07:09:05     24-02-2012
სამი თემა რუსეთში, რომელზე წერაც სახიფათოა

ბრიტანული გაზეთ „გარდიანის“ ჟურნალისტმა ლუკ ჰარდინგმა ამერიკის კონგრესში ბრიფინგი გამართა და ის 3 თემა დაასახელა, რომელზე წერაც რუსეთში აკრძალულია.
ის მოსკოვში მუშაობდა, თუმცა 2011 წელს არასასურველ პერსონად იქცა. თუ რის გამო, ამის შესახებ ჰარდინგი კონგრესიის ჰელსინკის კომისიას დეტალურად მოუყვა. მისი ისტორია რუსულ „ფსბ“-ს უკავშირდება. ჟურნალისტის მონათხრობი თავისი არსით ძალიან ჰავდა ამბავს „მაფიოზური სახელმწიფოდან“.
ჰარდინგის აზრით, რუსეთში არის 3 აკრძალული თემა, რომელთა გაშუქებაც საშიშია. ეს არის კორუფცია, ჩეჩნეთის პრეზიდენტი კადიროვი და რუსეთის სპეცსამსახურები. ჰარდინგის თქმით „ფსბ“ აგრძელებს „კგბ“-ს, „ენკავედესა“ და „ჩეკას“ მეთოდებით მუშაობას და არცთუ იშვიათად აღწევს თავის მიზანს. ფსიქოლოგიური ზეწოლა კი თვითცენზურას ავითარებს.
ბრიტანელი ჟურნალისტის აზრით, ეს სიტუაცია არ შეიცვლება რუსეთში, ვიდრე მის სათავეში ვლადიმერ პუტინია. „პუტინი განწირულია სამუდამო პრეზიდენტობისთვის იმავე კორუფიისა და ქურდობის სისტემისაგან, რომელზეც ის თავის მმართველობას ამყარებს“ - თქვა მან.
ჰარდინგი „გარდიანის“ სპეცკორესპონდენტად რუსეთში რამდენიმე წელი მუშაობდა. ის წერდა ლიტვინენკოს საქმეზე, ეხმარებოდა ოპოზიციას პუტინის მეგობარ გენადი ტიმჩენკოს წინააღმდეგ საქმეში.
მისი ქვეყნიდან გაძევება რამდენჯერმე სცადეს. ღიადაც უთხრეს, რომ მასალებს „არასწორი მიმართულებით“ წერდა. 2010 წლის ნოემბერში რუსეთში მისი შეშვება არ უნდოდათ, მაგრამ საქმეში ბრიტანეთის მთავრობა ჩაერია და კონფლიქტი ამოიწურა. ტელეკომპანია „დოჟდის“ კორესპონდენტს ჰარდინგი თავად მოუყვა, თუ როგორ ერეოდნენ სპეცსამსახურები მოსკოვში ყოფნისას მის ცხოვრებაში: ხან ბინას უტეხავდნენ, ხან ემუქრებოდნენ.
2010 წელს ის ინგუშეთში დააკავეს, - მას შემდეგ, რაც დაღესტანში ინტერვიუ ჩაწერა მარია შარიპოვას მამასთან, თვითმკვლელთან, რომელმაც მოსკოვის მეტროში ბომბი ააფეთქა.
ერთი წლის წინ, ჰარდინგს კვლავ უარი უთხრეს ერთწლიან ვიზაზე და „გარდიანის“ რედაქციამ გადაწყვიტა, საერთოდ აღარ გაეგზავნა ახალი კორესპონდენტი რუსეთში. ჰარდინგმა კი წიგნი დაწერა, რომელშიც, ისევე როგორც აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას, განაცხადა, რომ რუსეთის უკეთესი მომავლისთვის კრემლში ცვლილებებია საჭირო.
0