძმები იღუპებოდნენ და ასრულებდნენ დადებულ ფიცს. ბრძოლა ჩვენზეა, ჩვენ გავიმარჯვებთ!...
პუტინის ყოველი ასეთი ამაღელვებელი სიტყვა წინასწარ ჩაწერილი აპლოდისმენტებით მთავრდებოდა, რომელიც ასამდე ხმის გამაძლიერებელში უფრო „ორგანიზებულად“ ისმოდა. მიტინგიც ისევე ორგანიზებულად დაიშალა, როგორც დაიწყო. პოლიციას რაიმე განსაკუთებული ზომების მიღება არ დასჭირვებია, რადგან ეს მორჩილთა შეკრება იყო. თუმცა შეკრების ორგანიზატორები სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში ერთი მეტად „სასიამოვნო“ მიზეზის გამო მიიწვიეს: მათ მიერ აქციაზე მიყვანილი ხალხის ოდენობამ მიტინგის განაცხადში მითითებულ რაოდენობას გადააჭარბა. შესაძლოა, ამ ადმინისტრაციულ ჯარიმას, უკვე მეორედაც ისევ ვლადიმერ პუტინი გადაიხდის.
0