14:39:31     23-02-2012
დავით უსუფაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს „უსინდისოები” უწოდა

ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მხრიდან, ქართველი ჟურნალისტების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები არ წყდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემაში „დიალოგი“, დავით უსუფაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს „უსინდისოები“ უწოდა.
„საქართველოს ხელისუფლებამ, სწორედ უსინდისო ჟურნალისტების, უსინდისო პოლიციელების და უსინდისო სპეცჯგუფების დამსახურებით მოახერხა ხალხის დაშინება“ – განაცხადა რესპუბლიკელმა უსუფაშვილმა ეთერში.
დავით უსუფაშვილი გადაცემაში კოალიცია „ქართული ოცნების“ სადამფუძნებლო დეკლარაციის პუნქტებზე საუბრობდა, თუმცა ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ დავიწყნია.
საინტერესოა, თუ შეძლებდა ბატონი უსუფაშვილი იმ ჟურნალისტების გვარების დასახელებას, რომლებიც მის თვალში „უსინდისოები“ არიან? ტელეწამყვანი დავით პაიჭაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ივანიშვილის კოალიციის წევრი პოლიტიკოსები, მიდიან ჟურნალისტებთან წინასწარი განწყობით, რათა მათში დაინახონ არა ჟურნალისტები, არამედ რომელიმე ბანაკის წარმომადგენლები.
„არ მიყვარს ჰიპოთეზებით საუბარი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ შალვა რამიშვილის ნაცვლად, რომელიმე ნაციონალური არხის ჟურნალისტს რომ დაესვა უსუფაშვილისთვის კითხვა, მისი კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანების შესახებ, მისი რეაქცია იქნებოდა სულ სხვანაირი. რამიშვილთან ის იყო მშვიდი, რადგან მასთან კლასობრივად ახლოა და „მისიანია“. მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკოსების პრობლემა, როდესაც მედიას ახარისხებენ „ჩვენიანი“ და „მისიანის“ პრინციპით“.
მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი მზად უნდა იყოს, უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ჟურნალისტი.
პაიჭაძე „პრესა.ჯი“–სთან საუბრისას ამბობს, რომ უსუფაშვილი დიდი ხანია მისი რესპონდენტია და მისგან ყოველთვის ელის სიხისტეს. „არა მგონია მისი წარმოდგენები და განცხადებები ჟურნალისტების თაობაზე საზოგადოებაზე რაიმე გავლენას ახდენდეს. ვფიქრობ, რომ მსგავსი გამოსვლებით, საზოგადოებას უფრო ჩამოუყალიბდება კონკრეტული აზრი დავით უსუფაშვილზე“.
უსუფაშვილის განცხადებაზე „პრესა.ჯი“–სთან კომენტარს აკეთებს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მათე კირვალიძეც: „ღმერთმა ხელი მოუმართოს. მისი გადმოსახედიდან შეიძლება ჟურნალისტები არიან უნამუსოები და საზოგადოების გადმოსახედიდან კი სხვა ადამიანები“.
„პრესა.ჯი“ შეეცადა გაერკვია იზიარებენ თუ არა დავით უსუფაშვილის შეფასებას ჟურნალისტებზე კოალიციის პრესსამსახურში.
„ქართული ოცნების“ პრესცენტრის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა განგვიცხადა, რომ მას არ მოუსმენია ეს განცხადება და როცა ნახავს, კომენტარს შემდეგ გააკეთებს.
ოლიგარქის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, ნონა ყანდიაშვილთან დაკავშირება კი ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან მას მობილური ტელეფონი გამორთულია აქვს და თან „პრესა.ჯი“–ზე განაწყენებულია.
ალბათ, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერსს, მაია ფანჯიკიძესაც მოუწევს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. ბოლო დროს, კოალიციის მხრიდან ჟურნალისტების მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები ხშირად ისმის.
ბიძინა ივანიშვილს, რომ პარაფრაქსის პრობლემა აქვს, ეს არავისთვის არის უცხო. ხშირად ისეთი წინადადებები (და არა სიტყვები) წამოსცდება ხოლმე, რომ მის გარემოცვას თავის მართლება რამდენიმე დღის განმავლობაში უწევს. ბოლო მისი წამოცდომა კი, ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით იყო. შეკითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდა პარტიის პირველ ნომრად დაანონსებული ეკატერინე ხვედელიძე საინიციატივო ჯგუფის წარდგენაზე, ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ არ იყო საჭირო „ჩემი ეკა“ ჟურნალისტებს ხლებოდა.
0