06:05:50     24-02-2012
წუღრუღაშენი (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)
წუღრუღაშენი, XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. წმიდა გიორგის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ეკლესია ბოლნისის რაიონში, სოფელ ქვემო ბოლნისიდან ორიოდე კილომეტრში, მთის ფერდზე მდებარეობს. ტაძარი მდინარე ფოლადაურის ხეობის მარჯვენა მხარეს დგას.
ძეგლზე ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ტაძარზე მხოლოდ სამი ვრცელი წარწერაა, სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ მიუთითებს ზუსტ ცნობებს- ტაძრის აგების თარიღისა და ამგების შესახებ. თუმცა წარწერებში მოხსენიებულია ,,მეფეთა მეფე გიორგი’’, რომელიც მეცნიერთა ვარაუდითა და ტაძრის სტილისტური ანალიზით, მეფე ლაშა-გიორგია. ე.ი ძეგლი თამარ მეფის ძის მოღვაწეობისას 1212-1222 წლებში აშენებულა. მოგვიანებით, უკვე XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წუღრუღაშენის ეკლესიას მონასტრად იხსენიებს. „პირისპირ ამ ეკლესიისა (ბოლნისის სიონი) არის მონასტერი წუღრუღაშენისა, გუმბათიანი, მშვენივრად ნაშენი მშვენიერს ადგილას და აწ უქმ არს“.
ტაძრის მაღალღეროვან გუმბათის ყელს საქართველოში მსგავსი არ მოეძებნება. გამორჩეულია ფასადების დეკორით. წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელსაც ძლიერ აზიდული პროპორციები აქვს. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან. ჯვრის მკლავები დასავლეთით და აღმოსავლეთით გრძელია, სამხრეთით და ჩრილოეთით კი მასზე მოკლე. ჩრდილოეთის მხარეს ეკლესიას მოგვიანო ხანის მინაშენი აქვს, როგორც ჩანს, საგავარეულო საძვალე-ეკვდერი. მინაშენის კედლები და კამარა ნაგებია სხვადასხვა ზომის ყორექვით, თლილი ქვა კი გამოყენებულია ისეთ ადგილებში როგორიცაა: თაღები, პილასტრები, აფსიდის და დასავლეთი კარის წირთხლები. ეკლესიაში სამხრეთ კედელში, კარის გვერდით არის ნიში, ე.წ სამალავი, სადაც ჩადგმულ ქვაზე გამოსახულია ბოლნური ჯვარი მოჩუქურთმებულ წრეში და ქართული წარწერა.
ეკლესიის შენებისას დიდი სიფაქიზით გამოუყენებიათ ბუნებრივად ფერადი ქვები. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი კვადრებით.
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე უცხო არ არის შინაურ და გარეულ ცხოველთა, ლომის, ცხვრის, ირმის.. გამოსახულებების აღმოჩენა. წუღწუღაშენის ტაძარზე კი გამოსახულია სახედარი ტვირთით, რაც შეიძლება იმის მაუწყებელი იყოს, რომ ტაძრის მოსაპირკეთებელ მასალებს სახედრით ზიდავდნენ.
წუღრუღაშენის ტაძარი წლების მანძილზე უკაცრიელი გახლდათ. ამ პერიოდში საგრძნობლად დაზიანდა ტაძარი. დღეს კი აქ მამათა მოქმედი მონასტერია და ბოლნისის ეპარქიას ექვემდებარება.
„ამბიონი.ჯი“
0